კურიოზული ამბავი შეემთხვა აბუ დაბის გრან-პრის შემდეგ "მერსედესის" პილოტ ნიკო როსბერგს. როგორც გერმანელი საკუთარ ვებგვერდზე ყვება, ვიღაცამ მის პასპორტში სურათი ამერიკელი მომღერლის ბრიტნი სპირსის ფოტოთი შეცვალა.
"დუბაიში აეროპორტის თანამშრომელმა ჩემი პასპორტი გადაშალა და შოკირებული დარჩა. მეც არანაკლებ დღეში ვიყავი. ვიღაცამ ჩემი ფოტო ბრიტნი სპირსის გამოსახულებით შეცვალა. არც კი ვიცი ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა", - წერს რობსბერგი.
აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბრიტნი - გერმანელი პილოტის ძველი მეტსახელია, რომელიც ჯერ კიდევ "უილიამსში" გამოსვლისას შეარქვეს.
საინტერესოა ისიც, რომ საემიროებში როსბერგი სხვა უსიამოვნო
ისტორიაშიც გაეხვა. დუბაიში ის პოლიციის განყოფილებაში მოხვდა იმის გამო, რომ სასტუმროს ნომერში მართვის მოწმობა დარჩა. პოლიციაში მან საათზე მეტი დაჰყო და მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, როცა განყოფილებაში მამამისმა - მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა კეკე როსბერგმა მიაკითხა.