დევიდ კულტჰარდი: ფეტელი და ალონსო სხვა განზომილებაა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა დევიდ კულტჰარდმა დაგმო იმ გულშემატკივრების საქციელი, რომლებმაც "რედ ბულის" პილოტს სებასტიან ფეტელს სინგაპურის გრანპრის პოდიუმზე უსტვინეს. ბრიტანელის სიტყვებით, ადამიანებმა უნდა აღიარონ, რომ ფეტელი უკვე მიიჩნევა ფორმულა 1-ის ერთ-ერთ უდიადეს მოთამაშედ.

"ხალხს არ უნდა შურდეს ვინმეს წარმატების. ისინი აღფრთოვანებულნი უნდა იყვნენ ფეტელით. დიახ, სებასტიანი გამოდის "რედ ბულში" და ისე გამოვიდა, რომ მიხაელ შუმახერის მიერ მოგებული შვიდი ტიტულის შემდეგ კიდევ ერთი დიადი გერმანელი პილოტი გამოჩნდა. თუმცა სხვა გუნდებმაც უნდა სცადონ იმის გაკეთება, რასაც "რედ ბული" დღეს გვიჩვენებს.

ჩვენ
უნდა გავაცნობიეროთ, რას მიაღწია ფეტელმა. სებასტიანი უკვე შედის დიადთა რიცხვში, თუმცა ხალხს უჭირს ამის აღიარება. თუ ის დომინირებს ეტაპებზე იმის წყალობით, რომ ჰარმონიულად მუშაობს შესანიშნავ მანქანასთან, ამის გამო ჩვენ ის უნდა ვაკრიტიკოთ.

ის არის ადამიანი, რომელსაც მხარს უჭერს "რედ ბული". ეს გუნდი არც ისე კარგად ემშვიდობებოდა სხვა პილოტებს, რომლებიც არ აჩვენებდნენ სასურველ შედეგებს, სებასტიანმა კი გაამართლა. ყველა დიადი პილოტი იღებდა კარგ ან ცუდ გადაწყვეტილებას იმაზე, რომელ გუნდში გაეგრძელებინა გამოსვლა და მრბოლელის თვისებების ნაწილად მიიჩნევა საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნა.

ალონსო, რომელმაც სინგაპურში კვლავ აჩვენა კარგი სამუშაო არც ისე სწრაფი ბოლიდით, რა თქმა უნდა, მოხარული არ იქნება ფეტელის კიდევ ერთი ჩემპიონობით, მაგრამ ფერნანდო ალონსო და სებასტიან ფეტელი დიად პილოტთა რიცხვში არიან. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ტიტულია მათ ანგარიშზე. ისინი თანაბარნი არიან. რეალურად, ფეტელი და ალონსო თანამედროვე ფორმულა 1-ში ცალკე ლიგაში იმყოფებიან",
- ამბობს კულტჰარდი BBC-ისთან კომენტარში.

"რედ ბულის" საიდუმლო ამოხსნილია?
იტალიური გამოცემა La Stampa-ს ტექნიკურმა ექსპერტმა პაულო ფილიზეტიმ ანალიზი გაუკეთა სინგაპურის გრანპრიზე "რედ ბულის" ფანტასტიკურ გამოსვლას და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ავსტრიული საჯინიბოს კონსტრუქტორულმა ბიურომ, ედრიან ნიუის ხელმძღვანელობით, გადამწყვეტი დარტყმა მიაყენა კონკურენტებს.

როგორც გახსოვთ, სინგაპურის გრანპრის დროს სებასტიან ფეტელი წრეზე ორ წამს უგებდა მოწინააღმდეგეებს.

ფილიზეტის მიაჩნია, რომ ბოლო ტექნიკური განახლების წყალობით, "რედ ბულს" დიდი უპირატესობა ექნება იმ ტრასებზე, სადაც ბოლიდს მაქსიმალურად მაღალი მოჭიდების ძალა სჭირდება.

როგორც ირკვევა, "რედ ბულში" გადახედეს დიფუზორის კონსტრუქციას. ახლა დიფუზორის გარე ფრთები გვერდზეა გადახრილი, რისი წყალობითაც იქმნება ე.წ. ვენტურის ეფექტი. ასევე, დიფუზორის ფრთები ორივე მხარეს გააფართოვეს. შედეგად, ნიუიმ შექმნა ერთგვარი ორმაგი დიფუზორის ეფექტი, რომელიც დამონტაჟებული იყო 2009 წელს "ბრაუნის" ბოლიდზე. სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ აღნიშნული კონსტრუქცია ნაკლებად რთულია და ამასთან, ის სრულად პასუხობს ფორმულა 1-ის დღევანდელ ტექნიკურ რეგლამენტს.

გასწრება ისევ კიმისია
სინგაპურის გრანპრის დროს დაფიქსირდა 34 გასწრება. ყველაზე მეტად გამოიჩინა თავი ფელიპე მასამ – მას ხუთი წარმატებული მანევრი ჰქონდა. თუმცა მთელი სეზონის რეიტინგში გასწრების საუკეთესო სპეციალისტად რჩება კიმი რაიკონენი. ამაში ეჭვი არ შეეპარებოდათ მათ, ვინც სინგაპურში ფინელის პილოტირების ბრწყინვალე სტილი იხილა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი მანევრი ფინიშთან ახლოს, როცა კიმიმ ერთ-ერთ მოსახვევში გარე რადიუსით გაუსწრო ჯენსონ ბატონს.

ფინურმა გაზეთმა Turun Sanomat-მა განაახლა სეზონის დაწყებიდან გასწრებების სტატისტიკა:

1. კიმი რაიკონენი - 46; 2-3. ფელიპე მასა, მარკ უებერი - 45; 4. ლუის ჰემილტონი - 41; 5. ფერნანდო ალონსო - 34; 6. ჟან-ერიკ ვერნი - 29; 7-8. რომენ გროსჟანი, ადრიან სუტილი - 27; 9. ნიკო ჰიულკენბერგი - 27; 10-11. პოლ დი რესტა, ვალტერი ბოტასი - 25; 12. დანიელ რიკარდო - 24; 13. ნიკო როსბერგი - 21; 14. სერხიო პერესი - 19; 15-17. შარლ პიკი, ესტებან გუტიერესი, პასტორ მალდონადო - 17; 18-19. სებასტიან ფეტელი, ჯენსონ ბატონი - 16; 20. გიდო ვან დერ გარდე - 11; 21. მაქს ჩილტონი - 7; 22. ჟიულ ბიანკო - 5.

რა თქმა უნდა, ნებისმიერ სტატისტიკას ესაჭიროება კომენტარები. თუ ამ რეიტინგში ფერნანდო ალონსო მეხუთე ადგილს იკავებს, სებასტიან ფეტელი კი მხოლოდ მეთვრამეტეა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ჩამორჩებიან რაიკონენს. "რედ ბულის" ბოლიდი სებასტიანს საშუალებას აძლევს, რეგულარულად აიღოს სტარტი პოულიდან და გასაგებია, რომ რბოლების დროს ლიდერის რანგში არ უწევს გასწრება, კიმი და ფერნანდო კი იძულებულნი არიან, წინ გაიკვლიონ გზა, რაც აისახება კიდეც გასწრებების სტატისტიკაში.

ნიკო "ლოტუსს" მიუახლოვდა
გერმანული გამოცემა "ბილდის" ინფორმაციით, წინ არაფერი უდგას "ლოტუსსა" და ნიკო ჰიულკენბერგს შორის კონტრაქტის გაფორმებას. გერმანელი ჟურნალისტების მონაცემებით, მალაიზიური საჯინიბოს ხელმძღვანელობა მოელაპარაკა არაბ ინვესტორებს, რამაც ბევრ საკითხს მოჰფინა ნათელი და შეამცირა ფელიპე მასას შანსები, მოხვდეს "ლოტუსის" შემადგენლობაში. ახლა ამ გუნდისთვის აღარ არის პრინციპული ის, რომ მასას გაფორმებას შეუძლია "ლოტუსს" 10 მილიონი ევრო მოუტანოს.

როგორც "ბილდი" ამტკიცებს, "ლოტუსსა" და ჰიულკენბერგს მხოლოდ რამდენიმე დეტალი აქვთ მოსაგვარებელი. გარდა ამისა, ნიკო აკვირდება სიტუაციას "მაკლარენში", სადაც არ არის დადასტურებული სერხიო პერესთან კონტრაქტი, მის მექსიკელ სპონსორებს კი ჯერ ფული არ ჩაუდიათ ბრიტანულ საჯინიბოში.

"ჯერ არაფერი არ არის გაფორმებული, მაგრამ კარგ მდგომარეობაში ვიმყოფებით", - აღნიშნა ჰიულკენბერგის მენეჯერმა ვერნერ ჰაინცმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნიუ ჯერსის გრანპრი მაინც არ იქნება?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული