"აუდის" ტრიუმფი ლე მანში

AutoSharing Option
რიგით 79-ე ავტომარათონმა სამი ახალი გამარჯვებული გაგავაცნო, რადგან "აუდის" ტრიუმფატორი ეკიპაჟის სამივე წევრს ადრე არასოდეს ჰქონდა მოგებული "ლე მანის 24-საათიანი" რბოლა. სტარტის წინ ბუკმეიკერები და გულშემატკივრები უპირატესობას "აუდის" "ნომერ მესამე" ეკიპაჟს ანიჭებდნენ, რადგან სწორედ აქ ირიცხებოდა "ლე მანის" რვაგზის გამარჯვებული ტომ კრისტენსენი.

მაგრამ ყველანაირი პროგნოზი წყალში ჩაიყარა მას შემდეგ, რაც სტარტიდან ერთ საათში ალან მაკნიში ავარიაში მოხვდა. ასე რომ, კრისტენსენმა ისე დაასრულა მარათონი, ერთხელაც არ დამჯდარა საჭესთან. "აუდისთვის" სიტუაცია კიდევ უფრო კატასტროფული გახდა მას შემდეგ, რაც მსგავსი შეცდომა დაუშვა შარშანდელმა
ჩემპიონმა მაიკ როკენფელერმა. საბოლოოდ, ტრასაზე დარჩა "ნომერ მეორე" "აუდი" სამი "პეჟოს" წინააღმდეგ.

მაგრამ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სავარაუდოდ, სწორედ ეს ორი ავარია გახდა გერმანული გუნდის საბოლოო წარმატების მიზეზი. საქმე ისაა, რომ გაცილებით იოლი აღმოჩნდა ერთადერთ ეკიპაჟზე ყურადღების გამახვილება.

"აუდიმ" თავიდანვე საწვავის მეტ ხარჯვაზე გააკეთა აქცენტი, იმ დროს, როცა "პეჟომ" თავისი მრბოლელებისთვის ეკონომიური ვარიანტი აირჩია. ამიტომაც გასაკვირი არაფერი არ არის იმაში, რომ სწორედ გამარჯვებულებს ეკუთვნოდათ წრეზე საუკეთესო დრო - 3.25,289. თუმცა ამ ყველაფერს მედლის მეორე მხარეც ჰქონდა: ფესლერი, ლოტერერი და ტრელუიე უფრო ხშირად შედიოდნენ პიტსტოპზე, ვიდრე "პეჟოს" ლიდერები - ბურდე, პაჟენო და ლამი - 31 გაჩერება 28-ის წინააღმდეგ. მაგრამ რბოლის საბოლოო შედეგებს თუ გადავხედავთ, "აუდის" ტაქტიკამ ასი პროცენტით გაამართლა.

ფინიშამდე ბოლო ორი საათის განმავლობაში ლოტერერს უკვე აღარ შეეძლო მანქანის ზღვარზე ტარება, თუმცა მისი მდევარი პაჟენოც არ გახლავთ რობოტი... "პეჟოს" სანუგეშოდ ის დარჩა, რომ მაღალი სტაბილურობა აჩვენა და ფინიშამდე სამივე ეკიპაჟი (მეორე, მესამე და მეოთხე ადგილები) მიიყვანა, არადა, "ლე მანის" რბოლის არსი სწორედ ამაში მდგომარეობს.

საბოლოო შედეგი
1. ფესლერი/ლოტერერი/ტრელუიე (Audi R18 TDI) - 355 წრე
2. ბურდე/პაჟენო/ლამი (Peugeot 908) - +13,854
3. სარაზენი/მონტანი/მინასიანი (Peugeot 908) - +2 წრე
4. დევიდსონი/ჟენე/ვიურცი (Peugeot 908) - +4 წრე
5. ლაპიერი/დიუვალი/პანისი (Peugeot 908 HDI-FAP) - +16 წრე
6. პროსტი/იანი/ბლეკემოლენი (Lola B 10/60 Coupe-Toyota) - +17 წრე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული