შემცირებული ხელფასები

AutoSharing Option

ჩვენ რეგულარულად გთავაზობთ ცნობილი ბრიტანელი ექსპერტისა და კომენტატორის ჯეიმს ალენის ანალიზს ფორმულა 1-ის მიმდინარე ჩემპიონატის შესახებ. ამჯერად, ალენი შეეცადა გაერკვია, რამდენად შეეხო ეკონომიკური კრიზისი ავტომრბოლთა ხელფასებს...
ჯეიმს ალენი: "ადრე ასეთი საკითხები ნაკლებად მაინტერესებდა, მაგრამ ახლა გარკვეული ცნობები შევაგროვე, ფორმულა 1-ში კომპეტენტურ ადამიანებს აზრი ვკითხე და მეტად საინტერესო ინფორმაცია მივიღე. ეს სულაც არ არის ამომწურავი ცნობები და მხოლოდ პილოტების აგენტების, მათი მენეჯერებისა და გუნდების წარმომადგენლების შეფასებებს ემყარება. მაგრამ გარკვეული წარმოდგენის მიღება მაინც შეიძლება.

როგორც წესი, მრბოლელის შემოსავალის 70 პროცენტი ფიქსირებულ ჰონორარს

წარმოადგენს, 30 პროცენტი - პრემიალური ბონუსებია. მათი ოდენობა დამოკიდებულია პოდიუმებისა და გამარჯვებების რიცხვსა და ჩემპიონატში დაკავებულ ადგილზე. სავარაუდოდ, ერთადერთი გამონაკლისია "რედ ბული", სადაც ჰონორარი მხოლოდ 40 პროცენტია და 60 პროცენტი ეკუთვნის საპრიზო ბონუსებს. ალბათ, ამიტომაც არის, რომ ამ გუნდის პილოტები ყველაზე მეტად განიცდიან გამარჯვების ხელიდან გაშვებას.

თუ ფულზე ვილაპარაკებთ, ამ საკითხში "რედ ბული" ცდილობს სებასტიან ფეტელი და მარკ უებერი თანაბარ პირობებში იყვნენ: ჰონორარის სახით, თითოეული 3.5 მილიონ ევროს იღებს. მიმდინარე სეზონის შედეგების გათვალისწინებით, ეს თანხა, ალბათ, გაორმაგდება.

უებერმა ოთხი გრან-პრი მოიგო და სათავეში უდგას საერთო ჩათვლას, ფეტელს კი ორი გამარჯვება აქვს და თანაგუნდელს ბევრით არ ჩამორჩება. მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ პილოტების შემთხვევაში მატერიალურ სტიმულს ნაკლები მნიშვნელობა აქვს - ორივენი მონდომებით იბრძვიან გამარჯვებისთვის და ტიტულის მოპოვება უნდათ, რადგან ყველაზე სწრაფი მანქანა ჰყავთ ჩემპიონატში.
გასული სეზონის ბოლოს ბევრი პილოტი გადაიდოდა გუნდიდან გუნდში და საჯინიბოების ხელმძღვანელები ყველანაირად ცდილობდნენ, როგორმე დაბლა დაეწიათ პილოტთა ჰონორარების საშუალო მაჩვენებელი. ეს ყველაფერი გლობალური ფინანსური კრიზისისა და ფორმულა 1-დან მდიდარი ავტოკონცერნების - "ტოიოტასა" და BMW-ის წასვლის ფონზე ხდებოდა. მაშინ გუნდებმა რესურსების შემცირების შეთანხმებას მიაღწიეს. ეს არ ეხებოდა პილოტების სახელფასო ბიუჯეტსა და მარკეტინგს, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბოსები ყველაზე ძვირადღირებული პილოტების შემოსავლების შეკვეცასაც აპირებდნენ.

მოტყუებული რომ არ დარჩენილიყვნენ, პილოტების აგენტები ერთმანეთს ინფორმაციებს უცვლიდნენ. მიუხედავად ამისა, მათი კლიენტები იძულებულნი გახდნენ ნაწილობრივ შემცირებულ ჰონორარებს დათანხმებულიყვნენ. ეს პროცესი ფორმულა 1-ში საერთო დანახარჯების შემცირების პროცესს დაუკავშირეს.

ლუის ჰემილტონს გაუმართლა, რადგან მან ხუთწლიანი კონტრაქტი 2007 წლის შემოდგომაზე, ეკონომიკური პიკის პერიოდში მოაწერა. ამ დროს მას უკვე ჩატარებული ჰქონდა სენსაციური სადებიუტო სეზონი. გარდა ამისა, ბრიტანელმა სარეკლამო კონტრაქტები გააფორმა კომპანიებთან - Bombardier Aerospace-თან და Reebok-თან, რასაც მისთვის წელიწადში 3 მილიონი ევრო მოაქვს. ასე რომ, შეიძლება ითქვას, ჰემილტონი ყველაზე ნაკლებად დააზარალა ეკონომიკურმა კრიზისმა.

რა თქმა უნდა, დიდი შემოსავლები აქვს ფერნანდო ალონსოს. ძალიან რთული გასარკვევია, რამდენს უხდის ესპანელს "ფერარი" და რამდენს - ბანკი Santander. რეალურია ციფრები, რომელიც საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა მომაწოდეს: სეზონში ფერნანდოს შემოსავალი 12-15 მილიონ ევროს უდრის.

ფელიპე მასამ ცოტა ხნის წინ ორი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი "სკუდერიასთან" და ის ძალაში 2011 წლიდან შევა. მოქმედი ხელშეკრულება კი 2007 წლიდან მოქმედებს და მისი მიხედვით, ბრაზილიელის წლიური შემოსავალი საკმაოდ სოლიდურ მაჩვენებელს - 12 მილიონ ევროს უახლოვდება. დარწმუნებული არ ვარ, რომ მომავალი წლიდან მასა ასეთივე თანხას მიიღებს: სავარაუდოდ, ბრაზილიელს ახალ ეკონომიკურ რეალობასთან მოუწევდა შეგუება, თანაც გასათვალისწინებელია მისი დღევანდელი შედეგები.

ჯენსონ ბატონი "ბრაუნ გრან-პრიდან" "მაკლარენში" ჩემპიონის რანგში გადავიდა და ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ფინანსური. ახლა ბრიტანელ პილოტს 8 მილიონ ევროს უხდიან და ეს დიდი პროგრესია წინა წელთან შედარებით - ბატონის ხელფასი "ბრაუნში" 3 მილიონს უდრიდა. თუმცა "ჰონდაში" გამოსვლისას ჯენსონის შემოსავალი ახლანდელს უტოლდებოდა - 7-8 მილიონი ევრო.
პარადოქსია, მაგრამ ყველაზე დიდი შემოსავალი კიმი რაიკონენს აქვს, რომელიც ფორმულა 1-ში აღარ გამოდის. შარშან, კონტრაქტის დარღვევისთვის "ფერარი" მას 19 მილიონ ევროს სთავაზობდა. ეს თანხა იმ შემთხვევაში შემცირდებოდა, თუ ფინელი სხვა სამუშაოზე გადავიდოდა. კიმიმ რალის ჩემპიონატი აირჩია და ახლა შესანიშნავად გრძნობს.

რაიკონენი "სიტროენში" 10 მილიონ ევროს იღებს, "ფერარი" კი ამ თანხას 9 მილიონს უმატებს. თუმცა ძველ დროში კიმი "სკუდერიაში" 30 მილიონს იღებდა. საინტერესოა, რა დრო უნდა გავიდეს, რომ ხელფასები ამ დონეს დაუბრუნდეს?

რთული აღმოჩნდა მიხაელ შუმახერის ხელფასის შესახებ ცნობების შეგროვება, თუმცა "მერსედესში" ირწმუნებიან, რომ ლეგენდარულ გერმანელს იმაზე ნაკლებს უხდიან, ვიდრე შუმი "ფერარიში" იღებდა - იტალიურ გუნდში მისი ხელფასი დაახლოებით 25 მილიონი იყო. მიხაელის გუნდში ყოფნა სპონსორების მოზიდვის გარანტიაა, ასე რომ, შუმახერს 10 მილიონზე ნაკლები არ ექნება.

წამყვან გუნდებს მომავალი ჩემპიონატისთვის შემადგენლობები დაკომპლექტებული აქვთ, ამიტომაც მსხვილ საკადრო ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, შესაბამისად, წლევანდელი ზამთარი ღარიბი იქნება დიდი კონტრაქტების მხრივ".

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული