ფეტელის დისკვალიფიკაცია თუ უებერის ნაადრევად წასვლა?

AutoSharing Option
უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია მალაიზიის გრანპრის სკანდალურმა დასასრულმა, როცა სებასტიან ფეტელმა არად ჩააგდო "რედ ბულის" შეფობის ბრძანება და გაუსწრო თანაგუნდელ მარკ უებერს, რითაც სეზონში პირველი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში. ამასთან დაკავშირებით, ავსტრიული საჯინიბოს ხელმძღვანელობამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა...

"მალაიზიის რბოლამ აზრთა სხვადასხვაობა და უამრავი კომენტარი გამოიწვია. როგორც კვირას განვაცხადეთ, ჩვენ ამ საკითხს გუნდის შიგნით განვიხილავთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სიტუაცია ჩვენთვის ახალი არ არის. "რედ ბულში" გამოდის ორი პილოტი, რომელიც მომართულია რბოლებში გამარჯვებასა და ტიტულზე. ასეა 2009 წლიდან მოყოლებული, როცა სებასტიან ფეტელმა და
მარკ უებერმა ერთად დაიწყეს გამოსვლა.

ამ დროის განმავლობაში, მარკმა და სებასტიანმა მოიგეს 35 რბოლა, 80-ჯერ ავიდნენ პოდიუმზე, მოიპოვეს 13 დუბლი და ექვსი ტიტული დაიმსახურეს პირად და გუნდურ ჩათვლაში. ამ წარმატებული პერიოდის განმავლობაში, არაერთხელ წარმოიშვა მძაფრი კონკურენცია პილოტებს შორის. და ყოველ ასეთ ინციდენტს დახურულ კარს მიღმა ვიხილავდით. ასე იქნება ამჯერადაც"
, - წერია გუნდის განცხადებაში.

რბოლის დროს მომხდარი მოვლენების კომენტირებისას, მარკ უებერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბოლო წრეებზე ბევრი რამის შესახებ დაფიქრდა. დადის ჭორები იმის თაობაზე, რომ ავსტრალიელმა დაკარგა გუნდისადმი ნდობა და შესაძლოა, საპასუხო სვლა გააკეთოს - დატოვოს "რედ ბული" მომდევნო რბოლის წინ, რითაც გუნდს უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებს.

ევროპული პრესა წერს, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული გუნდის ხელმძღვანელთა რეაქციასა და კრისტიან ჰორნერის დიპლომატიურ ნიჭზე. სხვათა შორის, იმასაც იტყობინებიან, რომ სეპანგის რბოლის შემდეგ, უებერს პოდიუმზე ასვლა არ უნდოდა, მაგრამ სწორედ "რედ ბულის" ხელმძღვანელობამ დაამშვიდა ავსტრალიელი, რომელიც, საბოლოოდ, გავიდა მაყურებლების წინაშე.

რა სასჯელი შეიძლება გამოუტანოს ფეტელს გუნდმა? ფორმულა 1-ის ყოფილ პილოტს ჯონ უოტსონს მიაჩნია, რომ "რედ ბულმა" მკაცრად უნდა დასაჯოს სებასტიანი ბრძანების უგულვებელყოფისთვის. როგორც ბრიტანელმა BBC-ის ეთერში განაცხადა, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება გერმანელის მინიმუმ ერთი რბოლით დისკვალიფიკაცია.

კონკურენტის გაკრიტიკების შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან "ფერარის" პილოტმა ფერნანდო ალონსომ, რომელიც პირველივე წრეზე გამოეთიშა რბოლას და მალაიზიის გრანპრის ტელევიზორში უყურა. ესპანელმა გაკვირვება ვერ დამალა "რედ ბულში" მომხდარი სიტუაციის გამო.

"მე ვნახე რბოლის ბოლო ნაწილი და მომიყვეს, რაც მოხდა პოდიუმზე. ეს გასაოცარია, რადგან ისინი ყოველთვის ცდილობდნენ ყველაზე პატიოსანი გუნდის იმიჯით წარმოჩენილიყვნენ ყველას წინაშე. მაგრამ დღეს ჩვენ სიმართლე გავიგეთ.

"ფერარიში" ასეთი რამ არასოდეს მოხდება, რადგან ჩვენ მართლაც შეკრული გუნდი ვართ. "რედ ბულშიც" იგივეს ამბობენ, მაგრამ თურმე ეს ასე არ ყოფილა"
, - განაცხადა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა.

დაბოლოს, ერთ-ერთმა ავსტრალიურმა ტოტალიზატორმა მარკ უებერისთვის მხარდაჭერის გამოხატვა გადაწყვიტა. ყველას, ვინც მალაიზიის გრანპრიზე მარკის გამარჯვებაზე გააკეთა ფსონი, დადებული თანხა უკან დაუბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სებასტიან ფეტელი: ბოდიში, რომ გავიმარჯვე!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული