კიმიმ პიკაპიც მოსინჯა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა კიმი რაიკონენმა ახალ სერიაში მოსინჯა ძალები. რალის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილე ფინელი ოკეანის გაღმა გაემგზავრა და შარლოტში ნასკარის სერიის ერთ-ერთ ეტაპში მიიღო მონაწილეობა. ეს იყო პიკაპებით რბოლა, რომელიც World Truck Series-ში შედის.

სასტარტო ბილიკზე 36 მონაწილეს შორის კიმის 31-ე ადგილი ეკავა - სწორედ ეს პოზიცია მოიპოვა მან კვალიფიკაციაში, ორივე თავისუფალი პრაქტიკის დროს კი კიმის 30-ე შედეგი ჰქონდა.

უშუალოდ რბოლის დროს რაიკონენმა ერთხელ მეშვიდე ადგილს მიაღწია, მაგრამ საბურავების ცვეთის გამო იძულებული გახდა ბოქსებში შეეხვია. რესტარტის შემდეგ ფინელი
მე-14 პოზიციაზე იმყოფებოდა, ბოლო პიტსტოპის შედეგად კი მე-18 ადგილამდე ჩამოქვეითდა. თუმცა უფრო წარმატებული სტრატეგიისა და კონკურენტებს შორის მომხდარი ინციდენტების წყალობით რაიკონენმა ფინიშზე მე-15 შედეგი აჩვენა.

"რბოლა ძალიან საინტერესო გამოვიდა. აქ ჩემთვის ბევრი რამ ახალი იყო. მაგალითად, ყოველთვის, როცა შედეგის გაუმჯობესებას ვიწყებდი, რბოლა წყდებოდა და თავიდან მჭირდებოდ დრო ადაპტაციისთვის.

თავიდან ბარიერს შევეჯახე, შემდეგ კიდევ ერთხელ, უფრო ძლიერად. ისიც კი გავიფიქრე, რომ მანქანა სერიოზულად იყო დაზიანებული. პიტსტოპამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, საბურავების გახურება შევძელი, მაგრამ მანქანა ტრასიდან გადავარდნის შემდეგ ბოლომდე მწყობრში აღარ იყო. საერთოდ პიკაპის მართვა მოსახერხებელი ყოფილა, ცუდად არ გამოვიყურებოდი გრძელ დისტანციებზე, მანქანა კი სულ უფრო და უფრო მეტად მემორჩილებოდა.

იმაზე მეტი სიამოვნება მივიღე, ვიდრე ველოდი. რა თქმა უნდა, მერჩივნა უფრო მაღალი ადგილი დამეკავებინა, მაგრამ პრაქტიკებისა და კვალიფიკაციის შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, სავსებით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი უნდა ვისწავლო, მაგრამ ის ფაქტი, რომ სერიოზული შეცდომები ავიცილე თავიდან, ძალიან მახარებს", - განაცხადა Autosport-თან კომენტარში რაიკონენმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული