რენო ლოტუსი გახდა

AutoSharing Option

ფორმულა 1-ის ფრანგულმა საჯინიბომ "რენომ" სახელის შეცვლის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. როგორც გუნდის მფლობელები ამბობენ, 2011 წელს მას Lotus Renault GP Team ერქმევა. ეს ცვლილება იმით არის განპირობებული, რომ გუნდის წილი "ლოტუსის" ჯგუფმა შეიძინა, რომელიც, თავის მხრივ მალაიზიურ კონცერნ "პროტონს" ეკუთვნის.

2010 წელს "რენოს" საავტომობილო გუნდის აქციათა დიდ ნაწილს ჟერარ ლოპესის კომპანია Genii Capital ფლობდა, თავად კომპანია "რენოს" კი მხოლოდ 20 პროცენტი ეკუთვნოდა. ფრანგული პრესის ცნობით, გიგანტმა ავტომწარმოებელმა ეს 20 პროცენტი Genii Capital-ს მიჰყიდა, მან კი, თავის მხრივ, აქციათა ნაწილი "ლოტუსს"

გადასცა. ამასთან ცნობილი გახდა, რომ ფრანგული ავტოქარხანა ფორმულა 1-ში მაინც დარჩება, ოღონდ საჯინიბოებისთვის ძრავების მიმწოდებლის რანგში.

"მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ 2011 წელს ახალი სახელწოდება გვექნება - Lotus Renault GP, - განაცხადა ლოპესმა. - ძალიან საინტერესოა გუნდისთვის ახალი ეპოქის დაწყება, რომელიც "ლოტუსის" ჯგუფთან თანამშრომლობას და ამასთან, "რენოსთან" უახლოეს სეზონებში მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნებას ითვალისწინებს".

გუნდმა უკვე წარმოადგინა ახალი ფერები - "რენოსთვის" ტრადიციულ ყვითელ ფერს შავი და ოქროსფერი შეცვლის. სწორედ ასეთ ფერებში გამოდიოდა "ლოტუსის" გუნდი გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, როცა მისი სატიტულო სპონსორი თამბაქოს მწარმოებელი ცნობილი ბრენდი - John Player Special იყო.

"ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ ჩვენ "ლოტუსი" ვართ და ჩვენ დავბრუნდით", - განაცხადა "ლოტუსის" ჯგუფის ხელმძღვანელმა დენი ბაჰარმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული