ფავორიტი არ ვარ

AutoSharing Option

იტალიური სარბოლო უქმეების დაწყებამდე ჩემპიონატის მეორე პილოტმა მარკ უებერმა ინტერვიუ მისცა ბრიტანულ "ავტოსპორტს". "რედ ბულის" ავსტრალიელმა პილოტმა იუარა ჩემპიონატის ფავორიტობა, თუმცა მიმდინარე სეზონს კარიერაში საუკეთესო უწოდა.

- მარკ, "რედ ბულის" მანქანის შესაძლებლობებისა და თქვენი შედეგების შეფასებისას, ბევრს მიაჩნია, რომ ამ სეზონში ტიტულის მოგების რეალური შანსი გაქვთ. მიგაჩნიათ საკუთარი თავი ფავორიტად?
- არ მგონია ფავორიტი ვიყო. ქულა მართლაც ბევრი მაქვს, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც ლუისს. თუმცა სიტუაცია კომფორტულია.
სეზონის მსვლელობისას ძალთა თანაფარდობა ხშირად იცვლებოდა, მაგრამ საერთო ჯამში, ლიდერთა შორის პილოტთა ერთი ჯგუფი

იყო. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ზოგიერთ ტრასაზე ჩვენს მანქანას უპირატესობა უნდა ჰქონდეს და იმედია, საბოლოო მიზანს მივაღწევთ.

- გასულ წლებთან შედარებით, ამჯერად ლიდერთა შორის ხართ. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
- ძალიან კმაყოფილი ვარ, როცა მონაკოს ან ბარსელონას რბოლებს ვიხსენებ. ეს გამარჯვებები ძალიან პოზიტიური იყო ჩემთვის. ბუდაპეშტში სხვა სიტუაცი იყო, მაგრამ წარმატების მოპოვება ყოველთვის სასიამოვნოა. გუნდმა ფანტასტიკური სამუშაო გასწია და ჩემგან მადლობა ეკუთვნის.

კარგ შედეგებს ვაღწევ, მანქანაში თავს კომფორტულად ვგრძნობ. ზოგიერთ რბოლაში შანსი ხელიდან გავუშვით, მაგრამ ასეთი რამ ყველას დაემართა. კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩემი პილოტაჟის ხარისხი და სისწრაფე თანდათან იზრდება.

- თქვენი შედეგებით სხვა გუნდების წარმომადგენლები გააოცეთ?
- შესაძლოა. საქმე ისაა, ბოლო ორი წლის განმავლობაში კარგი შანსი მივიღე და ახლა მის რეალიზებას ვცდილობ. კარიერის ფინალურ ფაზაში ვიმყოფები, მაგრამ საკმაოდ კონკურენტუნარიანი ვარ, თან გამოცდილებაც მეხმარება. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა ასეთი მანქანა 22 წლის ასაკში მყოლოდა.

- თქვენც მიგაჩნიათ, რომ მონცასა და სინგაპურში ბევრი რამ შეიძლება გაირკვეს?
- უახლოესი უქმეები ძალიან მნიშვნელოვანია. სპაზე რამდენიმე ლიდერმა ვერ მოიპოვა ქულა, ხოლო რაც უფრო ახლოა ჩემპიონატის ფინიში, მით უფრო რთულია ამ დანაკარგის ანაზღაურება. ამიტომაც ახლა ნებისმიერი ქულისთვის ძალიან დაძაბული ბრძოლა იქნება. სავარაუდოდ, სინგაპურის გრან-პრის შემდეგ შეგვეძლება უფრო ზუსტად სიტუაციის შეფასება.

- სებასტიან ფეტელი თუ ვერ დაგეწიათ, გექნებათ თუ არა დარჩენილ რბოლებში მისი დახმარების იმედი?
- თუ ჩვენს შორის ქულათა რაოდენობა დიდი იქნება, სავარაუდოდ ის ჩემზე იმუშავებს, თუმცა ეს გუნდის გადასაწყვეტია.
- სეზონის დასაწყისში ასეთი ვარაუდი გამორიცხული იყო - თავიდან თქვენ მეორე პილოტად გასახელებდნენ.
- დიახ, ეს სეზონი ჩემთვის განსაკუთრებულია. თანაბარ ბრძოლას ვაწარმოებ ლუისთან, ფერნანდოსთან, ჯენსონთან - მსოფლიოს სამ ჩემპიონთან, აგრეთვე კუბიცასთან, რომელიც ძალიან ნიჭიერია. ბევრი კარგი რბოლა ჩავატარე ამ სეზონში, სპაზეც ძალიან საინტერესოდ განვითარდა მოვლენები. ჩემი თანაგუნდელიც ძალიან სწრაფია და მიხარია ასეთი პილოტების გვერდით ლიდერთა ჯგუფში ყოფნა.

- ბელგიის გრან-პრის შემდეგ ლუის ჰემილტონმა განაცხადა, რომ თქვენი უპირატესობა მრავალწლიანი გამოცდილებაა, სამაგიეროდ, მას ტიტულისთვის ბრძოლაში გააჩნია მეტი გამოცდილება...
- ლუისს ჯერ ბევრი რამ არ უნახავს, ჩემთვის კი ეს ყველაფერი გავლილი ეტაპია. შეიძლება პირიქით მოხდეს და მან მაჯობოს გამოცდილებით. ლუისმა ბევრს მიაღწია, ეს კი შემთხვევით არ ხდება. მისი პირველი სეზონი "მაკლარენში" განსაკუთრებული იყო, მან უმოკლეს დროში დაუჯერებელი შედეგები აჩვენა.

დარჩენილ რბოლებში ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჯერ არ ვიცით რა ფაქტორი იქნება გადამწყვეტი - კონკრეტული გრან-პრი, საიმედოობა ან სხვა რამ - მაგრამ ახლა ბრძოლისგან სიამოვნებას ვიღებთ.

- როგორ ფიქრობთ, საერთაშორისო ფედერაციის ბოლო სხდომის შემდეგ გუნდები თავისუფლად გამოიყენებენ გუნდურ ტაქტიკას?
- ჯერ წესები ზუსტად არ აუხსნიათ. არ ვიცით, რისი უფლება გვაქვს და რისი - არა. როგორც აღმოჩნდა, ავტოსპორტის ფედერაციას "ფერარის" მიმართ პრეტენზიები არ ჰქონია. წესებია დასაზუსტებელი, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა, მენტალიტეტი იგივე დარჩა.

- გაგიკვირდათ ფედერაციით გადაწყვეტილება?
- არა.

- ბოლო ხუთი გრან-პრი ევროპისგან მოშორებით ჩაივლის. როგორ უნდა გაუმკლავდეთ გარემოს შეცვლას?
- ავსტრალიაში ვიცხოვრებ და მშობლების სახლიდან ვიმოგზაურებ აზიურ ეტაპებზე. იმედი მაქვს, მომავალ წელსაც ხშირად გამოვიყენებ ამგვარ რაქტიკას. და კიდევ, ალბათ, ღირს ავსტრალიაში საკუთარი სახლის შეძენა, რადგან აღმოსავლეთით სულ უფრო იზრდება რბოლების რიცხვი.

- რამდენად აგრესიულები იქნებიან თქვენი კონკურენტები მომავალ რბოლაში?
- ისინი უკვე სპაზე იყვნენ აგრესიულები! ჯენსონის მხრიდან დიდ ხიფათს არ ველი, სებასტიანთან მიმართებაში უფრო რთულად არის საქმე.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული