ლუის ჰემილტონი: ეს რბოლა გუნდმა მოიგო

AutoSharing Option
ცვალებადმა ამინდმა ბელგიის გრან-პრის მსვლელობაში თავისი კორექტივები შეიტანა, მაგრამ ლუის ჰემილტონს ვერაფერი დააკლო - "მაკლარენის" ბრიტრანელმა პილოტმა რბოლის სტარტი მოიგო, მთელი დისტანციის განმავლობაში ლიდერობდა და ჩემპიონატის ლიდერობაც დაიბრუნა.
"ბრწყინვალე უიქ-ენდი იყო. არადა რბოლა ურთულესი გამოდგა. ღმერთს ერთადერთს ვთხოვდი - რაიმე ექსცესი არ მომხდარიყო. თავიდან მოვლენები ჩემთვის სასიკეთოდ ვითარდებოდა, მაგრამ როცა იწვიმა, საბურავები თანდათანობით ცივდებოდა და მოსახვევებამდე უკვე ვარაუდით, ალალბედზე ვამუხრუჭებდი. მერვე მოსახვევში გვიან დავამუხრუჭე, ბორბლები დავბლოკე და ტრასის მიღმა აღმოვჩნდი, თუმცა კედელთან სერიოზულ კონტაქტს თავი მაინც ავარიდე – წინა ფრთა
მხოლოდ უმნიშვნელოდ დაზიანდა. პირველი წვიმა ხანმოკლე გამოდგა და ტრასა მალევე გაშრა, მეორე შემთხვევაში კი ნამდვილი თავსხმა იყო, ბოქსებში შესვლა ვერ მოვასწარი და მთელი წრე "მშრალი" საბურავებით ვიარე. მაგრამ მომდევნო წრეზე მექანიკოსებმა იყოჩაღეს, ალბათ ეს სეზონში საუკეთესო პიტ-სტოპი იყო. ამის მერე რბოლის მოგება გაცილებით ადვილ საქმედ იქცა. გუნდმა გაიმარჯვა, ყველამ ძალების მაქსიმუმზე ვიმუშავეთ და შედეგიც მოვიდა. როცა ასეთი რთული და მოვლენებით აღსავსე რბოლის მოგებას ახერხებ, უსაზღვრო სიხარულსა და ბედნიერებას განიცდი", - ასეთი იყო ჰემილტონის რბოლისშემდგომი კომენტარი, ვინც 182 ქულა დააგროვა და საერთო ჩათვლაში პირველობა დაიბრუნა.
პოული მარკ უებერის კი იყო, მაგრამ ავსტრალიელმა სტარტი ჩააფლავა და პირველი წრე მხოლოდ მეშვიდემ დაასრულა. მოგვიანებით მარკი მეტოქეთა უამრავმა შეცდომებმა დააწინაურა, მანაც რბოლა მეორე პოზიციაზე დაასრულა და ჰემილტონს სამად სამი ქულით ჩამორჩება.
ფინიშზე მესამე რობერტ კუბიცა მივიდა. პოლონელმა დისტანციის უდიდესი ნაწილი მეორე პოზიციაზე გაატარა, მაგრამ დასკვნითი პიტ-სტოპისას თავისი გუნდის ბოქსებს ჩაუქროლა და წინ უებერის გატარება მოუხდა.
ფელიპე მასამ რბოლა სტაბილურად განვლო და მეოთხე ადგილზე გავიდა. ადრიან სუტილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ "ფორს ინდიას" ბოლიდი სწრაფ ტრასებზე საკმაოდ კარგად გამოიყურება. გერმანელი ფინიშზე მეხუთე იყო და უკან "მერსედესის" ორი პილოტი მოიტოვა. რბოლის მიწურულისკენ გაწვიმდა, რამაც წყალი ნიკო როსბერგისა და მიხაელ შუმახერის წისქვილზე დაასხა - ამ მრბოლებმა ერთადერთ პიტსტოპებზე თავიანთ ბოლიდებზე სპეციალური, წვიმიანი ამინდისთვის განკუთვნილი საბურავები დააყენეს, რამაც გაუმართლა კიდეც. ნიკო მეექვსეა, ხოლო "შუმი" - მეშვიდე. კვალიფიკაციის შედეგების მიხედვით, "მერსედესს" ქულების მოპოვების იმედი არც უნდა ჰქონოდა - როსბერგმა სტარტი მეჩვიდმეტე პოზიციიდან აიღო, ხოლო შუმახერმა - 21-ედან, მაგრამ ერთი პიტსტოპის ტაქტიკამ ოცნება რეალობად აქცია.
კამუი კობაიაშიმ მე-8 ადგილი დაიკავა, ვიტალი პეტროვმა კი ბოლო, 24-ე სასტარტო პოზიციიდან დაწყებული რბოლა ჩათვლის ზონაში დაასრულა - მე-9 ადგილი. ხაიმე ალგერსუარი ფინიშზე მეათე კი იყო, მაგრამ რბოლის შემდეგ ესპანელს ბრალად მოსახვევის მოჭრა დაედო, რაც 20-წამიან ჯარიმად დაუჯდა. შედეგად, ალგერსუარი მე-13 დარჩა, ხოლო ათეული იტალიელმა ვიტანტონიო ლიუციმ დააგვირგვინა.
აი, ჰემილტონისა და უებერის მდევართა და მთავარ კონკურენტთა სამეულმა - ფერნანდო ალონსომ, ჯენსონ ბატონმა და სებასტიან ფეტელმა - კი რბოლა ნულოვანი შედეგით დაასრულა.
პირველ წრეზე, როცა ხანმოკლე წვიმამ ტრასა სულ ოდნავ დაასველა, რუბენს ბარიკელომ შეცდომა დაუშვა და თავისი ბოლიდით ტრასიდან უნებლიედ ფერნანდო ალონსოს მანქანა გაიტანა.
ფორმულა-1-ის ბრაზილიელი ვეტერანისთვის სპას ეტაპი იქვე დასრულდა, არადა ეს იყო მე-300 რბოლა ბარიკელოს კარიერაში. "მთელი ჩემი გამოცდილება არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რათა გამერკვია, რამდენად სველი იყო ტრასა საწყის წრეებზე. "ბლანშიმონის" მოსახვევში მოსალოდნელზე გაცილებით მეტი წყალი აღმოჩნდა. როსბერგის შეტევას ვიგერიებდი და დავამუხრუჭე. თანაც, საჭიროზე ადრე დავამუხრუჭე, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა საკმარისი მანქანის გასაჩერებლად. გავსრიალდი და ალონსოს ბოლიდს დავეჯახე. ფერნანდოს ბოდიშს ვუხდი ამ ინციდენტისთვის. მოკლედ, აბსოლუტური უიღბლობაა - უიქ-ენდი ასე კარგად დავიწყეთ და ქულების მოპოვების კარგი შანსიც გვქონდა, მაგრამ არ გაგვიმართლა. იმედია, 301-ე რბოლა უფრო წარმატებული გამომივა", - თქვა ეტაპის შემდეგ გულდაწყვეტილმა ბარიკელომ.
რუბინიოსა და ალონსოს შეჯახების შემდეგ ტრასაზე პეისკარი გამოჩნდა, ესპანელმა კი დისტანცია მაინც გააგრძელა. აქ კი "ფერარის" საჯინიბომ დაუშვა შეცდომა - გარისკეს და ალონსოს ბოლიდზე ინტენსიური წვიმისთვის საჭირო რეზინა დააყენეს, მაგრამ არა და არ იწვიმა. ფერნანდოს კვლავ მოუწია ბოქსებში დაბრუნება, რეზინის კიდევ ერთხელ გამოცვლა და, შესაბამისად, ძვირფასი წამების დაკარგვა. მიუხედავად ამისა, ფერნანდო ალონსომ რბოლის ბოლოსკენ საქულე ზონაში გარევა შეძლო, მაგრამ ახალ და უკვე ინტენსიურ წვიმას მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ვეღარ გაუმკლავდა, ტრასის მიღმა გავიდა, მანქანა გვარიანად დალეწა და ტრასაზე პეისკარის მეორედ გამოჩენაც სწორედ ამ ინციდენტმა გამოიწვია.
ჯენსონ ბატონს პოდიუმზე ასვლის არცთუ ურიგო შანსები ჰქონდა, რადგან პირველი წრის ბოლოს ინგლისელი მეორე პოზიციაზე გავიდა. სებასტიან ფეტელი მას რამდენიმე წრე კვალში ედგა და უტევდა კიდეც, მერე კი გერმანელის "რედ ბული" მოსახვევში დაბზრიალდა და უმართავი მანქანა ბატონის "მაკლარენს" გვერდიდან დაეჯახა - მოქმედი ჩემპიონის მანქანას რადიატორი გაუსკდა. ასე დაასრულა სპას რბოლა ჯენსონ ბატონმა.
ამასობაში, ფეტელის უსიამოვნებები ჯერ მხოლოდ იწყებოდა. მის მანქანას წინა ნაწილი დაუზიანდა და სებასტიანმა მაშინვე ბოქსებში შეუხვია. ცოტა ხანში ის დააჯარიმეს - ბატონთან ავარიისთვის. შემდეგ იყო კონტაქტი ვიტანტონიო ლიუცის "ფორდ ინდიასთან" და უკანა საბურავის დაზიანება. ასეთ მდგომარეობაში ფეტელს მთელი წრის გავლა მოუხდა, ასე რომ მან ლიდერთან უკვე ერთწრიანი ჩამორჩენა მიიღო. დაბოლოს, როცა გაწვიმდა და ყველამ საშუალედო რეზინას მიმართა, ფეტელის ბოლიდს ძლიერი წვიმისთვის განკუთვნილი საბურავები დაუყენეს, რის გამოც გერმანელს ორი წრის შემდეგ კვლავ მოუხდა ბოქსებში შესვლა და საშუალედო რეზინის დაყენება.
სპაში კიდევ უამრავი რამ მოხდა, მაგრამ ძირითადი მოვლენები ის იყო, რაც ზემოთ აღვწერეთ. ამრიგად, ლუის ჰემილტონი ჩემპიონატის ლიდერად იქცა, ხოლო ქონსტრუქტორთა თასისთვის ბრძოლაში მისი "მაკლარენი" "რედ ბულს" ერთქულიან დისტანციაზე მიუახლოვდა.
შემდეგი ეტაპი 12 სექტემბერს იტალიურ მონცაში გაიმართება, სადაც სპეციალისტები ფავორიტის სტატუსს "ფერარის" ანიჭებენ - "სკუდერიას" ბოლიდებს ზესწრაფ ტრასებზე სხვებზე დიდი შანსი აქვთო.

ბელგიის გრან-პრი. XIII ეტაპი
სპა-ფრანკორშანი (44 წრე, 308.052 კმ)
1(2). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 1:29.04,268
2(1). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +1,571
3(3). რობერტ კუბიცა (რენო, პოლონეთი) +3,493
4(6). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +8,264
5(8). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) +9,094
6(12). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +12,359
7(11). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) +15,548
8(19). კამუი კობაიაში (BMჭ-ზაუბერი, იაპონია) +16,678
9(24). ვიტალი პეტროვი (რენო, რუსეთი) +23,851
10(14). ვიტანტონიო ლიუცი (ფორს ინდია, იტალია) +34,831
11(22). პედრო დე ლა როსა (BMჭ-ზაუბერი, ესპანეთი) +36,019
12(15). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) +39,895
13(13). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) +49,457
14(9). ნიკო ჰიულკენბერგი (უილიამსი, გერმანია) 1 წრე
15(4). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 1 წრე
16(16). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) 1 წრე
17(23). ლუკას დე გრასი (ვირჯინი, ესპანეთი) 1 წრე
18(17). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) 1 წრე
19(18). იარნო ტრული (ლოტუსი, იტალია) 1 წრე
20(21). საკონ იამამოტო (Hღთ Fთ, იაპონია) 2 წრე
21(10). ფერნანდო ალონსო (ფერარი, ესპანეთი) 7 წრე
22(5). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 29 წრე
23(20). ბრუნო სენა (Hღთ Fთ, ბრაზილია) 39 წრე
24(7). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) 44 წრე

საერთო ჩათვლა

1. ჰემილტონი - 182 ქულა; 2. უებერი - 179; 3. ფეტელი - 151, 4. ბატონი - 147; 5. ალონსო - 141, 6. მასა - 109; 7. კუბიცა - 104; 8. როსბერგი - 102; 9. სუტილი - 45; 10. შუმახერი - 44; 11. ბარიკელო - 30; 12. კობაიაში - 21; 13. პეტროვი - 19; 14. ლიუცი - 13; 15. ჰიულკენბერგი - 10; 16. ბუემი - 7; 17. დე ლა როსა - 6; 18. ალგერსუარი - 3.

კონსტრუქტორთა თასი

1. რედ ბული - 330 ქულა; 2. მაკლარენი - 329; 3. ფერარი - 250; 4. მერსედესი - 146; 5. რენო - 123; 6. ფორს ინდია - 58; 7. უილიამსი - 40; 8. BMჭ-ზაუბერი - 27; 9. ტორო როსო - 10.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული