ფორმულა 1. ავსტრალიის გრანპრის შემდეგ: "რედ ბული" შეიძლება წავიდეს?

AutoSharing Option
ავსტრალიის გრანპრიზე "რედ ბულის" ძალიან წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ავსტრიული საჯინიბოს კონსულტანტმა ჰელმუტ მარკომ გააკრიტიკა "რენოს" მოტორისტები ჩატარებული სამუშაოს გამო. მარკომ განაცხადა, რომ "რედ ბულს" არ აწყობს ამჟამინდელი რეგლამენტი და ამიტომაც კორპორაციის ხელმძღვანელმა დიტრიხ მატეშიცმა, შესაძლოა, ჩემპიონატიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღოს.

"ზაფხულში ჩვენ ხელმეორედ შევისწავლით სიტუაციას და თუ უკმაყოფილება ისევ იქნება, შესაძლოა, წასვლამდე მივიდეს საქმე. არსებობს რისკი, რომ დიტრიხ მატეშიცმა ფორმულა 1-ზე გული აიცრუოს.

ჰიბრიდული ტურბოძრავები - არასწორი გადაწყვეტილებაა ფორმულა 1-ისთვის. საქმე ჩვენს ჩამორჩენაში არ არის. იმავეს ვიტყოდით, "რენოს" ძრავები საუკეთესოც რომ
იყოს. ტექნიკური რეგლამენტი გაურკვეველი, რთული და ძალიან ძვირია. გვინდოდა დანახარჯების შემცირება, მაგრამ ეს არ მოხდა. ისეთი გამოჩენილი კონსტრუქტორიც კი, როგორიც ედრიან ნიუია, უძლური აღმოჩნდა ძრავების ამჟამინდელი ფორმულის წინაშე. ეს წესები სპორტს ასამარებს", - აცხადებს ჰელმუტ მარკო.

2013 წლის ნოემბერში "რედ ბულის" შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ გუნდმა 2020 წლამდე მისცა ჩემპიონატში გამოსვლის გარანტია. ჭორების მიხედვით, ასეთივე ვადაზეა გათვლილი გუნდის კომერციული ხელშეკრულება ბერნი ექლსტოუნთან.

ექლსტოუნი: "მერსედესი" უნდა გააჩერონ
გუშინდელ ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ ავსტრალიის გრანპრიზე "მერსედესის" დომინირების შემდეგ "რედ ბულის" შეფმა კრისტიან ჰორნერმა განაცხადა, რომ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაცია უნდა ჩაერიოს შექმნილ სიტუაციაში. ჰორნერმა შეახსენა ყველას, რომ მისი გუნდის დომინირების პერიოდში, ფედერაციას რეგულარულად შემოჰქონდა შეზღუდვები და აკრძალვები, რომლებიც მიმართული იყო გუნდების ძალის გათანაბრებაზე.

ჰორნერის აზრით, დღევანდელ სიტუაციაში ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ ანალოგიურად უნდა იმოქმედოს და შეზღუდოს "მერსედესის" ძრავების სიმძლავრე. ამ აზრს ეთანხმება ფორმულა 1-ის მენეჯმენტის შეფი ბერნი ექლსტოუნი.

"ისინი აბსოლუტურად მართლები არიან, - განაცხადა ექლსტოუნმა. - არსებობს წესი, რომელიც ჯერ კიდევ მაქს მოსლიმ შემოიღო. ამ წესის მიხედვით, თუ რომელიმე გუნდი ან ძრავების მომწოდებელი რაღაც ჯადოსნურს გამოიგონებს, როგორც ეს "მერსედესის" შემთხვევაში ხდება, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციას შეუძლია ჩაერიოს სიტუაციის გასათანაბრებლად.

"მერსედესში" უმაღლესი დონის სამუშაო შეასრულეს - ამას ყველა აღიარებს, მაგრამ ახლა ჩვენ რაღაც უნდა შევცვალოთ და ვცადოთ, ოდნავ გავათანაბროთ შანსები. არ არის აუცილებელი, გავაუარესოთ "მერსედესის" ძალისმიერი აგრეგატები. სავარაუდოდ, ასე უნდა მოვიქცეთ - გავყინოთ "მერსედესის" ძრავების განვითარება და სხვებს მივცეთ ცვლილებების შეტანის საშუალება. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ფედერაციის ამგვარ გადაწყვეტილებას".

ამავდროულად, ექლსტოუნი სკეპტიკურად აფასებს "რედ ბულის" კონსულტანტის, ჰელმუტ მარკოს მტკიცებას იმის შესახებ, რომ თუ ძრავებთან დაკავშირებული სიტუაცია არ შეიცვლება, "რედ ბული" დატოვებს ფორმულა 1-ს. ბერნის აზრით, მსგავსი გადაწყვეტილება "რედ ბულის" მფლობელის, დიტრიხ მატეშიცის სტილში არ არის.

"დიტრიხს" სპორტი უყვარს და არ მგონია, გაჩერდეს მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაც მას ამარცხებს. ის სპორტიდან მხოლოდ გამარჯვებული წავა", - ამბობს ბრიტანელი ჩინოვნიკი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული