ხარები ალონსოს მიუახლოვდნენ

AutoSharing Option
სენსაციურად დაწყებული ბრაზილიის გრან-პრი სავსებით ლოგიკური შედეგით დასრულდა - "რედ ბულმა" დაამტკიცა, რომ ჩემპიონატში ყველაზე სწრაფი მანქანა ჰყავს, ამას სტაბილურობაც დაუმატა და დუბლი შეასრულა, რამაც კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია საერთო ჩათვლაში. სენსაცია კი შაბათს კვალიფიკაციაში "უილიამსის" პილოტის - ნიკო ჰიულკენბერგის გამარჯვება იყო.
მაგრამ გერმანელმა სტარტზე უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო - პილოტები პირველ მოსახვევამდე არ იყვნენ მისულნი, როცა სებასტიან ფეტელმა ("რედ ბული") შიდა რადიუსით გაუსწრო ნიკოს. იყოჩაღა მარკ უებერმაც ("რედ ბული"), რომელმაც ნიკო არასასურველი ტრაექტორიით შეუშვა მოსახვევში. ასე დაწინაურდა რბოლაში ავსტრიული
საჯინიბოს დუეტი.
რაც შეეხება ჩემპიონობის კიდევ ერთი პრეტენდენტ ლუის ჰემილტონს ("მაკლარენი"), ის თავიდანვე ვერ გაუსწორდა ჰიულკენბერგს და ცოტა ხანში თავად დამარცხდა საერთო ჩათვლის ლიდერთან, ფერნანდო ალონსოსთან ("ფერარი") ბრძოლაში: ესპანელმა დამაჯერებელი მანევრით ჩამოიცილა კონკურენტი, ცოტა ხანში კი თამამი სვლით "უილიამსის" პილოტსაც გაუსწრო. ჰემილტონი დაელოდა იმ მომენტს, როცა ნიკო ნაადრევ პიტ-სტოპზე ბოქსებში გაემართა და მხოლოდ ამის შემდეგ გაუსწრო შაბათის გმირს.

პიტ-სტოპების პირველი სერია ადრეულად დაიწყო: უკვე მე-12 წრეზე სხვებს მაგალითი მისცა ჯენსონ ბატონმა ("მაკლარენი"). ბრიტანელის ტაქტიკამ გაამართლა: მოქმედმა ჩემპიონმა ერთი ხელის მოსმით გაუსწრო პილოტთა მთელს ჯგუფს და საბოლოოდ მეხუთე პოზიციაზე აღმოჩნდა. არ გაუმართლა ჰიულკენბერგს - ბოქსებში ვიზიტის შემდეგ ის ბატონისა და "მერსედესის" დუეტის უკან აღმოჩნდა.

ლიდერთა შორის სრული სიმშვიდე შეინიშნებოდა: "რედ ბულის" პილოტებს შორის სტაბილურად ორი-სამი წამი იყო განსხვევება. მათ პაექრობაში მცირე დაძაბულობა შეინიშნებოდა, მაგრამ კონტაქტურ ბრძოლამდე საქმე არ მისულა. ფეტელი და უებერი კონკურეტებზე ოდნავ სწრაფები იყვნენ, ამიტომაც ალონსოს სავსებით აკმაყოფილებდა მესამე პოზიცია (მით უმეტეს, რომ მისი მთავარი კონკურენტი - უებერი მხოლოდ მეორე იყო), ჰემილტონი კი უბრალოდ ვერ ეწეოდა "ფერარის" პილოტს.

მოსაწყენი რბოლა ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოსვლამ გაახალისა. ამის მიზეზი კი ვიტანტონიო ლიუცი ("ფორს ინდია") იყო, რომელმაც პირველ მოსახვევთან დაამტვრია თავისი ბოლიდი.

სიტუაციით ისარგებლეს "მაკლარენის" პილოტებმა - ისინი ნიკო როსბერგთან ("მერსედესი") და კიდევ რამდენიმე ავტომრბოლთან ერთად ბოქსებში შევიდნენ. წესით, უსაფრთხოების მანქანის გასვლის შემდეგ რბოლას საინტერესო დასასრული უნდა ჰქონოდა: ორივე "მაკლარენს" ახალი საბურავებით იერიში უნდა მიეტანათ "რედ ბულებზე" და ალონსოზე. მაგრამ ჰემილტონმა და ბატონმა ბევრი დრო დაკარგეს წრეზე ჩამორჩენილების გასასწრებად და დაწინაურებული სამეულის შევიწროება შეუძლებელი აღმოჩნდა. თავად ლიდერებს შორისაც საინტერესო არაფერი მომხდარა.

საერთო ჯამში, სანახაობრივი თვალსაზრისით რბოლამ არ გაამართლა, მაგრამ მთავარი ამოცანა შეასრულა - ტიტულს ბედი ერთი კვირის შემდეგ აბუ დაბიში გაირკვევა. კონსტრუქტორთა თასს კი უკვე ჰყავს მფლობელი - "რედ ბულმა" თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო გუნდური პირველობა.

სებსატიან ფეტელი: "შესანიშნავი დღეა! რბოლა რთული აღმოჩნდა. სტარტზე არც ისე მომგებიან სიტუაციაში ვიყავით, მაგრამ ყველაფერი წარმატებით განვითარდა. ჰიულკენბერგი წამით შეყოვნდა, რითაც კარგად ვისარგებლე. ნიკოს გასასწრებად დიდი ადგილი არ დაუტოვებია, მაგრამ ესეც სავსებით საკმარისი აღმოჩნდა. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი, რის შემდეგაც გაქცევაზე ზრუნვა დავიწყე.

ახლა უკვე მნიშვნელობა არ აქვს კორეაში განცდილ ფიასკოს. ამ დუბლით კონსტრუქტორთა თასი მოვიგეთ - ეს შესანიშნავია! რა თქმა უნდა, ტიტულისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ და ძალიან გვინდა ფერნანდო ალონსოს დამარცხება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ვამაყობ ჩვენი გუნდით - მან უდიდეს შედეგს მიაღწია.

კვლავინდებურად მჯერა, რომ შემიძლია მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვება. 26 ქულით რომ ვიყო ჩამორჩენილი - ეს შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ 16 ქულის გაბათილება სავსებით რეალურია".

ფერნანდო ალონსომ შეინარჩუნა ლიდერობა და ახლა ორი რეალური კონკურენტი ჰყავს "რედ ბულის" პილოტების სახით. ბატონი ოფიციალურად ჩამოშორდა საჩემპიონო რბოლას, ჰემილტონს კი რჩება შანსი, მაგრამ მინიმალური - ის 24 ქულით ჩამორჩება ესპანელს.

"აბუ დაბიში მეორე ადგილიც მომიტანს ჩემპიონობას, თუნდაც უებერი პირველი მივიდეს ფინიშთან. ხოლო ფეტელის გამარჯვების შემთხვევაში მეხუთე ადგილიც დამაკმაყოფილებს, - განაცხადა ალონსომ ფინიშის შემდეგ. - დღეს კარგად დავინახეთ, რა მარტივად იცვლება რბოლის დროს ყველაფერი. ამიტომაც წინ ურთულესი უქმეები გველის. აბუ დაბიში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვნახოთ, ამ შვიდი დღის განმავლობაში ვინ უკეთ შეასრულებს თავის სამუშაოს".

რბოლის შემდეგ ჟურნალისტებმა მარკ უებერს ჰკითხეს - ელოდა თუ არა ავსტრალიელი თანაგუნდელისგან დახმარებას: ხომ შეეძლო ფეტელს პირველი პოზიცია დაეთმო მარკისთვის, რაც ერთი ორად გაზრდიდა "რედ ბულის" შანსებს პირად ჩათვლაში. ასეთ შემთხვევაში, ალონსოსა და უებერს შორის სხვაობა არა ექვსი, არამედ ერთი ქულა იქნებოდა.
"გუნდი სულ სხვა ფილოსოფიით ცხოვრობს. სებასტიანმა ბრწყინვალე რბოლა ჩაატარა და დაიმსახურა ეს გამარჯვება. "რედ ბული" სპორტულ პრინციპს ირჩევს და ასე იქნება მომავალში.

ჩვენი საჯინიბოს გამო ძალიან გახარებული ვარ. "მაკლარენთან" და "ფერარისთან" კონკურენციაში კონსტრუქტორთა თასის მოგება - უდიდესი მიღწევაა", - განაცხადა უებერმა.

ბრაზილიის გრან-პრი. XVIII ეტაპი
ინტერლაგუში (71 წრე, 305.909 კმ)
1(2). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 1:33.11,803
2(3). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +4,243
3(5). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +6,807
4(4). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +14,634
5(11). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +15,593
6(13). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +35,320
7(8). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) +43,456
8(1). ნიკო ჰიულკენბერგი (უილიამსი, გერმანია) 1 წრე
9(7). რობერტ კუბიცა (რენო, პოლონეთი) 1 წრე
10(12). კამუი კობაიაში (BMW-ზაუბერი, იაპონია) 1 წრე
11(14). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) 1 წრე
12(18). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) 1 წრე
13(15). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) 1 წრე
14(6). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) 1 წრე
15(9). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) 1 წრე
16(10). ვიტალი პეტროვი (რენო, რუსეთი) 1 წრე
17(16). ნიკ ჰაიდფელდი (BMW-ზაუბერი, გერმანის) 1 წრე
18(21). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) 2 წრე
19(20). იარნო ტრული (ლოტუსი, იტალია) 2 წრე
20(19). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) 2 წრე
21(14). ბრუნო სენა (HRT F1, ბრაზილია) 2 წრე
22(23). კრისტიან კლინი (HRT F1, ავსტრია) 2 წრე
23(22). ლუკას დე გრასი (ვირჯინი, ესპანეთი) 2 წრე
24(17). ვიტანტონიო ლიუცი (ფორს ინდია, იტალია) 20 წრე

კონსტრუქტორთა თასი
1. რედ ბული - 469 ქულა; 2. მაკლარენი - 421; 3. ფერარი - 389; 4. მერსედესი - 202; 5. რენო - 145; 5. უილიამსი - 69; 7. ფორს ინდია - 68; 8. BMW-ზაუბერი - 44; 7. ტორო როსო - 11.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული