ფორმულა 1. აშშ-ის გრანპრის შემდეგ: ლუისის შანსი თუ ნაბიჯი ტიტულისკენ?

AutoSharing Option
კვირას დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატის მე-19 ეტაპი, რომელიც მეტად საინტერესო გამოდგა და მან დაადასტურა მიმდინარე სეზონის ტენდენციები...

ჰემილტონი არ ნებდება
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა მოიგო აშშ-ის გრანპრი და მცირედით დაუბრუნა ინტრიგა ჩემპიონობისთვის ბრძოლას, თუმცა, ჯერჯერობით, ყველაფერი ლუისის პარტნიორის, ნიკო როსბერგის ხელშია. როგორც ჩანს, ამერიკა ჰემილტონის ტერიტორიაა. ოსტინის ტრასაზე მხოლოდ მეხუთედ ჩატარდა ეტაპი და ბრიტანელმა ოთხჯერ გაიმარჯვა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჰემილტონმა მუდმივად უნდა იფიქროს თავისი ბოლიდის ძრავის მდგომარეობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ტექნიკური გაუმართაობა კატასტროფა იქნება ტიტულისთვის ბრძოლაში. ამ მხრივ, ნიკოს შეუძლია
მშვიდად იყოს და საკუთარი სიამოვნებისთვის ირბოლოს. არ არის გამორიცხული, თუ ლუისი ასევე დამაჯერებელი იქნება უახლოეს უქმეებზე მექსიკაში, შესაძლოა, როსბერგი ანერვიულდეს, რაც ჰემილტონს დაეხმარება დასკვნით ეტაპებზე.

რაც შეეხება თავად როსბერგს, ოსტინში გერმანელმაც შესანიშნავად შეასრულა თავისი სამუშაო და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მეორე ადგილზე გასულიყო. დიახ, ბევრი იტყვის, რომ მას, უბრალოდ, გაუმართლა, რადგან არავინ იცის, რა პოზიცია ექნებოდა ფინიშზე, რომ არ გამოეცხადებინათ უსაფრთხოების მანქანის ვირტუალური რეჟიმი. სწორედ ამის წყალობით მოიპოვა ჩემპიონატის ლიდერმა მეორე ადგილი.

ასე რომ, საჩემპიონო ბრძოლა კულმინაციას აღწევს და უკვე ყველა ეტაპს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ცნობისთვის, გასულ წელს, მექსიკაში პირველი ადგილი როსბერგმა დაიკავა.

"რედ ბულის" ტემპი მაღალია
ძალის მიხედვით, "რედ ბულს" მეორე მანქანა ჰყავს ჩემპიონატში. ამას "ფერარის" წარმომადგენლებიც აღიარებენ. ავსტრიული საჯინიბოს პილოტები - დანიელ რიკარდო და მაქს ფერსტაპენი სულ უფრო ახლოს არიან "მერსედესის" წევრებთან, რაც არ შეიძლება არ ახარებდეთ ფორმულა 1-ის გულშემატკივრებს. ედრიან ნიუის ფანტასტიკური შასი შესანიშნავ ეფექტს იძლევა, ხოლო "რენოს" მოტორისტებმა სერიოზულად მოუმატეს.

როგორც გითხარით, აშშ-ში როსბერგს აშკარად გაუმართლა, რადგან უსაფრთხოების მანქანის ვირტუალური რეჟიმისას, ნიკო პიტსტოპზე შევიდა და ამის ხარჯზე გაუსწრო რიკარდოს. ამ უკანასკნელს არ გაუმართლა, რადგან საბურავები რამდენიმე წრით ადრე ჰქონდა შეცვლილი. ავსტრალიელი დარწმუნებულია - რომ არა უსაფრთხოების მანქანა, ის აუცილებლად მეორე იქნებოდა ფინიშზე.

"ფერარის" მორიგი ჩავარდნა
ყოველი ეტაპის შემდეგ "ფერარი" კარგავს კონსტრუქტორთა თასზე მეორე ადგილის მოპოვების შანსს. უკვე თითქმის 100 პროცენტით შეიძლება იმის თქმა, რომ "რედ ბული" არ დათმობს გუნდურ ჩათვლაში მეორე პოზიციას.

ასე დარწმუნებით ამ თემაზე საუბარი იმის გამოა შესაძლებელი, რომ "ფერარის" არ აქვს ტემპი "მერსედესთან" და "რედ ბულთან" შედარებით. გარდა ამისა, მოიკოჭლებს დისციპლინა. "ფერარიმ" უკვე ბევრჯერ დაკარგა ქულა იქ, სადაც, წესით, წარმატებისთვის უნდა მიეღწია.

იტალიელებს მუდმივად აქვთ პრობლემები საიმედოობასთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვება არააუცილებელი ჯარიმები სასტარტო ბილიკზე. გარდა ამისა, გუნდი იღებს ძალიან უცნაურ ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს, რაც "ფერარის" პილოტებს ხშირად ქულებისა და თუ გამარჯვების დაკარგვად უჯდებათ. ამჯერად, მათ "მოახერხეს" ყველაფრის გაფუჭება კიმი რაიკონენის პიტსტოპის დროს.

"წითლებმა" სასწრაფოდ უნდა შეწყვიტონ პანიკა გუნდის სტრუქტურაში, სადაც ისინი მუდმივად ცვლიან თანამშრომლებს და გადაერთონ სარბოლო საქმეებზე - აქ გუნდს ამ სეზონში სრული კატასტროფა აქვს.

ცხელი ფერსტაპენი
ბოლოს, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ მაქს ფერსტაპენის ფიცხ და რთულ ხასიათზე. ახალგაზრდა ჰოლანდიელმა კარგი სტარტი აიღო და პირველ ოთხეულში იყო როსბერგის უკან.

პირველ პიტსტოპზე მას "სოფტის" საბურავები დაუყენეს, როსბერგს - "მედიუმის". ფერსტაპენი მალე დაეწია "მერსედესის" პილოტს და შეტევა სცადა. ბოქსებიდან მას უთხრეს, რომ საბურავი დაეზოგა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუჭირდებოდა რბოლის დასკვნით ნაწილში. ამაზე ჰოლანდიელმა უხეშად უპასუხა რადიოში: "ფორმულა 1-ში იმისთვის არ ვარ, რომ მეოთხე ადგილისთვის ვიბრძოლო". შედეგად, ორი დაძაბული წრის შემდეგ მისი საბურავები გაცვდა და ეს ტემპს მალე დაეტყო - როსბერგთან ჩამორჩენა ხუთ წამამდე ავიდა.

ამის შემდეგ ფერსტაპენი თავისი ინიციატივით შევიდა ბოქსებში. მექანიკოსები მზად არ იყვნენ მის მისაღებად და 10 წამი დაიკარგა, რამაც ძალიან იმოქმედა რბოლის შემდგომ ბედზე.

ბოლოს კი ფერსტაპენი საერთოდ გამოეთიშა რბოლას, რადგან მის ბოლიდზე გადაცემათა კოლოფი გამოვიდა მწყობრიდან. იმის გამო, რომ უსაფრთხოების ზონაში არ იყო კარი ევაკუაციისთვის, გამოცხადდა უსაფრთხოების მანქანის ვირტუალური რეჟიმი, რამაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რბოლა გაუფუჭა მაქსის პარტნიორს, დანიელ რიკარდოს.

საერთო ჩათვლა
1. ნიკო როსბერგი - 331 (9)
2. ლუის ჰემილტონი - 305 (7)
3. დანიელ რიკარდო - 227 (1)
4. სებასტიან ფეტელი - 177
5. კიმი რაიკონენი - 170
6. მაქს ფერსტაპენი - 165 (1)
7. სერხიო პერესი - 84
8. ვალტერი ბოტასი - 81
9. ნიკო ჰიულკენბერგი - 54
10. ფერნანდო ალონსო - 52

50
ლუის ჰემილტონმა კარიერაში 50-ე გრანპრი მოიგო და ერთი მოგება აკლია იმისთვის, რომ ყველა დროის სიაში მეორე ადგილზე მყოფ ალენ პროსტს დაეწიოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული