ამ ბოლო დროს აქტიურად დაიწყეს ჭორაობა მიხაელ შუმახერის დიდი სპორტიდან წასვლის შესახებ. სეზონის პირველი ნახევრის შემდეგ, ბევრი სპეციალისტი ალაპარაკდა იმაზე, რომ ლეგენდარული გერმანელის დაბრუნება შეცდომა იყო და მას თანამედროვე ფორმულაში არაფერი ესაქმება.
სხვათა შორის, ორი დღის წინ ეს ჭორები ირიბად დაადასტურა "მერსედესის" შეფმა - ნორბერტ ჰაუგმა. BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ შეხვდა მსოფლიოს 2007 ჩემპიონ კიმი რაიკონენს, რომელთანაც ჯერ კიდევ "მაკლარენში" თანამშრომლობდა. ფინელმა გასული სეზონის შემდეგ ნაადრევად გაწყვიტა კონტრაქტი "ფერარისთან" და რალიში გადავიდა.
მართალია, ჰაუგი აცხადებს,
ამასობაში, გერმანულმა პრესამ შეაფასა მიხაელ შუმახერის ათი რბოლა მისი აქტიურ სპორტში დაბრუნების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდში შუმის თანაგუნდელი - ნიკო როსბერგი სამჯერ ავიდა პოდიუმზე და 90 ქულა დააგროვა, თავად მიხაელმა კი ორი მეოთხე ადგილი და 36 ქულა მოიპოვა.
გერმანელის მიმართ ყოველთვის კორექტული Bild-Zeitung წერს, რომ გასულ წლებში ვერავინ წარმოიდგენდა "ფორს ინდიასა" და "ტორო როსოს" პილოტები მიხაელის გასწრებას თუ შეძლებდნენ, ახლა კი ასეთი რამ ყოველ რბოლაში ხდება და რაც მთავარია, შუმახერი მათ ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ უწევს. Focus.de-ს ჟურნალისტებმა დაითვალეს, რომ თუ გასულ წელს როსბერგი კვალიფიკაციაში საშუალოდ 0,299 წამს უგებდა კაზუკი ნაკაჯიმას, ამ სეზონში ნიკო თავის გამოცდილ თანაგუნდელს საშუალოდ 0.393 წამს უგებს.
გერმანულმა პრესამ ყურადღება მიაქცია "მერსედესის" პილოტების კომენტარებს ბრიტანეთის გრან-პრის შემდეგ - ნიკოსა და მიხაელის შეფასებები მანქანის ეფექტურობისა და პროგრესის შესახებ რადიკალურად განსხვავებული იყო. როგორც ჩანს, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მართლაც ვერ ეწყობა ამ მანქანას, მაგრამ ბევრი გულშემატკივრისთვის ეს შეუმჩნეველია, რადგან ადრე მიხაელი ნებისმიერი ტექნიკით აღწევდა მაქსიმალურ შედეგს. მეორე მხრივ, არასაკმარისად ეფექტური მანქანა სულაც არ უშლის ხელს როსბერგს პროგრესში.
სილვერსტოუნში მიხაელის წასვლაზე ბევრი ლაპარაკობდა, მაგრამ სულ სხვა აზრზეა თავად გერმანელი, რომელიც მზად არის მომავალ წლის ბოლიდზე გადაიტანოს მთელი ყურადღება. საკითხავია, დარჩება თუ არა ის ამ დროისთვის გუნდში?
წინ არის გერმანიის გრან-პრი და მიხაელის წარუმეტებელი გამოსვლა ბილეთების რეალიზაციაზე აისახება - სირვერსტოუნისგან განსხვავებით, სადაც ანშლაგი დაფიქსირდა, ჰოკენჰაიმრინგის სალაროებში სხვადასხვა ფასის უარავი ბილეთია დარჩენილი.
თუმცა წინ არის სეზონის მეორე ნახევარი, რომელმაც ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს...
ბრიატორემ რბოლებზე მოუხშირა
ასევე უამრავი ჭორი ვრცელდება "რენოს" ყოფილი შეფის - ფლავიო ბრიატორეს გარშემო. ჟურნალისტები მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც იტალიელი მენეჯერი თავის მეგობარ და ბიზნეს-პარტნიორ ბერნი ექლსტოუნთან ერთად სილვერსტოუნის VIP-პადოკში აღმოჩნდა. ეს ბრიატორეს მესამე ვიზიტია წელს სარბოლო ავტოფარეხებში. მანამდე დონ ფლავიო მრბოლელებს მონაკოსა და ვალენსიაში ეწვია.
ბრიტანეთის გრან-პრის გამარჯვებულმა მარკ უებერმა განაცხადა, რომ მას კონტაქტი ჰქონდა იტალიელთან: "რბოლის წინ მან მითხრა: მარკ, მთავარია კარგი სტარტი აიღო", - აღნიშნა ავსტრალიელმა, რომელიც სასტარტო ბილიკზე მეორე პოზიციაზე იდგა.
როგორც იცით, პრესაში ბევრს წერენ იმის შესახებ, რომ 2013 წლიდან ბრიატორე ფორმულა 1-ზე სრულ კონტროლს მოიპოვებს, როცა მთავარი პრომოუტერის პოსტზე ბერნი ექლსტოუნს შეცვლის. ეს უკანასკნელი იმ დროისთვის 83 წლის იქნება, ბრიატორეს კი მოეხსნება ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის დისკვალიფიკაცია, რომლის მიხედვითაც მას აკრძალული აქვს ავტოსპორტში მოღვაწეობა.
სხვათა შორის, ექლსტოუნის აპარტამენტებში "მაკლარენის" ყოფილი შეფი რონ დენისიც შეამჩნიეს.