ზედიზედ მესამედ კვალიფიკაცია მალაიზიაში წვიმიანი იყო და ის ისეთივე შედეგით დასრულდა, როგორც ერთი წლის წინ: ლუის ჰემილტონი-სებასტიან ფეტელი-ნიკო როსბერგი.
წინა ეტაპის მსგავსად, სტარტზე ვერ გავიდა 20 პილოტი: ერთადერთი დანაკლისი იყო უილ სტივენსი "მანორიდან", თუმცა 19 ბოლიდი უკვე პროგრესი იყო მელბურნთან შედარებით.
შესანიშნავი სტარტი აიღო სებასტიან ფეტელმა, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში მოიგერია ნიკო როსბერგის შეტევები. ერთმა
ფეტელი ამტკიცებს, რომ მისი ოთხი ტიტულის უკან მხოლოდ "რედ ბულის" ინჟინერი ედრიან ნიუი არ იდგა. ტრადიციულად, პრობლემები ვერ აიცილა თავიდან პასტორ მალდონადომ. ამჯერად, მის ბოლიდზე საბურავი გამოვიდა მწყობრიდან. იგივე დაემართა კიმი რაიკონენს, როცა ფელიპე ნასრი შეეხო წინა ანტიფრთით ფინელის უკანა მარცხენა საბურავს.
თუმცა ორი წრის შემდეგ კიმის რბოლის გადარჩენის შანსი მიეცა. ეს მაშინ მოხდა, როცა მარკუს ერიქსონი ტრასიდან გადავარდა და საქმეში უსაფრთხოების მანქანა ვიხილეთ. სწორედ ამ დროს ორმაგი პიტსტოპი შეასრულეს "მერსედესის" პილოტებმა, რაც უდიდესი შეცდომა აღმოჩნდა.
მათმა კონკურენტმა ფეტელმა გადაწყვიტა, არ შესულიყო ბოქსებში და დაეზოგა საბურავები. შესაბამისად, ის რბოლის ლიდერი გახდა. იგივე ტაქტიკა აირჩიეს ნიკო ჰიულკენბერგმა და რომენ გროსჟანმა - მათ მეორე და მესამე ადგილებზე გადაინაცვლეს.
პიტსტოპის შემდეგ როსბერგი ფელიპე მასას უკან კარგა ხანი მეცხრე ადგილზე იმყოფებოდა, მისი პარტნიორი კი ბრძოლით იკვლევდა გზას ფეტელისკენ, რომელიც ცდილობდა მაქსიმალური ჰანდიკაპი შეექმნა "მერსედესის" წევრებთან. იმ მომენტისთვის, როცა ჰემილტონმა გროსჟანსა და ჰიულკენბერგს გაუსწრო და მეორე ადგილზე გადავიდა, მისი ჩამორჩენა ფეტელთან 10 წამს შეადგენდა.
უფრო უჭირდა როსბერგს, მაგრამ ისიც ახერხებდა წინსვლას. "მერსედესის" ბოლიდი იმდენად მძლავრია, რომ ნიკოს გადასვლა მესამე ადგილზე, უბრალოდ, დროის საკითხი იყო. ლუისი კი სწრაფი ტემპებით უახლოვდებოდა ფეტელს, რომელმაც გადაწყვიტა, აღარ გაერისკა და პირველ პიტსტოპზე შევიდა. სებასტიანი მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა, მაგრამ სტრატეგიაში ჰქონდა უპირატესობა.
საბურავების ახალი კომპლექტით "ფერარი" აქტიურად ამცირებდა ჩამორჩენას "მერსედესის" პილოტებთან, რომლებიც უკვე აშკარად დეგრადირებული "ჰარდის" საბურავებით მოძრაობდნენ. შედეგად ის მივიღეთ, რომ ფეტელი ძალიან ახლოს მივიდა როსბერგთან და გაუსწრო მას! ძნელი გასახსენებელია, ბოლოს როდის გაუსწრეს "მერსედესს" სხვა გუნდების წარმომადგენლებმა, მაგრამ ფეტელი ამით არ დაკმაყოფილდა. ის ჰემილტონს გამოეკიდა, დაეწია და გაუსწრო მას ზუსტად იმ წრეზე, როცა ლუისი მეორედ შევიდა ბოქსებში.
პარალელურად, "ფერარის" მეორე წევრი კიმი რაიკონენი ასევე ორი პიტსტოპის ტაქტიკით მეხუთე ადგილზე გადავიდა. რთული სათქმელია, რა შედეგს აჩვენებდა ფინელი, რომ არა წარუმატებლობა კვალიფიკაციაში. ამასობაში, რბოლას ჩამოშორდა ფერნანდო ალონსო, რომელმაც მხოლოდ 22 წრე გაძლო ტრასაზე. რაც შეეხება ჯენსონ ბატონს, მისმა "მაკლარენმა" 44 წრე იმუშავა და შემდეგ აქაც გამოვიდა ტექნიკა მწყობრიდან. რბოლის შემდეგ გამოცხადდა, რომ ორივე შემთხვევაში მიზეზი "ჰონდას" ძრავა იყო.
სტარტზე ორმაგმა პიტსტოპმა ცუდი სამსახური გაუწია "მერსედესს". ფეტელმა მეორე პიტსტოპი და "ჰარდის" აუცილებელი საბურავები ფინიშამდე 18 წრით ადრე მიიღო და ტრასაზე როსბერგის წინ დაბრუნდა. ბოლო პიტსტოპის შესრულება მოუწია ლუის ჰემილტონსაც. ყველა ელოდა, რომ ბრიტანელს "მედიუმს" დაუყენებდნენ, მაგრამ "ჰარდი" მისცეს. გუნდმა ჩათვალა, რომ უკეთესი იქნებოდა ახალი ხისტი კომპლექტი, ვიდრე ნახმარი "მედიუმი". მოკლედ, იმ დღეს "მერსედესის" გუნდმა ყველაფერი აურია.
პარალელურად, რამდენიმე საჯინიბოში ვიხილეთ ბრძოლა პარტნიორებს შორის: დანიილ კვიატმა ისარგებლა დანიელ რიკარდოს ტექნიკური პრობლემებით, მაქს ფერსტაპენმა კარლოს საინსს გაუსწრო, ხოლო ვალტერი ბოტასმა უჩვენა ფელიპე მასას, ვინ არის დღეს უფრო სწრაფი "უილიამსში".
ბოლო წრეებზე ლუისი ვერაფრით მიუახლოვდა ფეტელს. "მერსედესის" მცდარმა სტრატეგიამ და სებასტიანის ოსტატობამ მოიტანა ის, რაც ორი კვირის წინ წარმოუდგენელი იყო. გრანპრის გამარჯვებული "მერსედესის" გუნდის წევრი არ არის! შესაბამისად, ჩემპიონატში გაჩნდა ინტრიგა. "ფერარის" რეალურად ძალიან მაღალი დონის ბოლიდი ჰყავს, რომელიც კარგად ზოგავს საბურავს და მართალია, "მერსედესის" ტემპში ვერ დადის, მაგრამ უახლოვდება გერმანულ საჯინიბოს.
აქ უნდა გავიხსენოთ კიმი რაიკონენი, რომელმაც გმირული რბოლის შემდეგ მეოთხე ადგილი დაიკავა. ფინელს განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, უბრალოდ, მთელი ძალით იარა. როგორც ჩანს, ჩემპიონატში ახლა ორი ძლიერი გუნდია.
მაშ ასე, სებასტიან ფეტელმა კარიერაში მე-40 გამარჯვება მოიპოვა. ეს მისი პირველი ტრიუმფია 2013 წლის ბრაზილიის გრანპრის შემდეგ. "ფერარისთვის" კი ეს არის პირველი მოგება 2013 წლის ესპანური ეტაპის შემდეგ.
"ფერარი" დაბრუნდა!" - ემოციები ვერ დამალა რბოლის შემდეგ "ფერარის" შეფმა მაურიციო არივაბენემ, რომლისთვისაც ეს იყო პირველი გამარჯვება იტალიური გუნდის ხელმძღვანელის პოსტზე.
ლუის ჰემილტონი მეორე მივიდა ფინიშთან და შეინარჩუნა ლიდერობა გენერალურ კლასიფიკაციაში. ნიკო როსბერგი მესამე საფეხურზე ავიდა.
მეშვიდე ადგილზე გასვლით, მაქს ფერსტაპენი ყველაზე ახალგაზრდა პილოტი გახდა ფორმულა 1-ის ისტორიაში, ვინც ქულის მოპოვება შეძლო. ეს მან 17 წლის, 5 თვისა და 27 დღის ასაკში შეძლო და გააუმჯობესა რუსი დანიილ კვიატის წინა რეკორდი.
შემდეგი ეტაპი ორი კვირის შემდეგ შანხაიში გაიმართება.
სეპანგი (56 წრე, 310.408 კმ)
1(2). სებასტიან ფეტელი (ფერარი, გერმანია) 1:41.05,793 (2 პიტსტოპი)
2(1). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) +8,569 (3)
3(2). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +12,310 (3)
4(11). კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) +53,822 (3)
5(8). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) +1.10,409 (3)
6(7). ფელიპე მასა (უილიამსი, ბრაზილია) +1.13,586 (3)
7(6). მაქს ფერსტაპენი (ტორო როსო, ჰოლანდია) +1.39,085 (3)
8(15). კარლოს საინსი (ტორო როსო, ესპანეთი) 1 წრე (2)
9(5). დანიილ კვიატი (რედ ბული, რუსეთი) 1 წრე (3)
10(4). დანიელ რიკარდო (რედ ბული, ავსტრალია) 1 წრე (3)
11(10). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) 1 წრე (3)
12(16). ფელიპე ნასრი (ზაუბერი, ბრაზილია) 1 წრე (4)
13(14). სერხიო პერესი (ფორს ინდია, მექსიკა) 1 წრე (2)
14(13). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) 1 წრე (3)
15(19). რობერტო მერი (მანორი, ესპანეთი) 3 წრე (3)
16(9). მარკუს ერიქსონი (ზაუბერი, შვედეთი) 53 წრე
17(18). ფერნანდო ალონსო (მაკლარენი, იტალია) 39 წრე
18(17). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 18 წრე
19(12). პასტორ მალდონადო (ლოტუსი, ვენესუელა) 18 წრე
კონსტრუქტორთა თასი
1. მერსედესი - 76; 4. ფერარი - 52; 3. უილიამსი - 30; 4. ზაუბერი - 14; 5. ტორო როსო - 30; 6. რედ ბული - 11; 7. ფორს ინდია - 7.