ფორმულაში მექსიკელი ირბოლებს

AutoSharing Option

შვეიცარიულმა საჯინიბო "ზაუბერმა" გამოაცოცხლა ფორმულა 1-ის სატრანსფერო ბაზარი - გუნდმა მომავალი წლისთვის მექსიკელი სერხიო პერესი გაიფორმა, რის შემდეგაც "დიდი ცირკის" გუნდებში ვაკანსიები კიდევ უფრო შემცირდა, პრეტენდენტ პილოტთა რიცხვი კი იგივე დარჩა.

დიდი ხნის წინ ანონსირებული ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა - პერესმა 2011 წლისთვის კონტრაქტი გააფორმა "ზაუბერთან". მექსიკელს უმსხვილესი კომპანია "ტელმექსი" უჭერს მხარს, რომლის მფლობელია ჟურნალ Forbes-ის მილიარდერთა სიის ლიდერი, მექსიკელი მაგნატი კარლოს სლიმი. მომავალ წელს პერესი იაპონელი კამუი კობაიაშის პარტნიორი იქნება.
ეჭვგარეშეა, რომ კონტრაქტი ფინანსურად მომგებიანი გახლავთ: "ზაუბერი"

დაფინანასების დამატებით წყაროსა და უზრუნველი მომავლის გარანტიას მიიღებს, პერესი კი დოლარების ნაცვლად - ღირსეულ ტექნიკასა და იმ გუნდში დებიუტს, რომელიც ახალგაზრდა პილოტების გამოზრდით არის განთქმული. მაგალითისთვის შორს წასვლა საჭირო არ არის - იგივე კობაიაშიმ სწორედ პეტერ ზაურების გუნდში გამოსვლით გაითქვა სახელი და 2012-13 წლებისთვის ეს იაპონელი წამყვან გუნდებს ჰყავთ ამოღებული მიზანში.

ასე რომ, პეტერ ზაუბერს მისალოცად აქვს საქმე, რადგან უძვირფასესი სპონსორული შენაძენი მიიღო. სხვა საქმეა, რამდენად ძლიერი იქნება პილოტთა ახალი წყვილი. ვინც GP2-ის სერიაში მექსიკელი ავტომრბოლის გამოსვლას ადევნებს თვალს, მის ნიჭს აუცილებლად დააფასებს და ვერ იტყვის, რომ ის მხოლოდ ფულისთვის აიყვანეს ფორმულა 1-ში. პერესმა წელს ოთხი ეტაპი მოიგო და საერთო ჩათვლაში მეორე ადგილს იკავებს. ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ პერესი-კობაიაშის წყვილის გამოცდილება მხოლოდ ერთ სრულ სეზონს ითვლის. მოგეხსენებათ, "სამეფო" სერიაში ტესტები აკრძალულია და პერესს ჩემპიონატის მსვლელობისას მოუწევს სწავლა და გამოცდილების მიღება.

ასე თუ ისე, გუნდმა არჩევანი გააკეთა და პეტერ ზაუბერმა პირველი ნაბიჯი გადადგა დამსახურებულ პენსიაში გასასვლელად. თუ დროთა განმავლობაში "ტელმექსი" საბოლოოდ გადაწყვეტს "ზაუბერის" შეძენას, სავარაუდოდ, პეტერი ამაზეც არ იტყვის უარს.


ამასობაში, მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდებში სულ უფრო მცირდება ვაკანსიების რიცხვი. 2011 წლის სეზონში "ზაუბერში" არა პერესს, არამედ გერმანელ ნიკ ჰაიდფელდს უწინასწარმეტყველებდნენ ადგილს, მაგრამ ახლა ეს ვაკანსია აღარ არსებობს. სულ სამი-ოთხი ადგილია თავისუფალი: ერთი "რენოში", ერთი - "უილიამსში" და ორიც - "ფორს ინდიაში", თუმცა იქ თავიანთი პილოტებიც თავზე საყრელი ჰყავთ.

ბოლო ჭორების თანახმად, "რენოში" ადგილი უნდა შეინარჩუნოს ვიტალი პეტროვმა, თუმცა საკუთარი პოზიციების გასამყარებლად უმჯობესი იქნება თუ რუსი დარჩენილ რბოლებში ერთ-ორჯერ მაინც შეაღწევს ქულათა ზონაში. რაც შეეხება "უილიამსის" წევრ ნიკო ჰიულკენბერგს, მან და მისმა აგენტმა ვილი ვებერმა სასწრაფოდ უნდა მიიღონ ფრენკ უილიამსის პირობები, თორემ ბრიტანული საჯინიბოს მანქანაში სიამოვნებით ჩასხდებიან სხვა პილოტები - იგივე ჰაიდფელდი, გლოკი ან გროსჟანი.

ამბობენ, რომ ჰაიდფელდისთვის, შესაძლოა, "მერსედესში" მოინახოს ადგილი - ეს იმ შემთხვევაში, თუ ლეგენდარულ მიხაელ შუმახერს მობეზრდება საბურავებთან, მანქანასთან, ასაკთან და მეტოქეებთან ბრძოლა. თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ მოვლენათა განვითარების მიხედვით არ გვგონია, რომ ბოლო ეტაპის შემდეგ გერმანელმა წასვლის შესახებ გააკეთოს განცხადება. Motorsport-Total-ის ინფორმაციით, მიხაელს სეზონის შემდეგ კონტრაქტის გაწყვეტის უფლება აქვს, მაგრამ სულაც არ აპირებს ამ პუნქტის გამოყენებას.

საინტერესო სიტუაციაა "ფორს ინდიაში". ვიტანტონიო ლიუცი ჯიუტად იმეორებს, რომ ინდურ საჯინიბოსთან კონტრაქტი აქვს, მაგრამ რატომღაც არსებობს ეჭვი, რომ თუ ადრიან სუტილი დარჩება "ფორს ინდიაში", იტალიელი თავის ადგილს პოლ დი რესტას დაუთმობს. რაც შეეხება სუტილს, გერმანელს მალე მობეზრდება "რენოსგან" და "მერსედესისგან" სატელეფონო ზარის ლოდინი და ისევ "ფორს ინდიას" იმედად დარჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული