იარი-მატი ლატვალამ შვედეთი შეინარჩუნა

AutoSharing Option
შვედეთში დასრულდა კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი. სამდღიანი რალი "ფორდის" მანქანების ტრიუმფით აღინიშნა - პირველი ხუთი ადგილიდან ოთხი "ფორდის" პილოტებს ერგოთ. მათ შორის საუკეთესო აღმოჩნდა ფინელი იარი-მატი ლატვალა, რომელმაც, საბოლოოდ, ზედიზედ მეორედ მოიგო შვედეთის რალი.

ბოლო დღის წინ, ლატვალას კომფორტული 23-წამიანი უპირატესობა ჰქონდა უახლოეს მდევარ მიკო ჰირვონენთან, რომელიც ამ სეზონში "სიტროენის" მანქანით გამოდის.

პირველ ორ სპეცმონაკვეთზე ლატვალამ, ფაქტობრივად გაანადგურა ჰირვონენი და ამით თავისი უპირატესობა 35 წამამდე გაზარდა. თითქოს გამარჯვებისთვის ბრძოლის ინტრიგა საბოლოოდ დაიკარგა, მაგრამ მესამე სპეცმონაკვეთზე ლატვალას სერიოზული პრობლემები
შეექმნა - მას საბურავი გაუსკდა და ამის გამო ბევრი დრო დაკარგა.

ბოლოსწინა სპეცმონაკვეთზე, რომლის სიგრძე 23 კილომეტრი იყო, ჰირვონენმა 8-წამიანი ჩამორჩენის გაბათილების შანსი მიიღო. მაგრამ სასწაული არ მოხდა. ლატვალამ დამაჯერებლად მოიგო ბოლო სპეცმონაკვეთი და ეტაპი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

რაც შეეხება სებასტიან ლოებს, მას თითქმის მთელი ეტაპის განმავლობაში მექანიკური პრობლემები ჰქონდა და საბოლოოდ, მეექვსე ადგილი დაიკავა, თუმცა შეინარჩუნა ლიდერობა საერთო ჩათვლაში. ის 10 ქულით უსწრებს ესპანელ დანი სორდოს.

შემდეგი ეტაპი მარტში მექსიკაში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული