დაკარი 2012: ერთი ფავორიტით ნაკლები

AutoSharing Option
დაკარის ავტომარათონში პრაქტიკულად გაინაღდა გამარჯვება ლეგენდარულმა ფრანგმა რალისტმა სტეფან პეტერანსელმა. მე-11 ეტაპზე დაკარის ცხრაგზის ჩემპიონი პირველი მივიდა ფინიშთან და თითქმის ოთხი წუთი მოუგო ესპანელ ხუან რომას, რომელიც მისი უახლოესი მდევარი გახლავთ.

ახლა პეტერანსელი საერთო ჩათვლაში 22 წუთით უგებს რომას, ხოლო რალი-რეიდის დასრულებამდე მხოლოდ ორი ეტაპია დარჩენილი.

ცუდი დღე ჰქონდა გამარჯვების კიდევ ერთ პრეტენდენტს - "ჰამერით" მოასპარეზე რობი გორდონს. მის მანქანას ტექნიკური პრობლემები შეექმნა და ამის გამო ამერიკელმა თითქმის ორი საათი წააგო პეტერანსელთან. ამით გორდონმა დაკარგა ადგილი პირველი სამუელში, ხოლო ჩამორჩენა
გენერალურ კლასიფიკაციაში 2 საათზე მეტს შეადგენს. გორდონის ჩავარდნით კარგად ისარგებლა სამხრეთ აფრიკელმა ჟინიელ დე ვილიერსმა, რომელიც გენერალურ კლასიფიკაციაში მესამე ადგილზე გადავიდა.

საერთო ჩათვლა
1. სტეფან პეტერანსელი (Mini) - 32.38,05; 2. ხოან რომა (Mini) - +22,49; 3. ჟინიელ დე ვილიერსი (Toyota) - +1.11,01; 4. რობი გორდონი (Hummer) - +2.10,31; 5. ლეონიდ ნოვიცკი (Mini) - +2.11,10; 6. ლუსიო ალვარესი (Toyota) - +3.53,51...

* * *
სერიოზული განაცხადი გააკეთა მოტომრბოლთა კლასში გამარჯვებაზე ფრანგმა სირილ დეპრემ. როგორც იცით, მე-11 ეტაპის წინ ის მხოლოდ 21 წამს უგებდა ესპანელ მარკ კომას, მაგრამ ამჯერად დეპრემ შესანიშნავად განვლო მთელი დისტანცია, პირველი მივიდა ფინიშთან და თან ორ წუთზე მეტი მოუგო მთავარ კონკურენტს.

ფრანგის ეს წარმატება იმაში მდგომარეობდა, რომ მას მეტოქის კვალდაკვალ შეეძლო სვლა და ამის გამო დრო არ დაუკარგავს ეტაპზე. შემდეგ ეტაპზე საპირისპირო სიტუაცია იქნება და კომას რევანში აღების საშუალება აქვს. მანამდე კი დეპრესა და კომას შორის სხვაობა 2 წუთსა და 20 წამს შეადგენს.

საერთო ჩათვლა
1. სირილ დეპრე (KTM) - 37.11,16; 2. მარკ კომა (KTM) - +2,22; 3. ელდერ როდრიგესი (Yamaha) - +1.08,40; 4. სტეფან სვიტკო (KTM) - +1.34,56; 5. ხორდი ვილადომსი (KTM) - +1.39,46; 6. ხერარდ ფარესი (KTM) - +1.52,00...

* * *
სატვირთო მანქანების კლასში ზედიზედ მეორე ეტაპზე კამაზ-ის გამარჯვება ვიხილეთ - პირველი მივიდა ფინიშთან ანდრეი კარგინოვი, რომელმაც სამი წუთი მოუგო ჰანს სტეისის. ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, ამდენივეთი ჩამოიტოვა უკან ჰოლანდიელი ჟერარდ დე როოი, ვინც მთლიანად აკონტროლებს მოვლენათა განვითარებას და არ აძლევს თანამემამულეს საბოლოო გამარჯვების არანაირ შანსს. არტურ არდავიჩუსმა სტეისისთან დაახლოებით 20 წუთი წააგო და თითქმის დაკარგა მეორე ადგილზე გასვლის შანსი.

საერთო ჩათვლა
1. ჟერარდ დე როოი (Iveco) - 37.51,55; 2. ჰანს სტეისი (Iveco) - +55,58; 3. არტურ არდავიჩუსი (კამაზი) - +1.20,29; 4. ანდრეი კარგინოვი (კამაზი) - +2.30,42; 5. ილგიზარ მარდეევი (კამაზი) - +3.59,48; 6. ჟოზეფ ადუა (Iveco) - +5.12,36...

* * *
კვადროციკლების კლასში ძმები პატრონელები აგრძელებენ ტრიუმფალურ სვლას. ამჯერად ალეხანდრო ოდნავ უფრო სწრაფი იყო და მარკოსს 31 წამი მოუგო, იმ დროს, როცა ტომას მაფეიმ ორივესთან 20 წუთი დათმო. როგორც ჩანს, გენერალურ კლასიფიკაციაში ხუთეული საბოლოოდ ჩამოყალიბდა. მხოლოდ ლუკას ბონეტომ შეიძლება დაკარგოს მეექვსე პოზიცია.

საერთო ჩათვლა
1. ალეხანდრო პატრონელი (Yamaha) - 45.23,40; 2. მარკოს პატრონელი (Yamaha) - +1.20,00; 3. ტომას მაფეი (Yamaha) - +2.10,43; 4. იგნასიო კაზალე (Yamaha) - +5.13,08; 5. სერხიო დე ფუენტე (Yamaha) - +8.05,16; 6. ლუკას ბონეტო (Honda) - +11.24,06...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული