მონაკოს გრანპრი: ნიკო როსბერგი - მონაკოს ახალი თავადი

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მეექვსე ეტაპი "მერსედესის" პილოტის ნიკო როსბერგის გამარჯვებით დასრულდა.

გერმანელი მთელი უქმეების განმავლობაში საუკეთესო იყო (მოიგო სამივე თავისუფალი პრაქტიკა, კვალიფიკაცია და რბოლა) და გუშინ დაამტკიცა თავისი უპირატესობა მეტოქეებზე. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და საერთო ჩათვლის ლიდერი სებასტიან ფეტელი მეორე ადგილით დაკმაყოფილდა, თუმცა თავი იმით უნდა ინუგეშოს, რომ გენერალურ კლასიფიკაციაში გაზარდა უპირატესობა უახლოეს მდევრებთან - კიმი რაიკონენთან და ფერნანდო ალონსოსთან.

კვალიფიკაცია
მონაკოში კვალიფიკაციას, ხშირად, უქმეების გადამწყვეტ მომენტს უწოდებენ. ორი კვირის წინანდელი ძალთა თანაფარდობა არ შეცვლილა - ისევე, როგორც ბარსელონაში,
ამჯერადაც პოული ნიკო როსბერგმა მოიპოვა, მეორე კი მისი თანაგუნდელი ლუის ჰემილტონი იყო. ასე რომ, სასტარტო ბილიკის პირველი რიგი "მერსედესს" ერგო, მეორე - "რედ ბულსს", მესამე რიგიდან აიღეს სტარტი კიმი რაიკონენმა და ფერნანდო ალონსომ.

კომპანია "პირელიმ" მონაკოში საბურავების ორი ყველაზე რბილი შემადგენლობა ჩაიტანა - Soft და SuperSoft, თუმცა მონტე კარლოს ქუჩის ტრასაზე რეზინის ცვეთის ხარისხი მაღალი არ არის, ამიტომაც, ფავორიტად სწორედ პოულის მფლობელი როსბერგი მიიჩნეოდა.

რბოლა
სტარტმა ყოველგვარი პრობლემის გარეშე ჩაიარა. როსბერგმა შეინარჩუნა ლიდერობა, ჰემილტონმა მშვიდად მოიგერია ფეტელის შეტევები, ამ უკანასკნელს კი კვალში ჩაუდგნენ მარკ უებერი, რაიკონენი და ალონსო - სასტარტო ბილიკის წინა პოზიციებზე არაფერი შეცვლილა. უფრო უკან კი ჯენსონ ბატონმა მოახერხა ადრიან სუტილის გასწრება, რის შემდეგაც ხისტად შეუტია სერხიო პერესს და აიძულა ეს უკანასკნელი მოსახვევი მოეჭრა და თანაგუნდელი წინ გაეშვა.

როგორც მოსალოდნელი იყო, პილოტები წინ მჭიდრო ჯგუფად მოძრაობდნენ (მხოლოდ როსბერგი დაცილდა ჰემილტონს კომფორტულ მანძილზე), თუმცა გასწრების მცდელობები არ ყოფილა - ტრადიციული სურათი მონაკოსთვის, სადაც გასწრებისთვის ადგილი თითქმის არ არსებობს. სასიამოვნო გამონაკლისი გახდა პოლ დი რესტა. შოტლანდიელმა ადრეული პიტსტოპი შეასრულა, რის შემდეგაც რამდენიმე გასწრება შეასრულა - მათ შორის, შიდა რადიუსზე ჩამოიცილა ფელიპე მასა.

წინ კვლავ არ შეიმჩნეოდა აქტიურობა. ლიდერები, პირველ რიგში, საბურავებსა და ერთმანეთის მოქმედებას აკვირდებოდნენ - ვინ და როდის შევიდოდა ბოქსებში. უნდა ითქვას, რომ "მერსედესის" პილოტები არ ჩქარობდნენ საბურავების გამოცვლას - როგორც მოსალოდნელი იყო, მონაკოში რეზინის ცვეთის ხარისხი საკმაოდ დაბალი აღმოჩნდა.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ პილოტთა უმრავლესობა ორი პიტსტოპის ტაქტიკაზე მიდიოდა, მაგრამ პროგნოზი არ გამართლდა. საქმე ისაა, რომ ფელიპე მასა ზუსტად ისეთივე ავარიაში მოხვდა, როგორც შაბათის ვარჯიშის დროს და ამ ამის გამო, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოძახება გახდა საჭირო. ბრაზილიელი დამოუკიდებულად ამოვიდა კოკპიტიდან, მაგრამ ექიმების დახმარება მაინც მოითხოვა - ბრაზილიელი კისრის არეში ტკივილს უჩიოდა.

უსაფრთხოების მანქანის გამოჩენისთანავე, ბოქსებში გაემართნენ ისინი, ვინც მანამდე ვერ მოასწრო (ან არ მოისურვა) საბურავების გამოცვლა. მექანიკოსებთან დაგვიანებულმა ვიზიტმა "მერსედესი" დააზარალა. მართალია, როსბერგმა შეინარჩუნა ლიდერობა, სამაგიეროდ, ჰემილტონი აღმოჩნდა ორივე "რედ ბულის" უკან.

უსაფრთხოების მანქანის ტრასიდან გასვლის შემდეგ, პილოტებს ცოტა ხანი ჰქონდათ ბრძოლის საშუალება. როგორც კი როსბერგი საკმაო მანძილით დაშორდა ფეტელს, ხოლო ჰემილტონმა შეტევით შეაშინა უებერი, მორიგ სერიოზულ ავარიაში მოხვდა პასტორ მალდონადო. ჩქაროსნული მოსახვევის წინ, ვენესუელელის "უილიამსსა" და ჟიულ ბიანკის "მარუსიას" შორის კონტაქტს ჰქონდა ადგილი. ბრიტანული საჯინიბოს ბოლიდი ჰაერში ავარდა და ბარიერებს შეასკდა. ორგანიზატორებს ისღა დარჩენოდათ, წითელი დროშები გამოეფინათ. მალდონადო იოლად გადაურჩა ამ ინციდენტს - ის თავისი ფეხით დაბრუნდა ბოქსებში.

პილოტები სასტარტო ბილიკზე დაბრუნდნენ, მანამდე კი იყო საინტერესო ეპიზოდი სერხიო პერესსა და ჯენსონ ბატონს შორის. მექსიკელმა მოსახვევში შესანიშნავად გაუსწრო თანაგუნდელს და ცოტა ხანში, ფერნანდო ალონსოსაც იგივე დაუპირა. ესპანელმა შეჯახების თავიდან ასაცილებლად, მოსახვევი მოჭრა და კვლავ პერესის წინ დარჩა. მსაჯებმა ეს ეპიზოდი განიხილეს და ფერნანდოს მეტოქის წინ გაშვება მოსთხოვეს, რასაც ესპანელი დაეთანხმა.

ამით "ფერარისთვის" ცუდი ამბები არ ამოწურულა: ადრიან სუტილმა, რომელიც ბრწყინვალე რბოლას ატარებდა, თავიდან ჯერ ბატონს გაუსწრო, შემდეგ კი ალონსოც ჩამოიტოვა უკან. სუტილის მომდევნო ორი სამიზნე პერესი და რაიკონენი იყვნენ, მაგრამ ამ დროს, პილოტებს კვლავ მოუწიათ უსაფრთხოების მანქანის უკან მოძრაობა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ავარიაში მოხვდნენ რომენ გროსჟანი და დანიელ რიკარდო: ფრანგი "ტორო როსოს" გვირაბიდან გამოსვლისას შეეჯახა.

68-ე წუთზე, უსაფრთხოების მანქანა საბოლოოდ გაემართა ბოქსებში და იმ მომენტში უკვე ცხადი იყო, რომ ლიდერები საბურავებისთვის აღარ გაჩერდებოდნენ. ამასობაში, რადიოთი ცუდი ამბავი შეატყობინეს რაიკონენს - მისი მანქანის ძრავა გადახურების ზღვარზე იყო. საბოლოოდ, ფინელმა ოდნავ დააგდო სიჩქარე და მაშინვე პერესის მხრიდან შეტევის ობიექტად გადაიქცა. ყველაფერი ავარიით დასრულდა: გვირაბის შემდეგ, მოსახვევში "ლოტუსმა" ადგილი არ დაუტოვა მექსიკელს და ის პრაქტიკულად გზიდან გადააგდო. სასწაულებრივ, ორივემ შეძლო გზის გაგრძელება, თუმცა რაიკონენს საბურავების გამოსაცვლელად მოუწია შესვლა. მოგვიანებით კი პერესმა მაინც ვერ დაასრულა რბოლა, რადგან მისმა ბოლიდმა მარჯვნივ მოხვევა არ ისურვა.

ბოქსებში დაუგეგმავი შესვლის შემდეგ, რაიკონენი მე-16 ადგილამდე დაეშვა, მაგრამ ფინელმა უქულო ფინიში არ მოისურვა. მან რამდენიმე კონკურენტი იოლად ჩამოიცილა და მეათე ადგილზე მყოფ ნიკო ჰიულკენბერგს მიაუხლოვდა, რომელსაც ბოლო წრეზე გაუსწრო და ზედიზედ 23-ე რბოლაში დააგროვა მინიმუმ ერთი ქულა.

ლიდერებს შორის კი საინტერესო არაფერი ხდებოდა. როსბერგმა, რომელსაც გარკვეული ჰანდიკაპი ჰქონდა შექმნილი ფეტელთან ბრძოლაში, ფინიშამდე შეინარჩუნა უპირატესობა და მამამისის - კეკე როსბერგის მონაკოში ტრიუმფიდან 30 წლისთავზე შეძლო ლეგენდარული რბოლის მოგება. ფეტელმა ბოლოს უსწრაფესი წრე დააფიქსირა, უებერმა კი ჰემილტონი არ მიუშვა ახლოს და პოდიუმის მესამე ადგილი გაინაღდა.

მონაკოს გრან-პრი. VI ეტაპი
მონტე კარლო (78 წრე, 260.520 კმ)

1(1). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) 2:17.52,056 (1 პიტსტოპი)
2(3). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) +3,888 (1)
3(4). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +6,314 (1)
4(2). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) +13,891 (1)
5(8). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) +21,477 (1)
6(9). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +23,103 (1)
7(6). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +26,734 (1)
8(10). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) +27,223 (1)
9(17). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +27,608 (1)
10(5). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) +36,582 (2)
11(11). ნიკო ჰიულკენბერგი (ზაუბერი, გერმანია) +42,572 (1)
12(14). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) +42,691 (1)
13(19). ესტებან გუტიერესი (ზაუბერი, მექსიკა) +43,212 (2)
14(22). მაქს ჩილტონი (მარუსია, ბრიტანეთი) +49,885 (3)
15(15). გიდო ვან დერ გარდე (კატერჰემი, ჰოლანდია) +62,590 (3)
16(7). სერხიო პერესი (მაკლარენი, მექსიკა) 6 წრე (1)
17(13). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) 13 წრე (2)
18(12). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) 15 წრე (1)
19(20). ჟიულ ბიანკი (მარუსია, საფრანგეთი) 19 წრე (3)
20(16). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 1 წრე (2)
21(21). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) 48 წრე (1)
22(18). შარლ პიკი (კატერჰემი, საფრანგეთი) 69 წრე (0)

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 164; 2. ფერარი - 123; 3. ლოტუსი - 112; 4. მერსედესი - 109; 5. ფორს ინდია - 44; 6. მაკლარენი - 37; 7. ტორო როსო - 12; 8. ზაუბერი - 5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მონაკოს გრანპრის წინ: მონაკოს მაგია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული