წინასასეზონო ტესტების მესამე დღეს ბევრ გუნდში შეიცვალა შემადგენლობა. დებიუტი ჰქონდა "უილიამსში" ფელიპე მასას, კევინ მაგნუსენმა ჯენსონ ბატონის ადგილი დაიკავა "მაკლარენში", ფერნანდო ალონსომ კი "ფერარიში" გააგრძელა კიმი რაიკონენის დაწყებული სამუშაო. ტრიბუნებზე ხალხმრავლობა იყო - ესპანელი გულშემატკივრები ალონსოს მხარდასაჭერად მივიდნენ.
მესამე დღეს გუნდები გრძელ დისტანციაზე მუშაობას შეუდგნენ, მაგრამ ეს არ ეხება "რენოს" ძრავებით აღჭურვილ საჯინიბოებს - პრობლემები, რომლებსაც პირველ ორ დღეს ჰქონდა ადგილი, ახლაც განმეორდა. "რედ ბულმა" კვლავ ვადაზე ადრე დაასრულა პროგრამა - სებასტიან ფეტელის შემცვლელმა
ავსტრიულმა საჯინიბომ სესიის დასრულებამდე ორი საათით ადრე გამოაცხადა პროგრამის შეწყვეტის შესახებ. კრისტიან ჰორნერმა და ედრიან ნიუიმ დატოვეს ავტოდრომი, ტექნიკურმა კოორდინატორმა ენდი დამერუნმა კი განაცხადა, რომ მიღებულმა ზომებმა მხოლოდ ნაწილობრივ მოაგვარეს წარმოქმნილი პრობლემები.
"მერსედესისა" და "ფერარის" კლიენტებსაც ჰქონდათ მცირე პრობლემები, მაგრამ ისინი თანდათან გადავიდნენ აეროდინამიკური გადაწყვეტილებების ტესტირებაზე. მანქანები ტრასაზე სპეციალური მოწყობილობითა და მწვანე აეროდინამიკური საღებავით გადიოდნენ - ინჟინრები აგროვებდნენ ინფორმაციას, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ბაჰრეინის ტესტებისთვის მოსამზადებლად.
30 იანვრის სესია რამდენჯერმე შეწყდა წითელი დროშებით. დილით ტრასაზე გაჩერდა ალონსო, შემდეგ ბოლი აუვიდა რიკარდოს მანქანას; დღისით საჭირო გახდა ნიკო ჰიულკენბერგის "ფორს ინდიას" ევაკუირება, ადრიან სუტილის "ზაუბერს" დაკიდება დაუზიანდა, "ტორო როსოს" პრობლემების გამო კი ორჯერ ააფრიალეს წითელი დროშები.
დებიუტი ჰქონდა ტესტებზე "მარუსიას", თუმცა ბოლიდმა დიდი დრო დაჰყო ბოქსებში და მაქს ჩილტონი მხოლოდ საღამოს გავიდა ტრასაზე რამდენიმე საინსტალაციო წრის დასაფიქსირებლად.
ყველაზე გრძელი დისტანცია "მაკლარენმა" გაიარა - 92 წრე, ოქმს კი სათავეში ჩაუდგა ამ გუნდის 21 წლის დებიუტანტი კევინ მაგნუსენი. მისი დრო საუკეთესოა სამი დღის შედეგების მიხედვით.
III დღე
1. მაგნუსენი (McLaren) 1:23.276 (52 წრე)
2. მასა (Williams) +0.424 (47)
3. ჰემილტონი (Mercedes) +0.676 (62)
4. ბატონი (McLaren) +1.754 (40)
5. ალონსო (Ferrari) +2.219 (58)
6. ჰიულკენბერგი (Force India) +2.820 (17)
7. ვერნი (Toro Rosso) +6.639 (30)
8. სუტილი (Sauber) +6.885 (34)
9. ფრაიანსი (Caterham) დროის გარეშე (10)
10. რიკარდო (Red Bull) დროის გარეშე (3)
11. ჩილტონი (Marussia) დროის გარეშე (5)
კომადან გამოყვანა დაწყებულია
30 იანვარს მიხაელ შუმახერის პრესმდივანმა საბინე კემმა ოფიციალური განცხადებით მიმართა გულშემატკივრებს და დაადასტურა წინა დღეს ფრანგული პრესის მიერ გავრცელებული ახალი ამბავი - ექიმებმა დაიწყეს გერმანელი პილოტის ხელოვნური კომას მდგომარეობიდან გამოყვანა.
"მიხაელ შუმახერის ოჯახი ისევ მოგმართავთ თხოვნით - პატივი სცეთ პირად ცხოვრებას, სამედიცინო საიდუმლოებას და არ შეაწუხოთ მიხაელის მკურნალი ექიმები, რათა მათ მშვიდად გააგრძელონ მუშაობა. ამავდროულად, ოჯახი დიდ მადლიერებას გამოხატავს მხარდაჭერისთვის.
შემცირდა იმ პრეპარატების რაოდენობა, რომლებსაც მიხაელი იღებს. ეს ხდება ხელოვნური კომადან გამოყვანის პროცესის დასაწყებად, რამაც შეიძლება ძალიან დიდი დრო წაიღოს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ამასთან დაკავშირებით შემდგომი განცხადებები აღარ იქნება", - განაცხადა კემმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"