სასწაულები ხერესში

AutoSharing Option
ჩემპიონატის მეორე ეტაპი - ესპანეთის გრან-პრი რომ საინტერესო გამოვიდოდა, საკვალიფიკაციო რბოლამაც დაადასტურა. წაქცევისა და ტრასიდან გადავარდნის რაოდენობით პილოტებმა მთელი სეზონის გეგმა შეასრულეს. კვალიფიკაციის დროს ტრასის მიღმა აღმოჩნდა კეისი სტოუნერი, წაიქცა ვალენტინო როსი, რომელიც იძულებული გახდა სათადარიგო მოტოციკლზე გადამჯდარიყო. იტალიელის ბედი გაიზიარეს ბენ სპისმა, კოლინ ედვარდსმა და ჰიროში აოიამამ...

ამდენი ინციდენტის მიუხედავად საერთო სურათი არ შეცვლილა - ისევ "ჰონდას" დუეტი აღმოჩნდა წინ - პოული მოიგო სტოუნერმა, მეორე იყო დანი პედროსა, რომელმაც სულ რაღაც სამი მეათასედი მოუგო ხორხე ლორენსოს. ცუდად დასრულდა კვალიფიკაცია
"დუკატისთვის": ჰეიდენი მე-11 ადგილზე აღმოჩნდა, როსი - ერთი საფეხურით დაბლა.

რბოლის დღეს ხერესში გაწვიმდა. სველი ტრასის მიუხედავად სტოუნერმა შეინარჩუნა ლიდერობა, პედროსა კი მეორედან მეათე პოზიციამდე დაქვეითდა. სამეულში შეაღწია მარკო სიმონჩელიმ, რომელმაც მოგვიანებით ერთმანეთში ბრძოლით გართული სტოუნერი და ლორენსო ჩამოიტოვა უკან და ლიდერი გახდა. ამასობაში სასწაულებს ახდენდა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი როსი - საუკეთესო წრე, ლიდერთა შევიწროება და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში "იამაჰაში" ყოფილი პარტნიორის - ლორენსოს გასწრება.

მერვე წრეზე გაიმართა ხანმოკლე, მაგრამ საინტერესო ორთაბრძოლა როსისა და სტოუნერს შორის. მეორე ადგილისთვის პაექრობა პირველ მოსახვევში შეჯახებით დასრულდა - ვალენტინომ ვერ დაიმორჩილა მოტოციკლი, მოცურდა და ტრასის მიღმა სტოუნერიც გაიყოლა. ავსტრალიელისთვის რბოლა დასრულებული იყო, როსიმ კი შეძლო ტრასაზე დაბრუნება, მაგრამ ბოლო ადგილზე აღმოჩნდა. მესამე ადგილზე ნიკი ჰეიდენი გადავიდა, რომელსაც სპისი, პედროსა და დოვიციოზო მისდევდნენ.

როსისა და სტოუნერის გავარდნით ლიდერებს შორის დანაკარგი არ ამოწურულა - მე-12 წრეზე მოტოციკლი მოუცურდა სიმონჩელის და რბოლაში ლიდერი შეიცვალა - პელოტონს სათავეში ჩაუდგა ლორენსო. ლიდერთა წარუმატებლობა ხელს აძლევდა პედროსას, რომელიც სტარტის ჩაგდების შემდეგ საპრიზო სამეულს მოუახლოვდა. მაგრამ ესპანელს კვალში ჩაუდგა სპისი, რომელმაც ჰეიდენის წინააღმდეგობა დაძლია და წინ წაიწია.

პედროსამ ვერ გაუძლო სპისის ზეწოლას, შეცდა და მეტოქე წინ გაუშვა. პარალელურად ადგილები გაცვალეს ჰეიდენმა და ედვარდსმა. "იამაჰა" პოტენციურ დუბლს ზეიმობდა, როცა სპისმა შეცდომა დაუშვა, ტრასიდან გადავიდა და ისევ დაუთმო ადგილი პედროსას. "იამაჰას" იმედგაცრუება კი იმით გაგრძელდა, რომ ფინალურ წრეზე ედვარდსმა ფინიშამდე ვერ მიაღწია.

უამრავი წაქცევის წყალობით ნიკი ჰეიდენმა "დუკატის" პოდიუმი მოუტანა, როსი კი წაქცევის შემდეგ ბოლო ადგილიდან მეხუთეზე გადავიდა, რითაც კიდევ ერთხელ დაგვანახა თავისი ნიჭი. აღსანიშნავია ვალენტინოს ღირსეული საქციელი ფინიშის შემდეგ - მან "ჰონდას" ბოქსებში შეიარა და ბოდიში მოუხადა სტოუნერს.

ესპანეთის გრან-პრი
1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 27 წრე; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - +19.339; 3. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - +29.085; 4. ჰიროში აოიამა (იაპ, "ჰონდა") - +29.551; 5. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +1:02.227; 6. ექტორ ბარბერა (ესპ, "დუკატი") - +1:08.440; 7. კარელ აბრაჰამი (ჩეხ, "დუკატი") - +1:14.120; 8. კელ კრატჩლოუ (აშშ, "იამაჰა") - +1:19.110.

საერთო ჩათვლა
1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 45 ქულა; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 36; 3. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - 25; 4. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - 23; 5. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - 20; 6. ჰიროში აოიამა (იაპ, "ჰონდა") - 19; 7. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - 17; 8. ექტორ ბარბერა (ესპ, "დუკატი") - 14; 9. კელ კრატჩლოუ (აშშ, "იამაჰა") - 13; 10. კარელ აბრაჰამი (ჩეხ, "დუკატი") - 12...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული