ამერიკული სერიები: ალეზი კუს ნაბიჯებით

AutoSharing Option
ინდიკარის სერიაში გაიმართა ლეგენდარული რბოლა - "ინდიანაპოლისის 500 მილი", რომელიც "განასის" გუნდის წევრმა, "დალარას" ავტომობილით მოასპარეზე დარიო ფრანკიტიმ მოიგო.

შოტლანდიელი პილოტისთვის ეს იყო კარიერაში მეოთხე ტრიუმფი აშშ-ის ყველაზე პრესტიჟულ რბოლაში.

ახალი სეზონის დასაწყისი არც ისე წარმატებული გამოვიდა ფრანკიტისთვის, რომელიც სერიის მოქმედი ჩემპიონი გახლავთ.

იგივე ითქმის მის გუნდსა და ყველა იმ პილოტზე, რომელიც "ჰონდას" ძრავებს იყენებს. "ინდიანაპოლისი 500"-ის კვალიფიკაციაზეც ფრანკიტი და მისი თანაგუნდელი, სერიის კიდევ ერთი ექს-ჩემპიონი სკოტ დიქსონი მეორე ათეულის შუაში აღმოჩნდნენ.

ამას დაემატა ისიც, რომ რბოლის დასაწყისში შოტლანდიელი საერთოდ
ბოლო ადგილამდე დაქვეითდა, რადგან მომავალ ტრიუმფატორს პიტ-ლეინზე ერთ-ერთი კონკურენტი შეეჯახა.

და ყველაფრის მიუხედავად, ფინიშამდე ორი წრით ადრე, პირველ ორ ადგილს სწორედ "განასის" პილოტები იკავებდნენ. მათ კი ბრძოლა გაუმართა ფორმულა 1-ის ყოფილმა წევრმა ტაკუმა სატომ, რომელიც ასევე "ჰონდას" ძრავით აღჭურვილი მანქანით გამოდის ინდიკარში.

ბოლო წრის პირველ მოსახვევში იაპონელი გაუსწორდა ლიდერ ფრანკიტის, მაგრამ ოვალურ ტრასებზე გამოსვლის ნაკლებმა გამოცდილებამ შეცდომა დააშვებინა - სატომ მეტად ოპტიმისტური ტრაექტორია აირჩია და გასწრების მცდელობა ბარიერთან შეჯახებით დასრულდა.

სეზონის ერთპიროვნულმა ლიდერმა, "პენსკეს" გუნდის წევრმა უილ პაუერმა, რომელმაც წინა ოთხი რბოლიდან სამი თავის სასარგებლოდ დაასრულა, ფინიშამდე მისვლა ვერ შეძლო, ოღონდ ეს მისი ბრალი არ იყო: რბოლის ერთ-ერთმა მონაწილემ საკუთარ ავტომობილზე კონტროლი დაკარგა და ავსტრალიელის მანქანას შეეჯახა.

ამ წარუმატებლობის მიუხედავად, პაუერი ინარჩუნებს ლიდერობას გენერალურ კლასიფიკაციაში. მის ანგარიშზე 200 ქულაა. ავსტრალიელს 36 ქულით ჩამორჩებიან ჰელიო კასტრონევეში და ჯეიმს ჰინკლიფი; ხუთეულში ვხედავთ სკოტ დიქსონსა და დარიო ფრანკიტის.

როგორც იცით, ამ რბოლაში მონაწილეობა უნდა მიეღო ცნობილ ფრანგ პილოტს ჟან ალეზის. ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი გავიდა ტრასაზე, მაგრამ მხოლოდ 10 წრე გაიარა. ალეზის მანქანა "ლოტუსის" ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც ისეთი სუსტი აღმოჩნდა, რომ მსაჯებმა ალეზი მოხსნეს დისტანციიდან ძალიან ნელი ტემპის გამო.

საბოლოო შედეგი
1. დარიო ფრანკიტი - 200 წრე; 2. სკოტ დიქსონი - +0.0295; 3. ტონი კანაანი - +0.0677; 4. ორიოლ სერვია - +2.9166; 5. რაიან ბრისკო - +3.6721; 6. ჯეიმს ჰინკლიფი - +4.0962; 7. ჯასტინ უილსონი - +4.2430; 8. ჩარლი კიმბელი - +4.6056; 9. თაუნსენდ ბელი - +5.6168; 10. ჰელიო კასტრონევეში - +7.6352; 11. რუბენს ბარიკელო - +7.9240...

* * *

ასევე ამერიკაში გაიმართა ნასკარის სერიის მორიგი რბოლა - "კოკა კოლა 600". ეს არის სერიის მოქმედ კალენდარში ყველაზე გრძელი ეტაპი. საფინალო რესტარტზე ლიდერობის მოპოვების შემდეგ კეისი კეინმა დამაჯერებლად მიიყვანა რბოლა გამარჯვებამდე, რომელიც პირველი იყო მისთვის საჯინიბო "ჰენდრიკის" შემადგენლობაში.

ამ მოგებით კეინი მე-15 ადგილზე გადავიდა საერთო ჩათვლაში. ლიდერი კი ისევ გრეგ ბიფლია - მან ამ ეტაპზე თავისი "ფორდით" მეოთხე ადგილი დაიკავა.

საბოლოო შედეგი
1. კეისი კეინი ("შევროლე") - 3:51.14.000; 2. დენი ჰემლინი ("ტოიოტა") - + 4.295; 3. კაილ ბუში ("ტოიოტა") - + 10.676; 4. გრეგ ბიფლი ("ფორდი") - + 16.010; 5. ბრედ კასელოვსკი ("დოჯი") - + 19.174; 6. დეილ ერნჰარდტი ("შევროლე") - + 22.533; 7. ჯეფ გორდონი ("შევროლე") - + 24.561; 8. კევინ ჰარვიკი ("შევროლე") - + 26.083; 9. კარლ ედვარდსი ("ფორდი") - + 27.239; 10. მეტ კენსეტი ("ფორდი") - 1 წრე...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული