სიკვდილი მიზანოზე

AutoSharing Option

რამდენიმე კვირის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ მოტოგრან-პრის ჩემპიონატში ხორხე ლორენსოს ლიდერობას რაიმე დაემუქრებოდა, მაგრამ ესპანელის უშუალო კონკურენტმა და თანამემამულემ დანი პედროსამ ბოლო ორი რბოლა მოიგო და პირველობას მცირედი ინტრიგა დაუბრუნა.

სან მარინოს გრან-პრიზე პედროსა პოულს ფლობდა და მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩემპიონატში საუკეთესო სტარტი აქვს. მის უკან პირველ მოსახვევში კეისი სტოუნერი აღმოჩნდა, რომელმაც ლორენსოს გასწრება მოახერხა, თუმცა ეს ავსტრალიელის ბოლო წარმატება იყო. ყოფილმა ჩემპიონმა პირველივე წრეზე დაკარგა მეორე პოზიცია - ხორხე მალე მოეგო გონს და პედროსას გამოედევნა. მაგრამ დანიმ

ყველაფერი გააკეთა პირველი ადგილის შესანარჩუნებლად. "ჰონდას" პილოტმა პირველი წრეები ბრწყინვალედ გაიარა და ძველი შეცდომები აღარ გაიმეორა. მეათე წრისთვის პედროსა კონკურენტს ხუთი წამით უსწრებდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა რბოლაში გამარჯვების მოსაპოვებლად.

რბოლის მშვენება გახდა მესამე ადგილისთვის ბრძოლა. სტოუნერს ვალენტინო როსი და ანდრეა დოვიციოზო მიუახლოვდნენ. როსი მუდმივად ავიწროებდა ავსტრალიელს, მაგრამ კეისი კარგად უკეტავდა ტრაექტორიას იტალიელს, თუმცა ბოლოს მაინც მოუწია იტალიელის წინ გაშვება. ერთი წრის შემდეგ, სტოუნერს დოვიციოზომაც გაუსწრო.

ამის შემდეგ მესამე ადგილისთვის ბრძოლა ვალენტინოსა და ანდრეას შორის გაჩაღდა. მართალია, მათ შორის სხვაობა წამზე ნაკლები იყო, მაგრამ დოვიციოზომ ერთი ნორმალური შეტევაც ვერ განახორციელა და მაყურებელთა გასახარად, როსი დიდხნიანი შესვენების შემდეგ პოდიუმზე ავიდა.

პედროსამ კი საერთო ჩათვლაში 63 ქულამდე შეამცირა სხვაობა ლორენსოსთან. ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი რბოლა დარჩა და დანის მხოლოდ ეტაპების მოგება არ ეყოფა ჩემპიონობის მოსაპოვებლად - მას ლორენსოს შეცდომებიც სჭირდება.


მიზანოს ტრასაზე გამართული სან მარინოს გრან-პრი ტრაგიკული აღმოჩნდა 19 წლის იაპონელ შოია ტომიზავასთვის. მოტოგრან-პრი 2-ში მოასპარეზე "ტექნომაგის" წევრი მოტოციკლიდან გადავარდა და ტრასაზე ზურგით დაეცა. ტრავმა სასიკვდილო აღმოჩნდა - უახლოესი კლინიკის ექიმებმა იაპონელის მოტომრბოლის გადარჩენა ვერ შეძლეს. ავარიის დროს კიდევ ორი პილოტი - ალექს დე ანჯელისი და სკოტ რედინგი დაზარალდნენ, მაგრამ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ტომიზავა ამ სეზონში მოტოგრან-პრი 2-ის მთავარი აღმოჩენა გახდა. მან ერთი ეტაპი მოიგო და ორი პოული მოიპოვა.
"დღეს ყველა ნაღვლიანია. არ შეიძლება თავს მშვიდად გრძნობდე, როცა ერთი კვირის განმავლობაში ტრასაზე ორი პილოტი იღუპება. იმედი მაქვს, ასეთი ინციდენტი აღარასოდეს განმეორდება და რბოლებისგან ძველებურად სიამოვნებას მივიღებთ", - განაცხადა ხორხე ლორენსომ.

ვალენტინო როსი უფრო კატეგორიული იყო: "როცა ჩვენს სამყაროში ასეთი რამ ხდება, სხვა ყველაფერი აზრს კარგავს. შოია ძალიან ძლიერი მრბოლელი და კარგი ბიჭი იყო. ყველანი დამწუხრებული ვართ მომხდარის გამო".
ლორენსოს სიტყვებს ვუბრუნდებით და განვმარტავთ, რომ ერთი კვირის წინ, ერთ-ერთი დაბალი სერიის რბოლაში 13 წლის პეტერ ლენცი დაიღუპა.

სან მარინოს გრან-პრი
1. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 44.22,059; 22. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - +1,900; 3. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - +3,183; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - +6,454; 5. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - +18,479; 6. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - +28,385...
საერთო ჩათვლა
1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 271 ქულა; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 208; 3. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "ჰონდა") - 139; 4. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "დუკატი") - 130; 4. ვალენტინო როსი (იტა, "იამაჰა") - 130; 6. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - 120...

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული