ფორმულა 1: "რედ ბულის" საჯინიბოს ოფისი გაძარცვეს

AutoSharing Option
ექვსი მძარცველისგან შემდგარმა ჯგუფმა ფორმულა 1-ის ავსტრიული საჯინიბოს, "რედ ბულის" ბაზაზე შეაღწია და 64 თასი მოიპარა. ინფორმაცია დაადასტურა გუნდის ხელმძღვანელმა კრისტიან ჰორნერმა.

"ძალიან განაწყენებულნი ვართ ამგვარი თავხედური შემოჭრით. დამნაშავეები მთავარი შესასვლელიდან მანქანით შევიდნენ ოფისში და სამოცზე მეტი თასი მოიპარეს. მრავალი წელი დაძაბული მუშაობა დაგვჭირდა ამ პრიზების მოსაპოვებლად.

ამ ძარცვამ სერიოზული ზარალი მოგვიტანა და გაანაწყენა ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც ძარცვის მომენტში საკუთარ მოვალეობებს ასრულებდნენ.

ვის შეიძლებოდა დასჭირვებოდა ეს პრიზები? გუნდისთვის მისი ფასი ძალიან მაღალია, თუმცა ფაქტობრივი ღირებულება უმნიშვნელოა. გარდა ამისა, ზოგიერთი თასი
მხოლოდ ორიგინალის ზუსტი ასლი იყო", - ამბობს ჰორნერი.

მძარცველებმა ორი ავტომობილი გამოიყენეს: ვერცხლისფერი ყველგანმავალი, რომლითაც შენობაში შესასვლელი კარი შეანგრიეს და მუქი ფერის უნივერსალი "მერსედესი". ორივე მანქანას, სავარაუდოდ, უცხოური სანომრე ნიშნები ჰქონდა. პოლიციას დამნაშავეების აღწერილობა ჯერჯერობით არ აქვს. მამაკაცები შავი ფერის ტანსაცმელსა და ნიღბებში იყვნენ გამოწყობილნი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული