ფორმულა 1: ყველაფერი ბრაზილიის გრან პრის შესახებ

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მე-18 ეტაპის - ბრაზილიის გრან-პრის შემდეგ, ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ გამოაქვეყნა რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი...

კვალიფიკაცია
- ნიკო როსბერგმა კარიერაში 21-ე პოული მოიპოვა და ამ მაჩვენებლით ერთით ჩამორჩება ფერნანდო ალონსოს. ესპანელს ბოლო პოული სამი წლის წინ, გერმანიაში ჰქონდა. იქედან მოყოლებული, როსბერგმა 20 პოული მოიპოვა.

- "ინტერლაგუშში" როსბერგმა კარიერაში 39-ედ აიღო სტარტი პირველი რიგიდან და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს მიკა ჰაკინენს.

- "მერსედესი" პირველი გუნდი გახდა ისტორიაში, რომელმაც ერთ სეზონში 14-ჯერ დაიკავა სასტარტო ბილიკის პირველი რიგი.

- ბრაზილიაში
მე-20 სასტარტო პოზიცია - ყველაზე დაბალია ალონსოს კარიერაში. 2001 წელს, სადებიუტო გრან-პრიზე "მინარდის" რიგებში, ალონსომ მე-19 პოზიციიდან აიღო სტარტი.

რბოლა
- "მერსედესმა" ახალი რეკორდი დაამყარა. F1 W06 პირველი მანქანა გახდა ისტორიაში, რომელმაც სეზონში ხუთჯერ შეძლო დომინირება რბოლაში - დაიკავა სასტარტო ბილიკის პირველი რიგი, რბოლაში ორჯერ უჩვენა საუკეთესო წრე და დუბლი შეასრულა. წინა რეკორდი ეკუთვნოდა McLaren MP4-4-ს - ოთხი მსგავსი დომინირება 1988 წელს.

- Mercedes F1 W06-ს კიდევ ერთი სერიოზული მიღწევა ეკუთვნის - ამ მანქანის ანგარიშზეა 11 ჰეთ-თრიკი (პოული, მოგება და საუკეთესო წრე). ეს არის Ferrari 500-ის მოდელის რეკორდის გამეორება, მაგრამ ის დამყარებული იყო რამდენიმე წლის განმავლობაში - 1952-დან და 1956 წლამდე. "მერსედესს" კი ერთი წელი ეყო.

- ნიკო როსბერგმა მე-13 რბოლა მოიგო კარიერაში და გაუთანაბრდა საერთო სიაში 21-ე ადგილზე მყოფ ალბერტო ასკარისა და დევიდ კულტჰარდს. ახლა, ფორმულა 1-ის ისტორიაში მხოლოდ ერთი მრბოლელია, ვისაც როსბერგზე მეტი რბოლა აქვს მოგებული, მაგრამ არასოდეს ყოფილა ჩემპიონი - სტირლინგ მოსი 16 მოგებით.

- ლუის ჰემილტონი სეზონში მეთექვსმეტედ ავიდა პოდიუმზე. ბოლო ორ წელიწადში, ბრიტანელმა 37 რბოლიდან მხოლოდ ხუთჯერ ვერ შეაღწია სამეულში.

- "მერსედესმა" სეზონში მეთერთმეტედ შეასრულა დუბლი.

- სებასტიან ფეტელმა სეზონში მეშვიდედ დაიკავა მესამე ადგილი, რითაც მარკ უებერის 2011 წლის რეკორდი გაიმეორა.

- კიმი რაიკონენმა ზედიზედ მეათედ მოიპოვა ქულები ბრაზილიაში.

- მაქს ფერსტაპენი გახდა პირველი მრბოლელი "ტორო როსოს" ისტორიაში, ვინც ზედიზედ ექვს რბოლაში მოიპოვა ქულები. მან სებასტიან ფეტელის რეკორდი გააუმჯობესა (2008 წელს, ზედიზედ ხუთი შედეგიანი რბოლა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული