ყველაფერს ბოლო ეტაპი გაარკვევს

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ფორმულა 1-ის მსგავსად, ბოლოსწინა ეტაპი გაიმართა ნასკარის სერიაში, სადაც უკიდურესად დაიძაბა ბრძოლა ჩემპიონის ტიტულისთვის.

საერთო ჩათვლის ლიდერებმა - კარლ ედვარდსმა და ტონი სტიუარტმა მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს და ახლა ედვარდსი ბოლო ეტაპის წინ მხოლოდ სამი ქულით უსწრებს სტიუარტს.

ბოლოსწინა ეტაპს ფინიქსის საერთაშორისო ავტოდრომი მასპინძლობდა. პოულიდან სტარტი მეტ კენსეტმა აიღო, თუმცა ის თავიდანვე შეავიწროვეს საერთო ჩათვლის ლიდერებმა. ოღონდ, სანამ ტონი სტიუარტი და კარლ ედვარდსი გააქტიურდებოდნენ, ავარია მოხდა დევიდ რეგანსა და რეგან სმიტს შორის. მეორე წრეზე მანქანებს შორის კონტაქტის
შემდეგ ორივენი კედელს შეეჯახნენ და ტრასაზე ყვითელი დროშები გამოფინეს.

შემდეგ კი დაიწყო შეტევები რბოლის ლიდერ მეტ კენსეტზე. ტონი სტიუარტმა მას 36 წრეზე გაუსწრო და სათავეში ჩაუდგა პელოტონს.

სტიუარტი თითქმის მთელი რბოლის განმავლობაში კარგად გამოიყურებოდა და 312 წრიდან 160 ლიდერის რანგში გაატარა. მაგრამ კარლ ედვარდსიც აქტიური იყო და 167 წრეზე მანაც შეძლო წინ გასვლა ისევ და ისევ კენსეტის გასწრების შემდეგ.

და მაინც, გამარჯვების ყველაზე კარგი შანსი სტიუარტს ჰქონდა, რომ არა ფინიშამდე 18 წრით ადრე იძულებითი პიტსტოპი. ამით კარგად ისარგებლეს კეისი კეინმა და კარლ ედვარდსმა, რომლებმაც გაითამაშეს კიდეც ფინიშზე პირველობა. კეინმა საერთო ჩათვლის ლიდერს 8 მეათედი წამი მოუგო და 81-რბოლიანი პაუზის შემდეგ ნასკარის სერიის ეტაპზე გაიმარჯვა. 4-წამიანი ჩამორჩენით მივიდა ფინიშთან ტონი სტიუარტი.

ახლა ედვარდსა და სტიუარტს შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა და ყველაფერი 20 ნოემბერს დასკვნით ეტაპზე გაირკვევა, რომელსაც მაიამი უმასპინძლებს.

NASCAR Sprint Cup
ფინიქსი (აშშ)
1. კეისი კეინი ("ტოიოტა”) - 312 წრე; 2. კარლ ედვარდსი ("ფორდი”) - +0.802; 3. ტონი სტიუარტი ("შევროლე”) - +4.319; 4. ჯეფ ბარტონი ("შევროლე”) - +4.634; 5. რაიან ნიუმანი ("შევროლე”) - +5.865; 6. ეი ჯეი ოლმენდინგერი ("ფორდი”) - +7.297; დევიდ როიტემანი ("ტოიოტა”) - +7.609; 8. მარკოს ემბროუზი ("ფორდი”) - +9.198; 9. პოლ მენარდი ("შევროლე") - +14.865; 10. კლინტ ბოუიერი ("შევროლე”) - +16.740; 11. ჯოი ლოგანო ("ტოიოტა”) - +21.251; 12. დენი ჰემლინი ("ტოიოტა”) - +23.409; 13. გრეგ ბაიფლი ("ფორდი”) - 1 წრე; 14. ჯიმი ჯონსონი ("შევროლე”) - 1 წრე; 15. ხუან პაბლო მონტოია ("შევროლე”) - 1 წრე...

საერთო ჩათვლა
1. კარლ ედვარდსი - 2359; 2. ტონი სტიუარტი - 2356; 3. კევინ ჰარვიკი - 2308; 4. ბრედ კასელოვსკი - 2294; 5. ჯიმი ჯონსონი - 2291; 6. მეტ კენსეტი - 2289; 7. დეილ ერნჰარდტი - 2257; 8. კურტ ბუში - 2252; 9. რაიან ნიუმენი - 2252; 10. დენი ჰემლინი - 2249; 11. ჯეფ გორდონი - 2247; 12. კაილ ბუში - 2224...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული