კიმის მორიგი დებიუტი

AutoSharing Option
ამერიკულ სარბოლო სერიებში მოგზაურობას აგრძელებს ფორმულა 1-ის ყოფილი ჩემპიონი კიმი რაიკონენი. ამჯერად ფინელს დებიუტი ჰქონდა ნასკარის სერიის "მეორე ლიგაში" - Nationwide-ის სერიაში. მანამდე კიმიმ ძალები მოსინჯა პიკაპების რბოლაში და მიღებული გამოცდილებით აღფრთოვანებული დარჩა. Nationwide უფრო სერიოზული რბოლაა და შარლოტში გამართულ შეჯიბრში სკანდინავიელმა 27-ე ადგილი დაიკავა.

რაიკონენმა კვალიფიკაციაში 45 მონაწილედან 22-ე შედეგი აჩვენა. უშუალოდ რბოლის დროს მან ერთხელ მე-15 პოზიციაზე გადაინაცვლა, მაგრამ სიჩქარის გადაჭარბების გამო ბოქსებში შესვლით დაისაჯა. გარდა ამისა, ფინელმა დამატებითი პიტსტოპი შეასრულა იმისთვის, რომ Toyota Camry-ის ძირიდან მოეშორებინათ ავარიის
შემდეგ ტრასაზე დარჩენილი სხვა მანქანების ნამსხვრევები.

"თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, გასწრებას ვახერხებდი და მანქანითაც კმაყოფილი ვიყავი, - ამბობს რაიკონენი. - მაგრამ შემდეგ საჭესთან დაკავშირებული პრობლემები შეიქმნა და ერთხელ კინაღამ მოვსრიალდი ტრასაზე".

ექსპერტთა შეფასებით, კიმის ბოქსებში დაუგეგმავი ვიზიტები რომ არ ჰქონოდა, შეძლებდა პირველ 15 პილოტს შორის მოხვედრას.

ახლა რაიკონენი ევროპაში დაბრუნდება და რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგ ეტაპში მიიღებს მონაწილეობას - 17-19 ივნისს საბერძნეთის რალი გაიმართება. ივლისში კი შესაძლებელია რაიკონენის დებიუტი Sprint Cup-ზე, რომელიც ნასკარის მთავარი პირველობა გახლავთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული