მორიგი საჩუქარი ლოებს

AutoSharing Option
რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მეექვსე ეტაპი ძალიან დრამატული ფინალით აღინიშნა. პირველობის რამდენიმე მონაწილემ ისევ გაუმართლა ბრძოლა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ სებასტიან ლოებს, მაგრამ საერთო ჩათვლის ლიდერმა კვლავ პოდიუმის უმაღლესი საფეხური დაიკავა.

ბოლო დღის წინ პირველ პოზიციაზე "სიტროენის" წევრი სებასტიან ოჟიე იმყოფებოდა. მას საკმაოდ კომფორტული ჰანდიკაპი ჰქონდა და თუ დარჩენილ კილომეტრებს უშეცდომოდ გაივლიდა, შეინარჩუნებდა თანაგუნდელ ლოებზე და "ფორდის" პილოტ მიკო ჰირვონენზე უპირატესობას. არ გამოუვიდა.

პირველივე სპეცმონაკვეთზე ახალგაზრდა ფრანგი ძალიან ფართოდ შევიდა მოსახვევში და მისი ავტომობილი გადაბრუნდა. ლოებმა ეს სპეცმონაკვეთი უპრობლემოდ გაიარა, ჰირვონენს კი
გამსკდარი საბურავის გამოცვლა მოუწია. მაგრამ ეს მცირე ტექნიკური შეფერხება არაფერია ოჟიეს პრობლემებთან. რალის ბოლო დღეს სერვის-პარკი არ მუშაობდა, ამიტომაც ფრანგმა თავისი ძალებით როგორღაც შეაკეთა "სიტროენი" და ბრძოლა გააგრძელა.

შემდეგ ოთხკილომეტრიანი სპეცმონაკვეთზე ლოებმა და ჰირვონენმა ლიდერს რვა წამი მოუგეს. ოჟიე ჯერ კიდევ ინარჩუნებდა პირველობას, მაგრამ მის მანქანას ტემპი თითქმის არ ჰქონდა და საბოლოოდ, ბოლო სპეცმონაკვეთზე ის უკვე მესამე ადგილამდე ჩამოქვეითდა. თავის მხრივ, ლოებმა ჰირვონენს აჯობა და ამ სეზონში მესამე ეტაპის მოგება მოახერხა. სხვათა შორის, მსოფლიოს ჩემპიონი არგენტინაში 2005 წლიდან არ მარცხდება.

ტრასაზე დაშვებული შეცდომის მიუხედავად, ოჟიე მხოლოდ ქებას იმსახურებს. სერიოზულად დაზიანებული მანქანის მიუხედავად, მან ლოებთან მხოლოდ 7.3 წამი წააგო, რაც მთავარია გაუძლო პეტერ სოლბერგის შეტევებს და მესამე პოზიცია შეინარჩუნა.
ამ ეტაპის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა ბრძოლა საერთო ჩათვლაში, სადაც 13-ქულიანი უპირატესობით ლოები ლიდერობს. ჰირვონენს, ოჟიესა და იარი-მატი ლატვალას არ დაუკარგავთ ჩემპიონობის შანსი. მათგან რომელი გაუმართავს ბრძოლას ლოებს, ამას უკვე 17 ივნისს შევიტყობთ, როცა ჩემპიონატის მეშვიდე ეტაპი - საბერძნეთის რალი აიღებს სტარტს.

VI ეტაპი. არგენტინის რალი
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 4:03.56,9; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - +2,4; 3. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - +7,3; 4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - +32,6; 5. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - +5.16,8; 6. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, "ფორდი") - +6.48,5; 7. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - +11.34,5; 8. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "ფორდი") - +13.32,7...

საერთო ჩათვლა
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 126 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 113; 3. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "სიტროენი") - 96; 4. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - 74; 5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "სიტროენი") - 61; 6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდ სტობარტი") - 48; 7. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, "ფორდი") - 28; 8. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, "ფორდი") - 20; 9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 18; 10. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 10...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული