შვიდი გრან-პრი, შვიდი ტრასა, შვიდი სცენარი...

AutoSharing Option

მიმდინარე ჩემპიონატი კვირანახევარში ბელგიის გრან-პრით განახლდება. პირველობის დასრულებამდე შვიდი ეტაპია დარჩენილი და ავტოსპორტის სამყარო პროგნოზების ნაკლებობას არ განიცდის. მოვლენათა განვითარების საკუთარი სცენარი გააჩნია გერმანულ ჟურნალ Auto Motor und Sport-ს, რომელიც მიიჩნევს, რომ სამ ავტოდრომზე უპირატესობა ლიდერ "რედ ბულს" ექნება...
ჰოკენჰაიმსა და ბუდაპეშტში გამართულმა რბოლებმა დაგვანახეს, რომ ტრასის მახასიათებლებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. გერმანიისა და უნგრეთის ეტაპებს შორის ერთკვირიანი შესვენება იყო და ამ დროის განმავლობაში მანქანები სერიოზულად ვერ შეიცვლებოდა, მიუხედავად ამისა, გერმანიაში თანაბარი ბრძოლის შემდეგ, "რედ ბულის" პილოტებმა ბუდაპეშტში სერიოზული უპირატესობა მიიღებს.

"ერთადერთი განსხვავება - სხვადასხვა ტრასებია", - განაცხადა უნგრეთში სებასტიან ფეტელმა.
ვნახოთ, დარჩენილი ტრასების მახასიათებლები რომელ გუნდს მოუტანს უპირატესობას.

სპა
მონრეალის მსგავსად, ბელგიის ტრასა დიდ მოჭიდების ძალას არ მოითხოვს, ხოლო, რაც ნაკლებია მოჭიდების ძალა, მით უფრო მცირეა "რედ ბულის" უპირატესობა. ეს კანადაში შესამჩნევი იყო, როცა "მაკლარენისა" და "ფერარის" მანქანები ძალიან სწრაფები აღმოჩდნენ. შესაძლოა, ძალთა ანალოგიური თანაფარდობა ვიხილოთ სპაზეც. შარშან ბელგიაში ფეტელი მესამე ადგილს დასჯერდა.
"მეორე სექტორში საშუალო სიჩქარის მოსახვევებში სწრაფები ვიქნებით, მაგრამ, შესაძლოა, წავაგოთ სწორ მონაკვეთებზე", - ამბობს "რედ ბულის" შეფი კრისტიან ჰორნერი.
"ფერარისა" და "მაკლარენის" კონკურენტუნარიანობა ინჟინრების შრომაზე იქნება დამოკიდებული - თუ ტექნიკური ჯგუფი ახალი დიფუზორების პრობლემას მოაგვარებს ბოლიდები სისწრაფეს მოუმატებენ.
პროგნოზი: 1. ფერარი, 2. რედ ბული. 3. მაკლარენი.

მონცა
იდეალური ტრასა "ფერარისთვის". ეს არის ყველაზე სწრაფი ავტოდრომი კალენდარში და ის უნიკალურ აეროდინამიკას მოითხოვს. "სკუდერიას" მანქანები სწრაფები არიან სწორ მონაკვეთზე, ეფექტურად მოქმედებენ დამუხრუჭებისას და აჩქარებისას - ეს სამი ფაქტორი გადამწყვეტი იქნება მონცაში. "რედ ბულის" ნაკლი იქნება "რენოს" ძრავების არასაკმარისი სიმძლავრე.
პროგნოზი: 1. ფერარი, 2. მაკლარენი. 3. რედ ბული.

სინგაპური
სინგაპური - თითქმის მონტე კარლოა. ნელი, დაკლაკნილი ტრასა არასწორი ასფალტით, რომელიც დიდ მოჭიდების ძალას მოითხოვს. უპირატესობა ისევ "რედ ბულის" მხარეს გადავა. ვერცერთი სხვა მანქანა ვერ უმკლავდება ასე კარგად უსწორმასწორო საფარს.
შეიძლება დაგვაბნიოს ლუის ჰემილტონის შარშანდელმა გამარჯვებამ, მაგრამ "მაკლარენის" მანქანის აეროდინამიკას ძალიან მცირე ეფექტურობა აქვს. "ფერარიმ" სერიოზულად წააგო "რედ ბულთან" უნგრეთის ნელ ტრასაზე, მაგრამ სინგაპურში, წესით კონკურენტუნარიანი უნდა იყოს.
პროგნოზი: 1. რედ ბული, 2. ფერარი. 3. მაკლარენი.

სუზუკა
იაპონიის ტრასა კარგად ერგება "რედ ბულის" ბოლიდებს. შარშან სებასტიან ფეტელი დომინირებდა რბოლაში და წელსაც ძალიან სწრაფი იქნება. გრძელი მოსახვევები - "რედ ბულის" კოზირია. პირველ სექტორში ამ გუნდს შეუძლია იმხელა უპირატესობა მოიპოვოს, რომ წრის ბოლოს ორ-სამი მეათედი წამის წაგება საგანგაშო არ იქნება.
საშუალო და სწრაფ მოსახვევებში "მაკლარენმა", შესაძლოა, უპირატესობა მოიპოვოს "ფერარიზე", ოღონდ ინჟინრებმა უნდა იყოჩაღონ დიფუზორთან დაკავშირებით.
პროგნოზი: 1. რედ ბული, 2. მაკლარენი. 3. ფერარი.

კორეა
ეს არის ერთადერთი ტრასა, სადაც პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. ტრასას სამი გრძელი სწორი მონაკვეთი აქვს. ერთ-ერთის სიგრძე 1250 მეტრს აღწევს, რაც "მაკლარენს" აწყობს. ეს მონაკვეთები ერთმანეთს ვიწრო მოსახვევებით უკავშირდება, ამიტომაც ბევრი აჩქარება და დამუხრუჭება იქნება - ეს უკვე "ფერარის" აძლევს ხელს. ტრასის მეორე ნახევარი შედგება ბევრი საშუალო და ნელი მოსახვევებისგან და ის უნგრეთის "ჰუნგარორინგს" მოგვაგონებს.
საერთო ჯამში, ავტოდრომი "ისტამბულ-პარკს" ჰგავს - ოდნავ მეტი უპირატესობა "ფერარის", ოდნავ ნაკლები "რედ ბულს", ხოლო "მაკლარენს" სწორ მონაკვეთზე შეუძლია აღიდგინოს მოსახვევებში დაკარგული დრო.
პროგნოზი: 1. რედ ბული და მაკლარენი. 3. ფერარი.

ინტერლაგუში
ბრაზილიური რბოლა ყოველთვის არაპროგნოზირებადია და აქ ბევრი რამ ამინდზეა დამოკიდებული. თუ წვიმა წამოვიდა, ძალთა თანაფარდობა ნებისმიერი შეიძლება იყოს, მშრალ ამინდში კი ოდნავ უპირატესობას "მაკლარენი" მიიღებს - სწორი მონაკვეთები აქ უფრო მეტია, ვიდრე მოსახვევები.
ნელ უბნებზე "რედ ბული" ჩამორჩენას აინაზღაურებს, მაგრამ გრძელი მონაკვეთები "მაკლარენს" ჰაერგამტარის უპირატესობის რეალიზების საშუალებას მისცემს. "ფერარის" მანქანებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან. ბევრს გადაწყვეტს ამინდი და სტრატეგია.
პროგნოზი: 1. მაკლარენი, 2. რედ ბული. 3. ფერარი.

აბუ დაბი
აბუ დაბიში სწრაფი მოსახვევები არ არის, მაგრამ აქვეა სამი გრძელი სწორი მონაკვეთი და სერიოზული დამუხრუჭების ბევრი წერტილი. ტრასა თითქმის კილომეტრით გრძელია "ჰოკენჰაიმრინგზე", თუმცა მსგავსება არსებობს და ეს "ფერარის" უნდა დაეხმაროს.
ამასთან, შარშან აქ "რედ ბულის" გამარჯვება იმაზე ლაპარაკობს, რომ ეს გუნდიც კონკურენტუნარიანი იქნება. "ფერარისა" და "რედ ბულის" უპირატესობა აჩქარებაში უფრო დამაჯერებელი ფაქტორია, ვიდრე "მაკლარენის" ჰაერგამტარი.
პროგნოზი: 1. ფერარი, 2. რედ ბული. 3. მაკლარენი.

დასკვნა
"რედ ბულს" უკეთესი შანსები აქვს, მით უმეტეს, რომ მარკ უებერი და მისი გუნდი ზაფხულის არდადეგების შემდეგ ლიდერის რანგში ბრუნდებიან. შვიდი დარჩენილი ტრასიდან სამში - სინგაპურში, სუზუკასა და კორეაში "რედ ბულს" უპირატესობა უნდა ჰქონდეს. მის გამოყენებას შეიძლება ხელი შეუშალოს შეცდომებმა ან ტექნიკურმა პრობლემებმა. ან "ფერარისა" და "მაკლარენის" მხრიდან პროგრესმა.
ამ ორი გუნდის ამოცანაა - მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი შანსები. სპაში, მონცასა და აბუ დაბიში "ფერარის" აუცილებლად ექნება გამარჯვების შანსი, მაგრამ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ახალ დიფუზორთან მუშაობაზე. "სკუდერიას" შეცდომის უფლება არ აქვს - ნებისმიერი ჩავარდნა გუნდს, შესაძლოა, ტიტულის დაკარგვად დაუჯდეს.
"მაკლარენს" სერიოზული პროგრესი სჭირდება და თუ ეს გუნდი ტექნიკური თვალსაზრისით წინ გადადგამს ნაბიჯს, შეძლებს გამარჯვებისთვის ბრძოლას.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული