ფორმულა 1. ექსპერტის აზრი - "მერსედესი" ისევ ფავორიტი იქნება

AutoSharing Option
ბერლინურ გაზეთ Die Welt-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შოტლანდიელი დევიდ კულტჰარდი აფასებს წინასასეზონო ტესტების პირველი სერიის შედეგებს...

- "მერსედესი" გააგრძელებს დომინირებას 2015 წელს?
- იმის გათვალისწინებით, რომ ტექნიკური რეგლამენტი სტაბილური რჩება, გუნდში ძველი პილოტები არიან და ფორმულა 1-ში განსაკუთრებული სიახლე არ ხდება. ძალიან გამიკვირდება, თუ სეზონის პირველ რბოლაში "მერსედესი" პოულს ვერ მოიპოვებს. სეზონის დასაწყისში ეს გუნდი დანარჩენებისთვის ორიენტირი იქნება და ყველას გაუძღვება წინ.

- ხერესის ტესტებზე გერმანული გუნდის მანქანამ უკვე აჩვენა შესაშური სტაბილურობა...
- დიახ, ეს მართლაც შთამბეჭდავი იყო. სადღაც წავიკითხე, რომ
ნიკო როსბერგსა და ლუის ჰემილტონს შეეძლოთ, თავიანთი ახალი ბოლიდებით მელბურნამდე ჩაეღწიათ. მართალია, "ფერარი" უფრო სწრაფი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, "მერსედესი" აშკარად არ ცდილობდა დროზე ადრე საკუთარი პოტენციალის დემონსტრაციას და მეტად კონსერვატიული მიდგომა ჰქონდა პირველი ვარჯიშებისადმი.

- ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მოსაწყენი სეზონი გველოდება?
- არ მგონია. ფორმულა 1-ში ყოველთვის არის ბრძოლა, რომლისთვის თვალის მიდევნება საინტერესოა. ტექნოლოგიები ვითარდება, პადოკი კი ყოველთვის დუღს სხვადასხვა პოლიტიკური კონფლიქტის გამო. გარდა ამისა, რბოლები ძალიან საინტერესო ქვეყნებში იმართება და ტრასაზე ისევ ვხედავთ დაძაბულ დუელებს. ვიღაცას ერგება გამარჯვება, ვიღაცები დამარცხებულნი დარჩებიან, როგორც ეს სპორტში ხდება. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, მორიგი საინტერესო სეზონი გველოდება.

- გასული წლის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა როსბერგისა და ჰემილტონის დაპირისპირება იყო. გაგრძელდება თუ არა ეს ბრძოლა 2015 წელს?
- თანაგუნდელებს შორის ყოველთვის მიდის ბრძოლა. მათ ერთნაირი მანქანები ჰყავთ და პარტნიორის გასწრება - უპირველესი ამოცანაა. ეს სტანდარტული სიტუაციაა ფორმულა 1-ის გუნდებისთვის. გამონაკლისი იყო მიხაელ შუმახერის ეპოქის "ფერარი", სადაც მკაცრი სუბორდინაცია მოქმედებდა.

- გასულ წელს, ბელგიაში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ "მერსედესის" ორივე პილოტი ავარიის მონაწილე იყო, მონაკოში კი ჰემილტონმა ხელი არ ჩამოართვა როსბერგს...
- ამის თავიდან აცილება შეუძლებელია. ორივეს ისეთი მანქანა ჰყავს, რომელიც ჩემპიონატში გამარჯვების საშუალებას იძლევა. ამას კი ყოველთვის მივყავართ ტრასაზე კონფლიქტებთან. დარწმუნებული ვარ, ამ სეზონშიც ვიქნებით უთანხმოებისა და ინციდენტების მომსწრენი და მადლიერნი უნდა ვიყოთ "მერსედესის" იმისთვის, რომ არ ცდილობს მომხდარის დაფარვას პუბლიკისგან. პილოტებს ნებადართული აქვთ ერთმანეთში ბრძოლა და ეს ძალიან კარგია.

- როსბერგი დიდი ხანი ლიდერობდა ჩემპიონატში, მაგრამ ტიტული მაინც ჰემილტონმა მოიგო. რა გაკვეთილი უნდა მიიღოს აქედან ნიკომ?
- სწავლისა და გამოცდილების პროცესი მისთვის დასრულებული არ არის. ვფიქრობ, პარტნიორთან შარშანდელმა ბრძოლამ როსბერგს ბევრი რამ ასწავლა, რადგან ეს რეალურად პირველი სეზონი იყო, როცა ის ტიტულისთვის იბრძოდა. ძალიან რთულია მოემზადო იმისთვის, რომ ყოველი სიტყვა შენი მისამართით უსიამოვნო იქნება, შენს ყოველ მოქმედებას შეაფასებენ. ეს ყველაფერი წარმოშობს კოლოსალურ პრესინგს.

ამასთან, ლუისს ჰქონდა ტიტულისთვის ბრძოლის გამოცდილება და მისთვის უფრო იოლია ასეთ ზეწოლასთან გამკლავება, მაგრამ წელს ნიკო უფრო მზად იქნება ფსიქოლოგიურად, ვიდრე 2014 წელს, იმ დროს, როცა მისი თანაგუნდელი მივიდა იმ დონემდე, როცა უკვე რთულია ბევრის მიღწევა. ჰემილტონს, პრაქტიკულად, არ აქვს სუსტი წერტილი, ის ყველა მიმართულებით ძლიერი გახდა, ვიდრე 2008 წელს იყო. მისი დამარცხება რთულია.

- ორივეს გაუკვირდა "ფერარის" სისწრაფე პირველ ტესტებზე. როსბერგმა განაცხადა, რომ უბრალოდ, განცვიფრებული იყო. მართლა შეუძლია "სკუდერიას" "მერსედესის" დამარცხება?
- რთული სათქმელია, უნდა დაველოდოთ პირველ რბოლას. მაგრამ უკვე გასაგებია, რომ "ფერარი" წელს აშკარად ძლიერია. მათი მოდერნიზებული ძალისმიერი აგრეგატი გაცილებით მძლავრია, ვიდრე შარშანდელი, მაგრამ ასევე უნდა დავაკვირდეთ, რას მიაღწია "რენომ". ახლა არ შემიძლია ვთქვა -რამდენ ხანს გაგრძელდება "მერსედესის" დომინირება.

- როცა მიხაელ შუმახერი 1996 წელს "ფერარიში" მივიდა, მისი გუნდი მაშინაც არ იყო საუკეთესო ფორმაში. ფიქრობთ, რომ სებასტიან ფეტელს შეუძლია "სკუდერიას" ახალ დონეზე აყვანა?
- ამისთვის ყველა პირობა არსებობს. სებასტიანი - ეს არის გამარჯვებების მოპოვების მანქანა და ამით წააგავს მიხაელს - მან ასევე მოიგო ოთხი ტიტული "რედ ბულთან" ერთად. ეს ბევრზე ლაპარაკობს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფორმულა 1 ძალიან შეიცვალა და არ მგონია, ფეტელს დღეს იმავე მეთოდების გამოყენება სჭირდებოდეს, რომელსაც შუმახერი მიმართავდა. მან უნდა დაინახოს პერსპექტივა და დაეხმაროს "ფერარის" განვითარებაში.

- შეუძლია მას ასეთი ამოცანის გადაჭრა?
- ვფიქრობ, შეუძლია. შეხედეთ "ფერარის" - ეს ხომ ფორმულა 1-ის კლასიკური გუნდია, რომელსაც უამრავი გამარჯვება აქვს. მარანელოში იციან გამარჯვების გემო, მისკენ ისწრაფვიან... ეს მათ სისხლში აქვთ გამჯდარი. რამ შეუძლია შეუშალოს ხელი წარმატებაში ისეთ პილოტს, როგორიც სებასტიან ფეტელია? ჩემი აზრით, გაცილებით რთული იყო ჩემპიონის დონეზე "რედ ბულის" აყვანა, რომელსაც არ გააჩნდა სახელოვანი ისტორია და გამარჯვებების გამოცდილება და მაინც მიაღწია თავისას - ოთხი ტიტული მოიგო. ჩემი აზრით, ეს დაუჯერებელი მიღწევაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული