ალონსო და ჰემილტონი აღარ იჩხუბებენ

AutoSharing Option
მსოფლიოს ორ ყოფილ ჩემპიონს - ესპანელ ფერნანდო ალონსოსა და ბრიტანელ ლუის ჰემილტონს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობაა, რომელიც ჯერ კიდევ 2007 წლიდან იღებს სათავეს - როცა ეს პილოტები "მაკლარენში" ერთად გამოდიოდნენ. პარტნიორობა, რომლისგანაც ძალიან ბევრს ელოდნენ, დადგენილ ვადაზე გაცილებით ადრე დასრულდა. ალონსო ვერ შეეგუა ბრიტანულ გუნდში ჰემილტონის ფავორიტობას და სამწლიანი კონტრაქტი ერთი სეზონის შემდეგ გაწყვიტა. მას შემდეგ ამ ორ პილოტს შორის ღია საბრძოლო მოქმედებები აღარ ყოფილა, მაგრამ ფერნანდო და ლუისი ხელიდან არ უშვებენ ერთმანეთის განერვიულების შემთხვევას.

ევროპის გრან-პრის შემდეგ ალონსომ, რომელიც
იშვიათად ავლენს თავის სამხრეთულ ტემპერამენტს, დაივიწყა ჩვეული თავშეკავებულობა და ჰემილტონზე მიიტანა იერიში - მისი თქმით, "მაკლარენი" და ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია რბოლის შედეგების მანიპულირებით იყვნენ დაკავებული. შეგახსენებთ, რომ ესპანელის აშკარა განრისხება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ვალენსიაში გამართული რბოლის სტიუარდებმა დააგვიანეს ჰემილტონისთვის საჯარიმო სანქციის გამოტანა მას შემდეგ, რაც ბრიტანელმა პეისკარს გაუსწრო. ჰემილტონს პიტლეინზე საჯარიმო შესვლა მაშინ დაუწესეს, რომ ეს სასჯელი აღარ იმოქმედებდა რბოლაში ლუისის პოზიციაზე. მოკლედ, დასჯა წმინდა ფორმალურ ხასიათს ატარებდა. ალონსო კი, რომელსაც წესი არ დაურღვევია და პეისკარის გამოსვლის მომენტში მხოლოდ რამდენიმე მეტრით ჩამორჩებოდა ლუისის "მაკლარენს", საბოლოოდ მერვე ადგილზე გავიდა, არადა, მინიმუმ პოდიუმზე ასვლის შანსი გააჩნდა.

ვალენსიას რბოლის შემდეგ ჰემილტონმა საკმაოდ გესლიანად ურჩია ესპანელს, რომ მან საკუთარი პილოტაჟის სტილს მიაქციოს ყურადღება. "შემთხვევით ხომ არ გახსოვთ, ბოლო წრეზე ვის გაასწრო ბუემიმ "ტორო როსოთი"? - ირონიულად იკითხა ბრიტანელმა.
მაგრამ მოსალოდნელი სკანდალი არ აგორდა. ორივე "დუელიანტმა" ჩათვალა, რომ უმჯობესი იქნებოდა ძალების დაზოგვა და ნერვების მოთოკვა. "ვალენსიას შემდეგ კონტაქტი გვქონდა, - განაცხადა ჰემილტონმა "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში. - მე მაქვს ფერნანდოს მობილური ტელეფონის ნომერი, მას - ჩემი. ერთმანეთს რამდენიმე სმს გავუგზავნეთ და ურთიერთობა მოვაგვარეთ. ორივენი პილოტები ვართ და კარგად გვესმის, ხანდახან რა რთულია თავის შეკავება. ამასთან, მიმდინარე სეზონი ორივესთვის ძალიან დაძაბულად მიმდინარეობს, ნერვები უკიდურესად არის დაჭიმული, თანაც არნახულ პრესინგს ვგრძნობთ და ამიტომაც ყოველთვის ვერ ვაკონტროლებთ საკუთარ გამონათქვამებს. სხვათა შორის, ამ სეზონში მეც მქონდა ჩავარდნა ავსტრალიის გრან-პრიზე".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული