ალონსოს უკვე უტევენ

AutoSharing Option
დღეს სან პაულუში თავისუფალი ვარჯიშებით იწყება მიმდინარე სეზონის ბოლოსწინა სარბოლო უიქ ენდი - ბრაზილიის გრან-პრი.

როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, ერთადერთი პილოტი, რომელსაც ინტერლაგუშის ტრასაზე ჩემპიონობის განაღდება შეუძლია, "ფერარის" ესპანელი მრბოლელი ფერნანდო ალონსოა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის კონკურენტები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ ამ ფაქტზე. მაგალითად, "რედ ბულის" ბოსმა კრისტიან ჰორნერმა BBC Radio Five-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: "სამწუხარო იქნება თუ წელს მსოფლიოს ჩემპიონი ფერნანდო ალონსო გახდება, ადამიანი, რომლის გამარჯვება გერმანიაში აშკარა გუნდური ტაქტიკის გამოყენებით მოხდა".

ეს არის ფსიქოლოგიური შეტევის მცდელობა იმ გუნდის მხრიდან, რომლის პილოტები
- მარკ უებერი და სებასტიან ფეტელი პელოტონის საუკეთესო მანქანის პირობებშიც კი ობიექტურად ესპანელზე უფრო სუსტად ატარებენ სეზონის დასკვნით ნაწილს.

"ფერარის" შეფმა სტეფანო დომენიკალიმ რეაგირების გარეშე არ დატოვა ჰორნერის განცხადება. იტალიელმა აღნიშნა, რომ "სკუდერიას" "რედ ბულის" მსგავსი სწრაფი ბოლიდი რომ ჰყოლოდა, უკვე გარანტირებული ექნებოდა ჩემპიონობა.

"თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენად კარგია წელს "რედ ბულის" მანქანა, სასწაულია რომ კიდევ ვახერხებთ ტიტულისთვის ბრძოლას. სისწრაფეში ასეთი უპირატესობა რომ გვქონოდა, ჩემპიონატის ბედი უკვე კარგა ხნის წინ გადაწყვეტილი იქნებოდა", - ასეთ კომენტარი მისცა სააგენტო SID-ს დომენიკალიმ.

ჰონერს არ ეთანხმება "მაკლარენის" შეფი მარტინ უიტმარში. ინგლისელი მიაჩნია, რომ გერმანიის გრან-პრის ისტორიამ ჩრდილი არ უნდა მიაყენოს ალონსოს სავარაუდო გამარჯვებას: "ვერანაირი ინციდენტი ვერ გააუფერულებს იმ ფაქტს, რომ წლევანდელი ჩემპიონატი, ალბათ, ყველაზე დაძაბული და სანახაობრივია ფორმულა 1-ის ისტორიაში. ტიტულისთვის ბრძოლას სამი გუნდის ხუთი პილოტი აგრძელებს. გარდა ამისა, არავინ არ უნდა შეიტანოს ეჭვი ალონსოს ჩემპიონობაში. ესპანელი სეზონის შუაში ყველამ ჩამოწერა, მან კი ჩავარდნა გადალახა და ისევ გახდა გამარჯვების უმთავრესი პრეტენდენტი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული