ფორმულა 1: შესანიშნავი ათეული

AutoSharing Option

ბრიტანული ტელეარხის ITV-ის ჟურნალისტებმა ცნობილ ექსპერტს, ჯეიმს ალენს გასული სეზონის ათი საუკეთესო პილოტის დასახელება სთხოვეს. სპეციალისტმა პირველ ადგილზე მსოფლიოს ჩემპიონი სებასტიან ფეტელი დააყენა და ასე დაასაბუთა თავისი არჩევანი...

1. სებასტიან ფეტელი
წელს ბევრი უსვამდა ხაზს იმას, რომ ფეტელსა და კუბიცას ურთულეს სიტუაციაში უწევდათ გამოსვლა, მაგრამ სებასტიანი აუცილებლად უნდა გამოვყოთ, რადგან მან თავი გაართვა დასახულ ამოცანას. ტიტულის მოგება ძალიან რთულია, თუნდაც საუკეთესო მანქანის საჭესთან. ფეტელი შეცდომებს უშვებდა - ამის თავიდან აცილება არავის შეუძლია, მაგრამ ამასთან, ათი პოული მოიპოვა და სეზონის დასკვნით ნაწილში

შეუდარებელი იყო. 

2. ფერნანდო ალონსო
მეორე პოზიციაზე დიდი ხანი ვაკეთებდი არჩევანს ფერნანდო ალონსოსა და ლუის ჰემილტონს შორის, მაგრამ ფერნანდო წელს უფრო სტაბილური იყო, რაც მის კარგ მუშაობასა და გუნდში ინტეგრაციას უკავშირდება. როცა "ფერარი" ესპანელთან კონტრაქტს აფორმებდა, მას გუნდში ლიდერის მიღება სურდა. ასეც მოხდა, მაგრამ ასეთ პირობებში ბრძოლას გამოეთიშა ფელიპე მასა. ყველაზე უკეთ "ფერარიში" შექმნილი სიტუაცია და გუნდის მიერ გაკეთებული არჩევანი გერმანიის გრან-პრიზე გამოჩნდა, როცა ხელმძღვანელობამ ადგილები შეაცვლევინა პილოტებს. 

3. ლუის ჰემილტონი
ლუისი დომინირებდა ზაფხულის დასაწყისში - 108 ქულა ექვს რბოლაში, მაგრამ "მაკლარენმა" ვერ მიაღწია იმ პროგრესს, რაც შარშან, სეზონის ბოლო ნაწილში ჰქონდა. ამის გამო წააგეს ჩემპიონატი. ჰემილტონი მაინც რჩება ფორმულა 1-ის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და ნიჭიერ პილოტად. მისმა რამდენიმე გასწრებამ უდიდესი სიამოვნება მიანიჭა გულშემატკივარს. ასევე შთამბეჭდავი იყო მისი გამარჯვებები მონრეალსა და სპაზე. 

4. მარკ უებერი 
მარკ უებერი ნაიჯელ მენსელს მახსენებს, რომელმაც საუკეთესო შედეგეს მაშინ მიაღწია, როცა 30 წელს გადააბიჯა. საკითხავი ის არის, შეძლებს თუ არა ავსტრალიელი მომავალ წელს გამარჯვებას? ვფიქრობ, მას ძალიან გაუჭირდება, რადგან ფეტელი ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ კიდევ უფრო მოუმატებს. უებერი სეზონის მსვლელობისას ყველაზე სტაბილური იყო. გამონაკლისი აღმოჩნდა ბოლო სამი გრან-პრი, ხოლო კორეის რბოლისას ავარიამ ფაქტობრივად ყველა შანსი მოუსპო. 

5. რობერტ კუბიცა
კუბიცამ ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა, თითქმის არ უშვებდა შეცდომას და ხშირად იმაზე მეტს იღებდა, ვიდრე ამის საშუალებას მანქანა აძლევდა. მან საერთო ჩათვლაში მხოლოდ ექვსი ქულა წააგო ნიკო როსბერგთან, არადა, პოლონელის "რენო" ხშირ შემთხვევაში "მერსედესზე" სუსტი იყო. რობერტმა რამდენჯერმე რბოლა იმაზე უკეთეს პოზიციაზე დაასრულა, ვიდრე სტარტზე ჰქონდა, ეს კი ექსტრა-კლასის პილოტებს ახასიათებთ. 

6. ჯენსონ ბატონი
ბევრს გაუკვირდება, ორი რბოლის მომგები ჯენსონ ბატონი, რომელმაც სულ ცოტა წააგო ლუის ჰემილტონთან, ჩემს რეიტინგში მეექვსე ადგილზე რომ მოხვდა, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, თუ რა მაღალი დონის ჩემპიონატი ვიხილეთ 2010 წელს. ჯენსონს შეეძლო არ ჩამორჩენოდა ლუისს, მაგრამ საერთო ჯამში ის ზედმეტად კონსერვატული და ფრთხილი იყო და რისკზე თითქმის არ მიდიოდა. სისწრაფეში ბატონმა წააგო ჰემილტონთან - "მაკლარენის" პილოტების პაექრობა კვალიფიკაციაში 14:5 დასრულდა ლუისის სასარგებლოდ. 

7. ნიკო როსბერგი
როსბერგი ისე ნიჭიერი ვერ არის, როგორც ჰემილტონი, მაგრამ მას აქვს სისწრაფე და მტკიცე ხასიათი. კუბიცას მსგავსად, ნიკოც სტაბილურად აგროვებდა ქულებს და კვალიფიკაციაზე მოპოვებულ პოზიციას აუმჯობესებდა. როსბერგმა შეინარჩუნა სიმშვიდე სეზონის დასაწყისში, როცა ბევრი სვამდა კითხვას - შეძლებდა თუ არა ახალგაზრდა პილოტი მიხაელ შუმახერთან ბრძოლაში "მეორე ნომრის" როლთან შეგუებას, მაგრამ სულ მალე გამოჩნდა "მერსედესში" ძალთა რეალური თანაფარდობა. ასევე იოლი იქნება თუ არა მისთვის 2011 წელი? მეეჭვება, მაგრამ მომავალ წელს ჩვენ უკეთ გავიცნობთ ნიკოს ხასიათს. 

8. რუბენს ბარიკელო
სეზონის დასაწყისში ბარიკელოს გუნდთან ერთად მანქანის გაძლიერებაზე ბევრი მუშაობა მოუწია, მაგრამ შემდეგ ამ შრომამ ათეულში სტაბილურად მოხვედრის საშუალება მისცა.

მეოთხე ადგილი ვალენსიაში და მეხუთე - სილვერსტოუნში ბარიკელოს უდიდესი წარმატება იყო გასულ სეზონში, ისევე როგორც, თამამი შეტევა შუმახერზე უნგრეთის რბოლის დროს.


ჰიულკენბერგმა ბრაზილიაში პოული მოიპოვა, მაგრამ სეზონის საერთო მონაცემების მიხედვით, რუბენსმა თანაგუნდელს კვალიფიკაციებში 13:6 მოუგო. 

9. კამუი კობაიაში
იაპონელი ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი იყო წელს გასწრებებში, თუმცა ყველა ცდა წარმატებით არ დასრულებულა. ბევრს ახსოვს მისი შეტევა ალონსოზე ვალენსიაში.

მართალია, მაშინ კამუის რბილი საბურავების ახალი კომპლექტი ეყენა, ალონსო კი გაცვეთილი საბურავებით იყო ტრასაზე. მიუხედავად ამისა, უდავოა კობაიაშის სითამამე და იმ შეტევის ეფექტურობა. ეს პილოტი უყვართ გულშემატკივრებს, მისი სისწრაფე ეჭვს არ იწვევს, მაგრამ მომავალ წელს ყველა ფაქტორი უნდა შეკრიბოს უფრო მეტი წარმატების მისაღწევად. 

10. ნიკო ჰიულკენბერგი
ჰიულკენბერგისთვის ეს სეზონი ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველში ის დებიუტანტს ჰგავდა, ვისაც ტესტებში გამოსვლის გამოცდილებაც არ გააჩნდა, მაგრამ შემდეგ ნიკომ მოუმატა, რამდენიმე შესანიშნავი რბოლა ჩაატარა და სილვერსტოუნის შემდეგ ექვსჯერ მოხვდა პირველ ათეულში. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო პოული ბრაზილიაში - ნახევრადმშრალ ტრასაზე ჰიულკენბერგმა ზედიზედ ცხრაჯერ აჩვენა საუკეთესო დრო სექტორებზე და დიდი უპირატესობით პირველი ადგილი დაიკავა. მას კარგი პერსპექტივები აქვს, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა "უილიამსთან" კონტრაქტის გასაგრძელებლად.

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 1 /
საუკეთესოდ ახსნა ყველაფერი
avtuko
18:51 28-12-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული