არგენტინა "სამეფო რბოლებს" უმიზნებს

AutoSharing Option
უკანასკნელად არგენტინაში ფორმულა 1-ის ეტაპი 1998 წელს ჩატარდა და ახლა, ეს ქვეყანა, შესაძლოა, 2014 წელს დაბრუნდეს "სამეფო რბოლებში".

სწორედ ამ დროისთვის დასრულდება ბუენოს აირესის ახლოს ფორმულა 1-ის ახალი ტრასის მშენებლობა.

არგენტინის დედაქალაქიდან 100 კილომეტრით დაშორებულ დაბა სარატეში გაიმართა საზეიმო ცერემონია, რომელიც ახალი ავტოდრომის - Velociudad Speedcity-ის მშენებლობის დაწყებას მიეძღვნა. მომავალი ტრასის სიგრძე 4.7 კილომეტრი იქნება. პროექტის ავტორია ცნობილი ბრიტანული არქიტექტურული ბიურო - Populous.

"ჩვენი მიზანი უნივერსალური ტრასის შექმნაა, რომელიც უმასპინძლებს მოტოგრანპრის ეტაპებს, ლე მანის ტიპის რბოლებს ამტანობაზე და ა. შ.
თუ პრომოუტერები იყოჩაღებენ, აქ ფორმულა 1-ის რბოლის ჩატარებაც იქნება შესაძლებელი", - ამბობს Populous-ის წარმომადგენელი ჯონ როუდსი.

პროექტი 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული და ის ორ ეტაპად განხორციელდება. თავდაპირველად აშენდება მძღოლების მომზადების ცენტრი (პირველად სამხრეთ ამერიკაში), დაიგება 3.1 კილომეტრის ტრასა და მოეწყობა ბოქსები.

მეორე ეტაპზე ტრასის სიგრძე გაიზრდება, რაც ორგანიზატორებს ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის ლიცენზიის მიღებისა და საერთაშორისო რბოლების ჩატარების საშუალებას მისცემს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული