ყველაზე ახალგაზრდა ფეტელმაისტერი

AutoSharing Option

2010 წლის 14 ნოემბრის დილას სებასტიან ფეტელი ტიტულისთვის მებრძოლი მხოლოდ მესამე კანდადატი იყო, მაგრამ საღამოს უკვე ჩემპიონის რანგში იღებდა მილოცვებს. ბოლო წლებში ტიტულის ბედი დაძაბულ ორთაბრძოლებში ირკვეოდა და ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა. ბოლო ეტაპის ფინიშის შემდეგ სება ატირდა და გულწრფელად გადაუხადა მადლობა გუნდს - წარუმატებლად დაწყებული სეზონი, ცხოვრებაში მთავარი გამარჯვებით დასრულდა.

ეს არ ყოფილა სებასტიანისთვის ტიტულის მოპოვების ბოლო შანსი, მაგრამ ცხადია, რომ წელს თუ არა, სხვა დროს ვერასოდეს გახდებოდა ავტოსპორტში მთავარი ტიტულის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი. ისე მოხდა, რომ ორი წლის

წინ ეს რეკორდი ლუის ჰემილტონმა დაამხო და სებასტიანმა ბრიტანელის გაჩემპიონებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. "მაკლარენის" პილოტი ტრასაზე მეხუთე იყო, მაგრამ წვიმის წამოსვლის შემდეგ მას ფეტელმა გაუსწრო. გერმანელს შეეძლო ტიტული წაერთმია ლუისისთვის, მაგრამ ტიმო გლოკმა ასევე მოისურვა ისტორიაში შესვლა და ფინიშამდე 500 მეტრით ადრე ჯერ ფეტელი გაატარა, შემდეგ ლუისიც. სწორედ ასე გახდა ბრიტანელი "ყველაზე ახალგაზრდა", ორი წლის შემდეგ კი ახალი ისტორია დაიწერა.

სიტყვათა შეხამებას - "ყველაზე ახალგაზრდა" - სებასტიანის კარიერასთან პირდაპირი დამოკიდებულება აქვს. ის ყოველთვის ყველაზე ახალგაზრდა იყო. ყველაზე ადრე დააგროვა ქულები ფორმულა 1-ში (სადებიუტო რბოლაში), ყველაზე ადრე ლიდერობდა რბოლაში (თუნდაც ერთი წრე), პოულის მფლობელი ყველაზე ახალგაზრდა პილოტი გახდა, სხვებზე ადრეულ ასაკში მოიგო გრან-პრი, ახლა კი ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა.

* * *
სებასტიან ფეტელი 1987 წლის 3 ივლისს ჰესენის ფედერალური მიწის ქალაქ ჰეპენჰაიმში დაიბადა. ავტოსპორტისადმი სიყვარული მას დაბადებიდან ერგო, რადგან მამამისი ნორბერტი კარტინგსა და მაშინ პოპულარულ დისციპლინა ჰილკლიმბში გამოდიოდა და მთელი ოჯახი მასთან ერთად ტრეილერით მოგზაურობდა. სებასტიანის უფროსი და შტეფანი ასევე გამოდიოდა კარტის მანქანით 1993-94 წლებში.

ავტოსპორტისადმი კიდევ უფრო მეტად დაინტერესებისთვის, სამწლინახევრის სებასტიანს მშობლებმა შობაზე კარტის მანქანა აჩუქეს და ამ ნაბიჯით ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო ფეტელის მომავალი. მოგვიანებით ნორბერტმა ცოტა ხნით ინანა ამ საჩუქრის გამო, რადგან ბავშვი მანქანიდან ვერ ამოჰყავდათ და მუდმივად მშიერი იყო.


ბავშვობაში სამი კერპი ჰყავდა. სამივენი მიხაელები ან მაიკლები იყვნენ: მიხაელ შუმახერი, მაიკლ ჯორდანი და მაიკლ ჯექსონი. "პატარაობაში მინდოდა ზუსტად ისეთივე ვყოფილიყავი, როგორიც მაიკლ ჯექსონი და როცა მივხვდი, რომ არაფერი გამომივიდოდა, უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმა მივიღე" - აღიარა ფეტელმა ფორმულა 1-ის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში..

ბავშვობაში ფეტელი ფეხბურთითაც იყო დაინტერესებული და სპორტის ამ სახეობაშიც ვარსკვლავობა უნდოდა. "ესეც დღემდე ღრმად არის ჩემში", - ამბობს ფეტელი თავის არშემდგარ საფეხბურთო კარიერაზე. ოდესღაც ის TSV Hamback-ის იუნიორთა გუნდში გამოდიოდა და თავდასხმაში თამაშობდა. თუმცა თამაშობდა - ხმამაღალი ნათქვამია. "ბევრ გოლს ვერ ვიტანდი და ხშირად არ გავდიოდი მოედანზე", - ყვება ფეტელი. ფეხბურთისადმი სწრაფვა სებს დღესაც შერჩა. გერმანელის საყვარელი გუნდია ფრანქფურტის "აინტრახტი" - ჰესენის მიწის მთავარი კლუბი.


* * *
სებასტიან ფეტელი პირველად სარბოლო ტრეკზე ხუთი წლის ასაკში მოხვდა, შვიდი წლის ასაკში კი მინი-კლასის კარტინგის ლიგაში მიიღო მონაწილეობა, არადა, ოფიციალურ რბოლებში მხოლოდ რვა წლის ბიჭებს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. ვიტგენბორნში პირველი გამარჯვებიდან დიდ დრო არ იყო გასული, ამის შემდეგ კი ახალ-ახალი წარმატებები მოვიდა.
ცხრა წლის ასაკში კი იღბალმა სებასტიანი "რედ ბულის" იუნიორთა გუნდს შეახვედრა. ფეტელის ოჯახი სწორედ ამ პერიოდში ეძებდა ნიჭიერი ვაჟისთვის სპონსორს და "რედ ბულის" ვარიანტიც გამოჩნდა. მომდევნო წელს მან მოიგო გერმანიის ჩემპიონატი, შემდეგ კი იმ რვა წლის განმავლობაში, როცა სებასტიანი კარტინგის კლასში გამოდიოდა, პრაქტიკულად ყველა სერია დაიპყრო - ჩრდილო რაინ-ვესტფალის თასის ოთხგზის ჩემპიონი, კარტინგში გერმანიის საბავშვო ჩემპიონატის გამარჯვებული, კემპენ-მანჰაიმის თასი, მონაკოს თასი კარტინგში, პარიზი-ბერსის თასი, იუნიორთა ევროპის ჩემპიონი და გერმანიის ჩემპიონი კარტინგში იუნიორთა შორის - მის ასაკში უფრო გრძელი სია შეუძლებელია.

სებასტიანის კერპმა მიხაელ შუმახერმა ფეტელს ერთ-ერთი გამარჯვებისთვის თასი გადასცა - ამას სები დღემდე აღელვებით იხსენებს. გარდა ამისა, სწორედ იმ დროს ფეტელის ნიჭი შუმახერის გარდა ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა გერჰარდ ბერგერმა შეამჩნია.

აი, როგორ იხსენებს ავსტრიელი იმ მომენტს, როცა მას შუმახერმა ფეტელის ნიჭისთვის ყურადღების მიქცევა ურჩია: "გერჰარდი, მოდი აქ, დააკვირდი. აქ კარტში ერთი ბიჭი სასწაულებს ახდენს, მისი გვარია ფეტელი". მე ვკითხე: "ვინ?" "ფეტელი, ძალიან სწრაფია". ეს დიდი ხნის წინ იყო".

2002 წლის აგვისტოში სებასტიან ფეტელი ვალენსიაში გაემგზავრა, სადაც "ფორმულა-BMW"-ის სარბოლო სკოლა პილოტებს არჩევდა. გერმანელმა 46 პილოტს გაასწრო და უკვე 2003 წელს "ფორმულა-BMW"-ის სერიაში გამოდიოდა. ცნობისთვის, სებას პიროვნებით არამარტო "რედ ბული", არამედ ბავარიული კონცერნიც იყო დაინტერესებული. სებასტიანი "აიფელანდ რეისინგში" გამოდიოდა და იმ წელს ჩემპიონატში მისი შედეგები მართლაც ფენომენალური იყო - საერთო ჩათვლაში სებმა მეორე ადგილი დაიკავა და საუკეთესო დებიუტანტის პრიზი მიიღო. ფეტელი ხუთ რბოლაში მივიდა პირველი ფინიშთან და 12-ჯერ ავიდა პოდიუმზე.

შემდეგ წელს კი სებასტიანმა  ავტოსპორტის მთელი სამყარო აღაფრთოვანა. ფეტელმა BMW-ის სერიის ახალი რეკორდი დაამყარა - 20 რბოლიდან 18 მოიგო, 14-ჯერ პოულიდან აიღო სტარტი, 13 უსწრაფესი წრე აჩვენა. ყოველ რბოლაში პოდიუმზე ავიდა და 400 შესაძლებლიდან 387 ქულა დააგროვა (!).

2005 წელს სებასტიან ფეტელი დააწინაურეს. მას დებიუტი ჰქონდა ფორმულა 3-ის ევროსერიაში - იქ ASL-ის გუნდში გამოდიოდა. თავის პირველ სეზონში სებასტიანი მეხუთე იყო საერთო ჩათვლაში - 64 ქულა დააგროვა და აქაც ჩემპიონატის საუკეთესო დებიუტანტი გახდა. სებს იმდენივე ქულა ჰქონდა, რამდენიც ფრანკ პერერას, მაგრამ ფეტელმა ფრანგთან იმის გამო წააგო, რომ უფრო იშვიათად ადიოდა პოდიუმზე. იმ წელს გერმანელს ეტაპი არ მოუგია, მაგრამ ოთხჯერ მეორე ადგილი დაიკავა. თავისუფალი უქმეების დროს სებასტიანმა მონაწილეობა მიიღო ესპანეთის ფორმულა 3-ში. იქ პირველივე რბოლაში მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ტესტები ფორმულა 1-ის ბოლიდით.

 

* * *
2004 წელს ბრწყინვალე გამოსვლამ და შემდეგ სეზონში მუდმივმა პროგრესმა ფეტელის მიმართ უფრო მეტი დაინტერესება გამოიწვია. 2005 წლის 27 სექტემბერს გაიმართა ტესტები ხერესში, სადაც "BMW-უილიამსის" საბრძოლო ბოლიდის საჭეს ჩვენი გმირიც მიუჯდა. ტესტები წარმატებით დასრულდა. გუნდი სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა გერმანელის შესაძლებლობებით - ის უპრობლემოდ ამყარებდა საქმიან კონტაქტს ინჟინრებთან, მოხერხებულად მუშაობდა მანქანის მახასიათებლებთან, რაც უფრო მაღალი სიჩქარის განვითარების საშუალებას აძლევდა. თავად სებმა განაცხადა, რომ სხვაობა "დაბალ" სერიებსა და ფორმულა 1-ს შორს ძალიან დიდია.


შემდეგ წელს სებასტიანმა გააგრძელა გამოსვლა ფორმულა 3-ში ძველი გუნდის ბოლიდით და საბოლოოდ საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. ფეტელმა ორ გამარჯვებას მიაღწია ჰოკენჰაიმზე, თითოს - ნიურბურგრინგსა და ბარსელონაში. ჩემპიონის ბედი სეზონის ბოლო რბოლაში ირკვეოდა და საბოლოოდ ფეტელმა დღეს DTM-ში გამოსვლით ცნობილ პილოტ პოლ დი რესტასთან წააგო. ჩემპიონობისთვის ბრძოლა ფეტელისთვის იმის გამოც გართულდა, რომ ის პარალელურად "ფორმულა-რენოში" გამოდიოდა და ფორმულა 1-ის ტესტ-პილოტიც იყო. თუმცა თავაც გერმანელი ამბობდა, რომ დატვირთვები არაფერ შუაშია და საკუთარი შეცდომების გამო ვერ გახდა ჩემპიონი.

"ფორმულა-რენოში" სებასტიანი ბრწყინვალედ გამოდიოდა, თუმცა ჩემპიონის ტიტულამდე ერთხელაც ვერ მივიდა, რადგან ხელი შეუშალა ფორმულა 1-ის პილოტის მოახლოებულმა კარიერამ. ამ სერიაში ფეტელმა კოლინ ფლემინგი შეცვალა და მაშინვე შესანიშნავი შედეგი აჩვენა. პირველ რბოლაში მეორე იყო, რადგან დისკვალიფიკაცია მისცეს დღეს ცნობილ პასტორ მალდონადოს. მეორე ცდაზე კი საერთოდაც პირველი ადგილი დაიკავა. "ფორმულა-რენოსთან" მას უსიამოვნო მოგონებებიც აკავშირებს: იქ შეემთხვა საშინელი ავარია, რის გამოც კინაღამ თითი დაკარგა.

იმ დროს BMW-მ გაანთავისუფლა ჟაკ ვილნევი და ის თავისი მესამე პილოტით - რობერტ კუბიცათი შეცვალა. ბრიტანული საჯინიბო ახალ ტესტ პილოტს ეძებდა და ფეტელმა თავისი შანსი ხერესში გამართულ ტესტებზე (2006 წლის 5 ივლისს) გამოიყენა. თურქეთის გრან-პრიდან მოყოლებული, სებასტიანი გუნდის მესამე პილოტი გახდა. მან ყველა განაცვიფრა არა მხოლოდ ფორმულა 1-ში ასე ადრეულ ასაკში (19 წლის და 53 დღის) მოხვედრით, არამედ თავისი სისწრაფით. აქვე დაუშვა პირველი შეცდომაც: სებმა დაივიწყა, რომ პიტ-ლეინზე სისწრაფე შეზღუდული იყო და ათასი დოლარით დაჯარიმდა.

"სიმართლე გითხრათ, მეშინოდა, მეორედაც არ გამეკეთებინა იგივე. ეს უკვე სერიოზული დარღვევა იქნებოდა და სავარაუდოდ, 20 ათასი დოლარი დამიჯდებოდა. არადა, საფულეში სულ რაღაც 3500 ევრო მედო", - იხსენებს ფეტელი.

2006 წლის სეზონში სებასტიანისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. მონცაში მიხაელ შუმახერმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. აი, როგორ იხსენებს იმ მომენტს სებასტიან ფეტელი: "შეგეძლო ბოქსებში სრულიად შიშველს გაგერბინა - მაინც ვერავინ შეგამჩნევდა".

2006 წლის ბოლოს ფეტელი ამასაც ამბობდა: "არავითარი გეგმა არ გამაჩნია. ფორმულა 1-ში კარიერა ძალიან არაპროგნოზირებადია, მაგრამ ვფიქრობ, იგივეს თქმა სპორტის სხვა სახეობებზეც შეიძლება. ხანდახან მოვლენები ისე მიეწყობა ერთმანეთს, რომ შეუძლებელია რაიმეს დაგეგმვა. ვეცდები ყოველწლიურად განვავითარო საკუთარი შესაძლებლობები..."

(გაგრძელება იქნება)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული