- პირველად "სპას" ავტოდრომზე გრან-პრი 1925 წელს ჩატარდა. მაშინ გამარჯვება მოიპოვა ანტონიო ასკარიმ - ფორმულა 1-ში მსოფლიოს მომავალი ორგზის ჩემპიონის, ალბერტო ასკარის მამამ. ბელგიაში ტრიუმფის შემდეგ უფროსი ასკარი საფრანგეთში მომდევნო ეტაპზე დაიღუპა.
- ბელგიაში ფორმულა 1-ის პირველი რბოლა 1950 წლის 18 ივნისს არგენტინელმა ხუან მანუელ ფანხიომ მოიგო "ალფა რომეოთი".
- ბელგიის გრან-პრი 47-ჯერ გაიმართა "სპაზე", 10-ჯერ ზოლდერში და ორჯერ რბოლა მიიღო ნიველის ავტოდრომმა. ეტაპი საბოლოოდ 1985 წელს გადაბარგდა "სპაზე".
- ბელგიის გრან-პრის სხვა ავტოდრომებზე
- 2015 წლის კალენდარში "სპას" ტრასა ყველაზე გრძელია. ერთი წრის სიგრძე 7004 მეტრს უდრის, წრეების საერთო რაოდენობა კი ორმოცდაოთხია (საერთო დისტანცია - 308,052 კილომეტრი).
- ტრასაზე 19 მოსახვევია (10 მარჯვენა და 9 მარცხენა), სიმაღლეებს შორის სხვაობა - დაახლოებით 180 მეტრი. მაქსიმალური სიჩქარე - საათში 310 კილომეტრი. ერთ წრეზე დაახლოებით 52-ჯერ ხდება სიჩქარეების გადართვა. ტრიბუნების ტევადობაა - 70 ათასი მაყურებელი.
- ყველაზე ხშირად "სპაზე" გერმანელი მიხაელ შუმახერი იმარჯვებდა - ექვსი. ხუთი მოგება აქვს ბრაზილიელ აირტონ სენას, ოთხ-ოთხი - კლარკსა და რაიკონენს.
- ტრასის ახალ კონფიგურაციაზე უსწრაფესი წრე ეკუთვნის სებასტიან ფეტელს - მან 2009 წლის 30 აგვისტოს დაამყარა რეკორდი - 1.47,263 (საშუალო სიჩქარე - 235.71 კმ/სთ).
- 16-ჯერ ფინიშზე პირველები "ფერარის" პილოტები მივიდნენ, 14-ჯერ - "მაკლარენის".
- ოთხ-ოთხი პოული აქვთ მოგებული ფანხიოს, ალენ პროსტსა და სენას.
- ყველაზე მეტი სწრაფი წრე დააფიქსირა ალენ პროსტმა - 6-ჯერ. "ფერარის" "სპაზე" 13 უსწრაფესი წრე ჰქონდა.
- პოდიუმზე ყველაზე ხშირად ადიოდა მიხაელ შუმახერი - 9-ჯერ. შვიდი პოდიუმი აქვს პროსტს, 6 - სენას, 5 - ბრიუს მაკლარენს.
- ნაკლებად ცნობილმა გუნდმა "ჯორდანმა" ფორმულა 1-ში თავისი პირველი გამარჯვება ბელგიაში მოიპოვა - 1998 წელს (დეიმონ ჰილი). სწორედ მაშინ გუნდმა თავისი არსებობის ისტორიაში ერთადერთხელ შეასრულა დუბლი (მეორე იყო ფინიშთან რალფ შუმახერი).
- ჰეთ-თრიკის (პოული+რბოლაში გამარჯვება+უსწრაფესი წრე) შესრულება შეძლეს: ასკარიმ (1952), ფანხიომ (1954), ჯონ სერტისმა (1966) და მიხაელ შუმახერმა (2002).
- მიხაელ შუმახერს დებიუტი ფორმულა 1-ში სწორედ ბელგიაში ჰქონდა - 1991 წლის 25 აგვისტოს. ერთი წლის შემდეგ კარიერაში პირველი გამარჯვება "სპაზე" მოიპოვა. ხოლო 2001 წლის 2 სექტემბერს მოპოვებულმა გამარჯვებამ გერმანელს საშუალება მისცა, მოგებული ეტაპების რაოდენობით უკან ჩამოეტოვებინა ალენ პროსტი (52 51-ის წინააღმდეგ). 2004 წელს "სპაზე" გამარჯვებით შუმიმ მეშვიდე ტიტული გაინაღდა.
- ზედიზედ ოთხჯერ ბელგიის გრან-პრი მხოლოდ კლარკსა (1962-65) და სენას (1988-91) აქვთ მოგებული.
- 1966 წელს "სპაზე" 15 პილოტიდან მხოლოდ ხუთმა მიაღწია ფინიშს. უფრო ნაკლები რაოდენობის ავტომრბოლელი ფინიშზე მხოლოდ ორჯერ მივიდა - ორივეჯერ მონაკოში: 1996 წელს სამი (!) პილოტი, 1966 წელს - ოთხი.
- ბელგიის გრან-პრი ერთადერთია ბრაზილიელი ფელიპე მასასთვის, სადაც ის იმარჯვებდა (2008), მაგრამ ამასთან, არასოდეს მოუგია პოული.
- მიხაელ შუმახერმა თავისი პირველი უსწრაფესი წრე ბელგიაში დააფიქსირა - 1992 წელს. მაშინ მან კარიერაში პირველად მოიპოვა რბოლაში ლიდერობა - 11 წრით. ასევე აღსანიშნავია, რომ პირველად რბოლას გერმანელი ასევე "სპაზე" გამოეთიშა (1991).
- კარიერაში პირველად რბოლას ფეტელი ასევე ბელგიაში გამოეთიშა - 2007 წელს (მე-8 წრეზე).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"