დავიწყოთ ყველაზე პრესტიჟული - ავტომობილების კლასით. შარშანდელ რალიში გერმანულმა გუნდმა - X-raid-მა დიდი ხნის ოცნება აისრულა, ავტომარათონი მოიგო და ახლა, სამხრეთ ამერიკაში ჩემპიონის რანგში ბრუნდება. როგორც ამბობენ, გერმანული საჯინიბო ტიტულის დასაცავად სერიოზულად მოემზადა - მარათონის სტარტზე გავა MINI All4 Racing-ის ოთხი სარბოლო პროტოტიპი, რომლებიც BMW-ის
გუნდისა და მთლიანად "დაკარის" უდავო ფავორიტია ფრანგი სტეფან პეტერანსელი, რომლის ანგარიშზეა "დაკარზე" ათი გამარჯვება - ექვსი "იამაჰათი" მოტოჩათვლაში, სამი "მიცუბიშით" "ავტოს" კლასში და ერთიც შარშან, MINI-თი ასევე ავტომობილების ჩათვლაში.
პეტერანსელის თანაგუნდელები იქნებიან ესპანელი ხოან "ნანი" რომა, რომელმაც 2004 წელს მოიგო "დაკარი" მოტოციკლების კლასში და პოლონელი კშიშტოფ ჰოლოვჩიცი.
ზედიზედ მეორე წელია MINI-ს პილოტების ძირითადი კონკურენტი იქნება NASCAR-ის სერიის ქარიზმატული წარმომადგენელი, ამერიკელი რობი გორდონი, აგრეთვე კატარელი უნივერსალი, ტყვიის სროლაში ლონდონის ოლიმპიადის პრიზიორი, კლასიკური რალის პილოტი და "დაკარის" ექს-ჩემპიონი ნასერ ალ-ატიია. მაგრამ, თუ გასულ წელს გორდონი და ალ-ატიია ერთ გუნდს წარმოადგენდნენ, ამჯერად ორივე სპორტსმენი ბაგის ერთგული დარჩა, მაგრამ სხვადასხვა საჯინიბოს ღირსებას დაიცავენ.
რობი, ტრადიციულად, თავისი "ჰამერით" ირბოლებს, ნასერი კი საკუთარი გუნდის - Team Qatar Red Bull-ის ავტომობილით გამოვა. კატარელის თანაგუნდელი იქნება ლეგენდარული ესპანელი კარლოს საინსი - "დაკარის" ყოფილი ჩემპიონი და კლასიკური რალის ორგზის გამარჯვებული.
მაგრამ, გორდონის Hummer H3 ხშირად არასაიმედო და არაკონკურენტუნარიანია, ხოლო ალ-ატიიასა და საინსის ბაგი გამოუცდელი, ამიტომაც, მათ გაუჭირდებათ MINI-ს პილოტების წინააღმდეგ ბრძოლა.
2009 წელს "დაკარის" ჩემპიონი, სამხრეთაფრიკელი ჟინიელ დე ვილიერი შარშანდელი სენსაცია გახდა, როცა Toyota HiLux-ის პიკაპით მარათონში მესამე ადგილზე გავიდა. მას ახლა, ბრძოლაში გამოცდილი და შემოწმებული მანქანა ჰყავს და საბოლოო გამარჯვების თუ არა, პირველ სამეულში მოხვედრის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევა.
* * *
მეორე პრესტიჟულ კლასში - მოტოციკლებში ორი ფავორიტი უნდა ყოფილიყო: მოქმედი გამარჯვებული, ფრანგი სირილ დეპრე და მისი თანაგუნდელი KTM-ის საქარხნო გუნდიდან, ესპანელი მარკ კომა.
ბოლო შვიდ "დაკარზე" სწორედ მათ გაითამაშეს პირველობა, თუმცა ამჯერად მათი დუელი არ შედგება. 2012 წლის ოქტომბერში, მაროკოს რალის დროს, კომამ მარცხენა ხელი დაიზიანა და ამან ხაზი გადაუსვა ესპანელის "დაკარზე" გამოსვლას.
KTM-ში მარკის შემცვლელად მიიწვიეს ამერიკელი კურტ კასელი. მას სამშობლოში ბევრი გამარჯვება აქვს მოპოვებული, მაგრამ "დაკარზე", სავარაუდოდ, ვერ შეძლებს დეპრესთვის წინააღმდეგობის გაწევას. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ფრანგს უკვე დაცული აქვს შარშანდელი ტიტული, თუმცა რბოლის დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
"იამაჰას" საქარხნო გუნდმა დაკარგა თავისი ერთ-ერთი ლიდერი ჰელდერ როდრიგეში - პორტუგალიელმა "ჰონდაში" გადასვლა არჩია, რომელსაც დიდხნიანი შესვენების შემდეგ, დებიუტი ექნება "დაკარზე". როდრიგესის თანაგუნდელები იქნებიან ამერიკელი ჯონი კემპბელი და არგენტინელი ხავიერ პიცოლიტო.
რაც შეეხება "იამაჰას", ამ გუნდის სამეული ასე გამოიყურება - ფრანგები დავიდ კასტო და დავიდ ფრეტინიე, აგრეთვე ჰოლანდიელი ფრანს ვერჰოვენი. ეს საკმაოდ გამოცდილი შემადგენლობაა, მაგრამ მაინც საეჭვოა, რომ "იამაჰამ" შეძლოს KTM-თან და "ჰონდასთან" კონკურენცია.
სამწუხაროდ, რალი-რეიდებში მონაწილეობის პროგრამა შეაჩერა იტალიურმა "აპრილიამ", ამიტომაც ამ გუნდის პილოტებს წელს სტარტზე ვერ ვიხილავთ. სამაგიეროდ, ავსტრიული KTM-ის მოტოციკლებით გამოვლენ საკმაოდ სწრაფი "კერძო" პილოტები: ჩილელი ფრანსისკო ლოპესი, სლოვაკი სტეფან სვიტკო, ნორვეგიელი პალ ანდერს ულევალსეტერი, პოლონელი იაკუბ პშიგონსკი, პორტუგალიელი რუბენ ფარია, ესპანელი ხუან პედრერო, ბრაზილიელი ჟან დე აზევედო...
რაც შეეხება წლევანდელი "დაკარის" მარშრუტს, საერთო დისტანცია 8574 კილომეტრს შეადგენს, ეტაპების რიცხვი კი 15 გახლავთ. პილოტები სტარტს პერუს ქალაქ ლიმადან აიღებენ, შემდეგ არგენტინაში გადაინაცვლებენ, ფინიში კი 20 იანვარს ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოშია დაგეგმილი.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"