დაკარის ლეგენდა სტეფან პეტერანსელმა მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
სამხრეთ ამერიკაში დაიწყო ლეგენდარული ავტომარათონი - დაკარი. რალი-რეიდის მონაწილეებმა 5 იანვარს პერუს დედაქალაქ ლიმადან აიღეს სტარტი.

თუ პირველი 13-კილომეტრიანი ეტაპი ერთგვარად გასახურებელი იყო, მეორე სტარტი სრულფასოვანი გახლდათ - დისტანციის სიგრძე 242 კილომეტრს უდრიდა.

ავტომობილების კლასში მთავარი ფავორიტის სტატუსი დაამტკიცა ლეგენდარულმა ფრანგმა, დაკარის ათგზის გამარჯვებულმა სტეფან პეტერანსელმა.

მან საუკეთესო დრო აჩვენა და სათავეში ჩაუდგა გენერალურ კლასიფიკაციას. "მინის" მანქანით მოასპარეზე ფრანგი ორწუთნახევარზე მეტს უგებს სამხრეთაფრიკელ ჟინიელ დე ვილიერსს, რომელიც "ტოიოტათი" ასპარეზობს.

"ბაგებით" მოასპარეზე ნასერ ალ-ატიია და ლეგენდარული კარლოს საინსი ხეირიანად ვერ გაუმკლავდნენ
ტრასას და რამდენიმე პოზიცია დაკარგეს. საინსი ამ ეტაპის შემდეგ საერთო ჩათვლაში პირველი ათეულიდან გავარდა, არადა, პირველი სტარტი სწორედ მისი გამარჯვებით დასრულდა.

საერთო ჩათვლა
1. სტეფან პეტერანსელი (Mini) - 3:00.20; 2. ჟინიელ დე ვილიერსი (Toyota) - +2.38; 3. რონან შაბო (SMG) - +3.46; 4. ორლანდო ტერანოვა (BMW) - +6.26; 5. ლეონიდ ნოვიცკი (Mini) - +9.33; 6. ნასელ ალ-ატიია (Buggy) - +10.25...

* * *
მოტოციკლების კლასში მოულოდნელად ვითარდება მოვლენები. აქ ყველა ვარაუდობს KTM-ის საქარხნო გუნდის ტრიუმფს, მაგრამ ჯერჯერობით გენერალურ კლასიფიკაციას სათავეში ჩაუდგა ესპანელი ხოან ბარედა ბორტი, რომელიც შვედური გუნდის - "ჰუსკვარნას" ღირსებას იცავს.

სწორედ მან მოიგო მეორე ეტაპი, როცა სამ წუთზე მეტით ჩამოიშორა უახლოესი მდევარი, თანამემამულე ხუან პედრერო. ხელი მოეცარა მოტოციკლების კლასში მთავარ ფავორიტსა და მოქმედ ჩემპიონს, ფრანგ სირილ დეპრეს, რომელმაც გამარჯვებულთან 10 წუთზე მეტი წააგო და მხოლოდ მეხუთე ადგილზე გავიდა.

ახლა საერთო ჩათვლაში ასეთი მდგომარეობაა - ლიდერობს ხოან ბარედა ბორტი, მას ხუთწუთნახევრით ჩამორჩება რუბენ ფარია, შემდეგ მოდის ხუან პედრერო და მხოლოდ მეხუთეა დეპრე, 9-წუთიანი ჩამორჩენით.

საერთო ჩათვლა
1. ხოან ბარედა ბორტი (Husqvarna) - 3:24.11; 2. რუბენ ფარია (KTM) - +5.36; 3. ხუან პედრერო (KTM) - +6.36; 4. დავიდ კასტო (Yamaha) - +6.58; 5. სირილ დეპრე (KTM) - +8.50; 6. მეტ ფიში (Husqvarna) - +9.18...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თითქმის უინტრიგო დაკარი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული