ფრანგი მეათე ტიტულს მიუახლოვდა

AutoSharing Option
რალი-რეიდის დაკარის მეათე ეტაპის შემდეგ პრაქტიკულად გაირკვა გამარჯვებული ავტომობილების კლასში. თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, კვირას მორიგ ტიტულს იზეიმებს დაკარის ცხრაგზის გამარჯვებული, ლეგენდარული ფრანგი სტეფან პეტერანსელი.

მეათე ეტაპი, რომლის სიგრძე იყო 377 კილომეტრი, ესპანელმა ხუან რომამ მოიგო, რომელსაც სულ რაღაც 21 წამით ჩამორჩა პეტერანსელი.

ამასობაში, ეტაპი ჩააგდო გენერალურ კლასიფიკაციაში პეტერანსელის მთავარმა კონკურენტმა რობი გორდონმა. რამდენიმე შეცდომის გამო, ის ლიდერთა დუეტს 14 წუთით ჩამორჩა, რაც ამერიკელისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ამ ჩავარდნის შემდეგ გორდონმა დაკარგა მეორე ადგილი საერთო ჩათვლაში - ახლა ამ პოზიციაზე
ხუან რომა იმყოფება.

საერთო ჩათვლაში კი პეტერანსელის უპირატესობა 19 წუთამდე გაიზარდა და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, ფრანგი მეათედ გახდება დაკარის გამარჯვებული.

საერთო ჩათვლა
1. სტეფან პეტერანსელი (Mini) - 28.41,12; 2. ხოან რომა (Mini) - +19,05; 3. რობი გორდონი (Hummer) - +19,51; 4. ჟინიელ დე ვილიერსი (Toyota) - +1.01,33; 5. ლეონიდ ნოვიცკი (Mini) - +2.00,55; 6. კარლოს სოუზა (Great Wall) - +2.27,53...

* * *
მოტოციკლების კლასში პირიქით, უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია. ეტაპი მოულონდელად მოიგო ესპანელმა ხოან ბარედამ, რომელსაც საერთო ჩათვლაში არანაირი პრეტენზია არ გააჩნია. გაცილებით დიდ ინტერესს იწვევდა გენერალური კლასიფიკაციის ლიდერების - სირილ დეპრესა და მარკ კომას დუელი. დეპრემ უმნიშვნელო სანავიგაციო შეცდომა დაუშვა და ამის გამო ორი წუთი წააგო კომასთან.

ფრანგის ამ ჩავარდნის შემდეგ, მისი უპირატესობა ესპანელზე თითქმის მინიმუმამდე დავიდა - ახლა დეპრესა და კომას შორის სხვაობა მხოლოდ 21 წამია. ასე რომ, დარჩენილ სამ ეტაპზე ამ ორი მოტოციკლს შორის დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი.

საერთო ჩათვლა
1. სირილ დეპრე (KTM) - 33.07,39; 2. მარკ კომა (KTM) - +0,21; 3. ელდერ როდრიგესი (Yamaha) - +45,56; 4. ხორდი ვილადომსი (KTM) - +1.18,52; 5. სტეფან სვიტკო (KTM) - +1.24,38; 6. ხერარდ ფარესი (KTM) - +1.35,21...

* * *
სატვირთო მანქანების კლასში პირველი ექვსეული უცვლელი დარჩა. ჟერარდ დე როოის არ სჭირდებოდა მთელი ძალით შეტევა, ამიტომაც ჰოლანდიელმა მშვიდად გაუშვა წინ არტურ არდავიჩუსი და ანდრეი კარგინოვი - კამაზ-მა ეტაპზე ორმაგი გამარჯვება მოიპოვა. ახლა, არდავიჩუსს შეუძლია მეორე ადგილზე იფიქროს - სტეისი მას მხოლოდ ხუთი წუთით უსწრებს.

საერთო ჩათვლა
1. ჟერარდ დე როოი (Iveco) - 33.52,33; 2. ჰანს სტეისი (Iveco) - +59,27; 3. არტურ არდავიჩუსი (კამაზი) - +1.04,17; 4. პეპ ვილა (Iveco) - +2.34,46; 5. ანდრეი კარგინოვი (კამაზი) - +2.37,14; 6. ილგიზარ მარდეევი (კამაზი) - +3.46,46...

* * *
კვადროციკლების კლასში ტომას მაფეიმ 13 წუთით გაუსწრო მარკოს და ალეხანდრო პატრონელებს, მაგრამ ეს იმით აიხსენება, რომ ძმები არ რისკავდნენ და უფრო საერთო ჩათვლაში უპირატესობის შენარჩუნებაზე ზრუნავდნენ. მაგრამ კიდევ ერთი ასეთი სიფრთხილე და მარკოსი მეორე ადგილიდან ჩამოვარდება.

საერთო ჩათვლა
1. ალეხანდრო პატრონელი (Yamaha) - 40.29,55; 2. მარკოს პატრონელი (Yamaha) - +1.19,29; 3. ტომას მაფეი (Yamaha) - +1.36,46; 4. იგნასიო კაზალე (Yamaha) - +4.15,29; 5. სერხიო დე ფუენტე (Yamaha) - +6.36,42; 6. ლუკას ბონეტო (Honda) - +7.05,57...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული