სებასტიან ლოები წასვლით იმუქრება

AutoSharing Option
რალიში მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი სებასტიან ლოები არ აპირებს ყოველ ეტაპზე სამი-ოთხი ზედმეტი დღის დახარჯვას, როგორც ეს ბოლო პერიოდში ხდება.

"ამჟამად რალის ჩატარების ადგილას კვირას ჩავდივართ და შინ მხოლოდ მომავალ ორშაბათს ვახერხებ გამგზავრებას. არადა, ოპტიმალური ვარიანტი იქნებოდა სამშაბათს ჩასვლა და კვირას შინ დაბრუნება", - დაიჩივლა ფრანგმა, რომლის ხელფასი წელიწადში დაახლოებით 8 მილიონ ევროს უდრის.

მიმდინარე სეზონში მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზატორებმა გაზარდეს ბევრი რბოლის ხანგრძლივობა და დისტანცია. თან, ისინი მომავალშიც აპირებენ ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას. ამ პოლიტიკას ეთანხმება ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ჟან
ტოდტი - მას მიაჩნია, რომ ეკიპაჟებზე დატვირთვის გაზრდა რალის უფრო საინტერესოს გახდის, ხოლო ეტაპის შედეგი - ნაკლებად პროგნოზირებადი იქნება.

ლოების თქმით, ის წინააღმდეგი არ არის ახალი იდეების, რომლებიც სპორტს სარგებლობას მოუტანს, მაგრამ რალის დაგრძელება ამ იდეების სიაში არ შედის. "ამ ნაბიჯს არანაირი ხარისხიანი წინსვლა არ მოუტანია, - ხსნის თავის პოზიციას "სიტროენის" ლიდერი. - უბრალოდ, უფრო მეტს დადიხარ ერთსა და იმავე გზებზე. ეს ყველაფერი ძალიან მოსაწყენი ხდება".

ფრანგმა მრბოლელმა განაცხადა, რომ სწორედ გრძელი დისტანცია შეიძლება გახდეს მისი მსოფლიოს რალიდან წასვლის მიზეზი. წასვლის უახლოესი თარიღი, შესაძლოა, 2012 წლის შემოდგომა იყოს. ლოების ამჟამინდელი კონტრაქტის ვადა 2013 წლის ბოლოს იწურება, მაგრამ მასში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ავტომრბოლს ხელშეკრულების ერთი წლით ადრე გაუქმების შესაძლებლობა აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული