უებერმა პროსტს გაუსწრო

AutoSharing Option
"რედ ბულის" პილოტმა მარკ უებერმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ თანამედროვე რბოლებში ძალიან მნიშვნელოვანი გახდა სტრატეგიის ფაქტორი.

ავსტრალიელი ნატრობს რომანტიკული სპორტის დაბრუნებას, როცა პილოტები მუდმივად რისკავდნენ და ტრასიდან გადავარდნის საშიშროების მიუხედავად უტევდნენ წინ მიმავალ კონკურენტს. საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე მყოფი უებერი დარწმუნებულია, რომ სწორედ ასეთი სპორტი მოსწონთ გულშემატკივრებს.

"მე მხარს დავუჭერდი ნაკლები პიტსტოპის იდეას, შეტევების რიცხვის გაზრდასა და თუნდაც უფრო ხშირად ბოლიდების ტრასიდან გადავარდნას. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მეტი რბოლა და ნაკლები სტრატეგია, - აცხადებს ავსტრალიელი. - დავაბრუნებდი პიტსტოპების დროს
საწვავის შევსებას - მანქანის მართვა უფრო იოლია, როცა ის ნაკლებს იწონის. ძრავებიც უფრო მძლავრი უნდა იყოს, რადგან მაყურებელს ხმაური მოსწონს. 80-იანი წლები - საუკეთესო პერიოდი იყო, რადგან ოპტიმალური ბალანსი არსებობდა უსაფრთხოებასა და ექსტრიმს შორის".

* * *
მარკ უებერი ამჟამად იტალიისა და საფრანგეთის საზღვარზე, მთებში ატარებს არდადებებს. ცნობილია, რომ ავსტრალიელი სამთო ველოსპორტით არის გატაცებული და აქაც უარი არ თქვა ამ გასართობზე. თანაც "რედ ბულის" პილოტს პარტნიორიც ჰყავდა - მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ლეგენდარული ალენ პროსტი.
ისინი ერთმანეთს შეეჯიბრნენ და უებერმა დიდი მანძილით ჩამოიტოვა უკან 56 წლის მეტოქე. "დღეს გავერთეთ. ძალიან ლამაზ ადგილას ველოსიპედით ალენ პროსტს შევეჯიბრე. მე უკვე კომპიუტერთან ვზივარ, ის კი ჯერ ფინიშამდე არ მოსულა", - დაწერა "ტვიტერზე" მარკმა.

* * *
რაც შეეხებს უებერის თანაგუნდელს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს სებასტიან ფეტელს, ის გაცილებით კომფორტულ ადგილას ისვენებს. კერძოდ, "რედ ბულის" ლიდერი ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერის ბერნი ექლსტოუნის პირად იახტაზე შეამჩნიეს.

მოყვარულმა ფოტოგრაფმა, რომელმაც შესაბამისი სურათი მიაწოდა გერმანულ ტაბლოიდ "ბილდს", აღიარა, რომ არც კი იცოდა ვის უღებდა ფოტოს: "წარმოდგენა არ მქონდა ვის გადავუღე ფოტო. უბრალოდ ახალ ობიექტივს ვამოწმებდი".

* * *
ამასობაში კი ბერნი ექლსტოუნს კვლავ პრობლემები აქვს. გერმანელი სამართალდამცავები აგრძელებენ ფორმულა 1-ის კომერციული უფლებების გაყიდვისა და გერჰარდ გრიბოვსკის მიერ ქრთამის აღების საქმის გამოძიებას, მაგრამ გუშინ ბრიტანულმა პრესამ დაწერა, რომ "სამეფო რბოლების" ფაქტობრივ მფლობელს კიდევ უფრო სერიოზული სარჩელი წაუყენა კომპანია Constantin Medien AG-მა.

კომპანიის იურისტები ამტკიცებენ, რომ მაქინაციების შედეგად Constantin Medien AG-მა 100 მილიონი დოლარის ოდენობის პოტენციური მოგება დაკარგა. სწორედ ამ თანხის ანაზღაურებაზე შევიდა სარჩელი ლონდონის სასამართლოში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართალია ვებერი, ძველი F1-ის რბოლებს რომ ვუყურებ განსხვავებას ეგრევე ვგრძნობ. ფული და პოლიტიკა სულ იყო, მარგამ დღეს უკვე რბოლის ადრენალინიც დაჩრდილა :( უხხ ბებერი ბერნიიი...
Irakli
13:38 19-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული