ფორმულა 1-ში მიხაელ შუმახერის ხელმეორე დებიუტის შეფასება - ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა ავტოსპორტის სამყაროში. ჟურნალ F1 Racing-ის დეკემბრის ნომერში ამის შესახებ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ნიკი ლაუდა მსჯელობს.
ლეგენდარულმა ავსტრიელმა პირველად 1979 წლის შემოდგომაზე დატოვა ფორმულა 1, მაგრამ 1982 წელს ისევ გავიდა ტრასაზე და რიგით მესამე ეტაპზე გამარჯვებაც იზეიმა, 1984 წელს კი ისევ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
"დამიჯერებთ, ძალიან რთულია სამწლიანი პაუზის შემდეგ ძველი ფორმის აღდგენა. ფორმულა 1-ში 1971-79 წლებში გამოვდიოდი, მოვიგე ორი ტიტული, მაგრამ შემდეგ მოტივაცია დავკარგე. იმ დროს მთელს ენერგიას
სპორტიდან ორიწლინახევრით წავედი, სანამ "მაკლარენის" ბოსმა რონ დენისმა წინადადებით არ მომმართა, რაზეც უარის თქმა არ შემეძლო. დავბრუნდი და 1984 წელს მესამედ მოვიგე მსოფლიოს ჩემპიონატი.
შემიძლია წარმოვიდგინო, რას გრძნობდა მიხაელი, როცა 2006 წელს იტალიის გრან-პრის მოგების შემდეგ სპორტიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა. ის უფრო გონივრულად მოქმედებდა, ვიდრე მე, როცა მონრეალში საწვრთნელი სესიის მსვლელობისას სპონტანური გადაწყვეტილება მივიღე და რბოლებს ჩამოვშორდი. მაგრამ საერთო ჯამში, ჩვენს წინაშე ერთი დილემა იყო - მრავალი წლის განმავლობაში სპორტს დღე-ღამეში 24 საათს ვუთმობდით და ჩვენი მოტივაცია უბრალოდ საღდაც გაქრა.
ორივეს გაგვიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება. კანადაში უბრალოდ ვუთხარი ბერნი ექლსტოუნს (მაშინ ლაუდის გუნდის - "ბრებემის" ხელმძღვანელი), რომ გაჩერება მინდოდა, აღარ შემეძლო სარბოლო ტრასებზე წრეების გაუთავებლად გავლა. ამაში აზრს ვეღარ ვხედავდი. ბერნიმ თავის დამახასიათებელ სტილში მიპასუხა: "თუ წასვლა გინდა, ახლავე გააკეთე ეს".
რამდენიმე საათის შემდეგ მონრეალიდან კალიფორნიაში მივფრინავდი ჩემი ავიაკომპანიისთვის თვითმფრინავ DC-10-ის შესაძენად. ბოქსებში ჩემი ჩაფხუტიც კი დავტოვე, რომელიც სხვათა შორის, ჩემმა შემცვლელმა რიკარდო ზუნინომ გამოიყენა, რითაც სხვა პილოტები დააბნია - ისინი ვერ ხვდებოდნენ, რის ხარჯზე ასწრებდნენ ასე იოლად ნიკი ლაუდას.
ვფიქრობ, მიხაელისთვის უფრო რთული იყო დაბრუნება, ვიდრე ჩემთვის. მაშინ არ იყო ფორმულა 1-ის მიმართ პრესის ასეთი დაინტერესება - ყოველგვარი ხმაურისა და ზეწოლის გარეშე შემეძლო მოვმზადებულიყავი დასაბრუნებლად. თანაც ტესტებე შეზღუდვა არ არსებობდა და ვარჯიშის შესაძლებლობა მქონდა. მიხაელი ამას მოკლებული იყო, ამასთან, თანამედროვე ფორმულა 1-ში გამოჩნდა ახალგაზრდა პილოტების მთელი პლეადა, რომლებსაც გერმანელის დამარცხების დიდი სურვილი ამოძრავებდათ. თუმცა მეც მიჭირდა ნელსონ პიკესთან, ალენ პროსტთან, კეკე როსბერგთან და რენე არნუსთან კონკურენცია - მათაც უნდოდათ ეჩვენებინათ "მოხუცისთვის", როგორ უნდა მანქანის მართვა.
ვფიქრობ, მიხაელისთვისაც და ჩემთვისაც მთავარი სირთულე გახდა დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ფორმულა 1 დაღლილობის გამო დავტოვეთ. ორი წლის განმავლობაში რბოლებს ახლოსაც არ გავკარებივარ და არც კი ვფიქრობდი მასზე. მიმაჩნდა, რომ ცხოვრების ეს თავი დახურული იყო.
მაგრამ 1981 წელს ავსტრიის გრან-პრის ვესტუმრე და გავიფიქრე: "რა იქნება, რომ..." სულ მალე კი რონ დენისმა დამირეკა და დონინგტონში "მაკლარენის" ტესტებზე დამპატიჟა. სხვათა შორის, ჩემმა მაშინდელმა მეუღლემ მერლინმა ამ გადაწყვეტილების გამო სულელი მიწოდა.
მას შემდეგ, რაც დაბრუნებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე, სხვა დანარჩენი გაცილებით მარტივი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, დონინგტონში პირველ ტესტებზე გარკვეული სირთულეები წარმოიშვა, თუმცა ეს ნორმალური იყო - სრულიად ახალი მანქანის საჭეს მივუჯექი, ტრასაც ახალი იყო და საბურავებიც. სიტუაცია ძალიან ჰგავდა იმას, რომელშიც მიხაელი 2010 წელს მოხვდა. მაგრამ ჩემი ყველა ეჭვი სწრაფად გაიფანტა, როცა პირველი სატესტო დღის ბოლოს ვიგრძენი, რომ სწრაფად გადავლახე ყველა სირთულე. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მიხაელიც იგივეს გრძნობდა, როცა 2009 წელს "ჰუნგარორინგზე" მასას ავარიის შემდეგ, მუჯელზე ძველი "ფერარით" პირველი ტესტები გამართა.
მიხაელი ძალიან კონკურენტუნარიანი პილოტია. აშკარად ჩანდა, რამდენად სერიოზულად ემზადებოდა ის დაბრუნებისთვის მაშინ, როცა ტრავმირებული მასას შეცვლა დადგა დღის წესრიგში. საბოლოოდ, ეს კისრის ტრავმის გამო არ მოხდა, რომელიც მოტოციკლით რბოლისას მიიღო. მოტორბოლით გატაცება ნათლად მეტყველებდა იმაზე, როგორ მონატრებული იყო რბოლებს მიხაელი.
ჩემი აზრით, 2010 წელი საწვრთნელი სეზონი იყო შუმახერისთვის. წარმოიშვა საბურავების მახასიათებლებთან ადაპტაციის პრობლემები, შასი არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს.
ამასთან, მისი მეწყვილე გახდა ნიკო როსბერგი, რომელიც ძალიან სწრაფ პილოტად მიმაჩნია. შუმახერისთვის ძალიან რთული იყო პროგრესის ჩვენება, განსაკუთრებით ამ მანქანის საჭესთან.
თუ ყველა ამ ფაქტორს გავაერთიანებთ, ცხადი გახდება, რომ მიხაელს არ ჰქონდა თავისი ნამდვილი პოტენციალის გამოვლენის საშუალება. მაგრამ "პირელის" ახალ საბურავებზე გადასვლა იმას ნიშნავს, რომ ახალ სეზონს ის მეტოქეებთან თანაბარ პირობებში დაიწყებს.
საინტერესო სანახავი იქნება, შეძლებს თუ არა ის ამ გარემოების გამოჩინებას და თავისი კლასის დემონსტრირებას...
ამასთან, უნდა აღვნიშნო, რომ ოდნავ გაკვირვებული დავრჩი - მიხაელს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმ დონეზე გასასვლელად, რომლითაც მან გასული ჩემპიონატი დაასრულა.
მეგონა, რომ ამას სულ 4-5 რბოლა დასჭირდებოდა, მაგრამ ადაპტაცია დროში ძალიან გაიწელა...
სიმართლეს გეტყვით: არ მომეწონა მისი მანევრი უნგრეთში რუბენს ბარიკელოს წინააღმდეგ. დაუშვებელია შენი კონკურენტის ასეთი საფრთხის წინაშე დაყენება. არასოდეს მესმოდა, რატომ იქცეოდა ადრე ასე და რატომ აგრძელებს იგივეს კეთებას 41 წლის ასაკში.
თუმცა პრესინგის პირობებში ის ყოველთვის აწყდებოდა ასეთ პრობლემას. ეს უფრო ხასიათის თავისებურებებაა, რადგან ფიზიკურ ფორმასთან დაკავშირებით შუმახერს პრობლემა არასოდეს ჰქონია.
ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ "მერსედესი" სერიოზულად მოუმატებს 2011 წელს. საკმარისია გავიხსენოთ, რა დონეზე ავიდა მისი წინამორბედი - "ბრაუნ გრან-პრი" 2009 წელს და მივხვდებით რამხელა პოტენციალი აქვთ ამ ადამიანებს. ჩემი აზრით, მიხაელი და ნიკო - ძლიერი წყვილია და შემდეგ სეზონში მათ (განსაკუთრებით ეს შუმახერს ეხება) თავის გამოჩენის მეტი საშუალება ექნებათ.
შეძლებს თუ არა მიხაელი მერვე ტიტულის მოგებას? დღევანდელ ფორმულა 1-ში, უდიდესი კონკურენციიდან გამომდინარე, რთულია ამის თქვა. მოგება ყოველთვის ძნელია, მაგრამ დღეს ეს ამოცანა როგორც არასდროს გართულებულია. და თუ ვინმეს შეუძლია ამის გაკეთება, მიმაჩნია, რომ ეს პირველ რიგში მიხაელ შუმახერია..."
.