"მფრინავი ბურთი"- ქართული ფრენბურთის პანაცეა

AutoSharing Option
შარშანდელი სეზონი ქართული ფრენბურთისთვის საკმაოდ დატვირთული გამოდგა. პლაჟბურთის წყვილებთან ერთად საერთაშორისო ასპარეზზე ქალთა და ვაჟ ფრენბურთელთა ნაკრებებმაც იასპარეზეს. მათი მიზანი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ღირსეულად ასპარეზობა იყო. წლეულს კი ორივე გუნდს (პლაჟბურთელებთან ერთად) 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ბრძოლა მოუწევს.

განვლილი სეზონის შეფასება და მომავლის გეგმებზე საუბარი საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან ახვლედიანს ვთხოვეთ:

- შარშანდელი სეზონი მოულოდნელად წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი პლაჟბურთელებისთვის. ორივე წყვილი, საქა-რთველო და გეორ-გიაც, მიუხედავად იმისა, რომ ლიცენზიების გაცემის სისტემა ძალიან გართულდა, რეიტინგში ისე მაღალ ადგილებზე იმყოფება,
რომ ლონდონის საგზურის მოპოვების ძალიან კარგი შანსი აქვს.

აღსანიშნავია, რომ ვაჟთა წყვილზე უკეთ ქალებმა იასპარეზეს, რასაც ნამდვილად არ ველოდით. სამწუხარო ისაა, რომ სეზონის ბოლოს უსახსრობის გამო მსოფლიო ტურის ორ დასკვნით ეტაპზე ვერ ვიასპარეზეთ, რის გამოც საკმაოდ ბევრი სარეიტინგო ქულა დავკარგეთ.

- საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებმა შარშან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში იასპარეზა. როგორ შეაფასებდით მათ მიერ ნაჩვნებ შედეგს?
- მთავარი ისაა, რომ აუცილებელია ეს ორივე ნაკრები შევინარჩუნოთ. ჩვენი ქალთა გუნდი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდულია შარშან გრანდებს ეთამაშა. როგორი საქმეა გამოუცდელი გოგონებისთვის საყოველთაოდ ცნობილი ნიკოლაი კარპოლის გაწვრთნილი ბელორუსის ნაკრებთან და ევროპის ელიტაში შემავალი აზერბაიჯანლეთა გუნდის წინააღმდეგ თამაში. კარპოლი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს იოლად გვიგებდნენ, მესამე სეტში ისე ანერვიულდა, რომ თავი ვეღარ შეიკავა და მისთვის დამახასიათებელი ყვირილი მორთო.

- წლევანდელი სეზონი, შარშანდელზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია...
- დიახ, პლაჟბურთელებმა უკვე დიდი ხანია დაიწყეს მზადება. ბრაზილიაში მათთან ყოველდღიურად გვაქვს კონტაქტი. ვაკონტროლებთ მზადების მიმდინარეობას. მრავალი საორგანიზაციო საკითხია გადასაწყვეტი.

წლეულს მსოფლიო ტური აპრილიდან იწყება და ყველა ეტაპს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამასთან 12-19 ივნისს იტალიის დედაქალაქ რომში ტარდება მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც ასპარეზობის უფელბა ჩვენმა ორივე წყვილმა მოიპოვა. ამ შეჯიბრებაში წარმატებულ ასპარეზობას დიდი მნიშვბელობა აქვს, რადგან სხვა შეჯიბრებებთან შედარებით, ფრენბურთელებს მეტი სარეიტინგო ქულა ერიცხებათ. ამიტომ რომისთვის ჩვენი პლაჟბურთელები ფორმის პიკში უნდა იყვნენ.

- ზემოთ ახსნეთ, რომ ოლიმპიადის ლიცენზიის გათამაშების სისტემა გართულდა. რა შეიცვალა?
- ადრე თუ ლიცენზიას რეიტინგში 22 საუკეთსო იღებდა ახლა 16 მიიღებს. კიდევ ხუთი ადგილი კონტინენტების ჩემპიონებს ერგებათ. ორი ლიცენზია სპეციალურ ტურნირში თამაშდება, რომელშიც სამწუხაროდ, უსახსრობის გამო ვერ ვასპარეზობთ. ერთ დარჩენილ საგზურს კი საერთაშორისო ფედერაცია მასპინძელ ქვეყანას აძლევს. ჩვენ წყვილებს ერთი შანსი აქვთ, რეიტიგში აუცილებლად საუკეთესო 16 გუნდს შორის უნდა მოხვდნენ.

- კლასიკურ ფრენბურთში ლიცენზიები როდის გათამაშდება ?
- სალიცენზიო შესარჩევი ტურნირი აგვისტოში დაიწყება. წილისყრა კი აპრილიში გაიმართება. აქ სერიოზული პრობლემები გვაქვს. როგორც ქალთა, ისე ვაჟთა გუნდს აუცილებლად სჭირდება თუნდაც ერთი საწვრთნელი შეკრება, რამდენიმე საკონტროლო შეხვედრა. სამწუხაროდ, საამისოდ ბიუჯეტში თანხა გათვალისწინებული არ არის. საწვრთნელი შეკრების გარეშე კი რაიმე სერიოზული მიზნისთვის ბრძოლა წარმოუდგენელია.

- მოდით, სანაკრებო თემიდან საშინაოზე გადავიდეთ. საქართველოს ჩემპინატის პირველი წრე დასრულებულია.
- საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდების გეოგრაფია ყოველთვის მრავალფეროვანი იყო, მაგრამ თუ აქამდე ქალთა შორის ჩემპინობისთვის მხოლოდ დიდი ჯიხაიშის "ჯიკო" და თბილსის გუნდი იბრძოდა, ამჯერად მათ დავაში ბათუმელთა შესანიშნავი გუნდიც ჩაერთო. პირველი წრის შემდეგ სატურნირო ცხრილს სწორედ ბათუმელები ლიდერობენ.

მეორე წრე 4 აპრილს დაიწყება. ფინალები კი 7-8 მაისს ქუთაისში ან ოზურგეთში გაიმართება.

- 2015 წელს თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება, რომლის პროგრამაში ფრენბურთიცაა. ამ შეჯიბრებაში, ცხადია, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებებიც იასპარეზებენ.
- მზადება უკვე დავიწყეთ. მწვრთნელებს დავალებული აქვთ, შესაბამისი  ასაკის ბავშვებში სელექცია ჩაატარონ, რათა საუკეთესოები შევარჩიოთ და ოლიმპიურ ფესტივალზე კარგად მომზადებული გუნდებით წარვსდგეთ. ვაპირებთ ამ ასაკის როგორც გოგონებს, ისე ვაჟებს შორის რამდენიმე ტურნირი ჩვატაროთ. გამორიცხული არ არის მათთან სამუშაოდ უცხოეთიდან მაღალკვალიფიციური მწვრთნელებიც მოვიწვიოთ.

ძალიან კარგ პროექტს ეყრება საფუძველი, რომელსაც საქართველოს ფრენბურთის ფედერაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან და განათლების სამინისტროსთან ერთად განახორციელებს. "მფრინავი ბურთი" - ასე ერქმევა შეჯიბრებას, რომელიც სკოლებს შორის გაიმართება. ეს საშუალებას მოგვეცემს ფრენბურთი პოპულარული გავხადოთ და რაც შეიძლება ბევრი ბავშვი ვაზიაროთ მას. ვფიქრობთ, საკმაოდ ბევრ ნიჭიერ მოზარდს აღმოვაჩენთ. თვად განსაჯეთ, საქართველოში ფრენბურთი 1 425 სკოლამ აირჩია, როგორც აუცილებელი სასწავლო საგანი.

- საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა ინფრასტრუქტურაა.
- დიახ, ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ თბილისში დგას. საბედნიეროდ, დედაქალაქის ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, მამუკა ახვლედიანის დახმარებით, კიევის ქუჩაზე მდებარე ფრენბურთის დარბაზი დაგვიბრუნდა. იქ ქალაქის მერია კაპიტალურ რემონტს ატარებს და მალე შესანიშნავი სპორტული კომპლექსი გვექნება, სადაც ფრენბურთის თამაში 24 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ვფიქრობთ, საქართველოში ფრენბურთის შემდგომ განვითარებას ეს ფაქტი მნიშვნელოვნად წაადგება.

P.S
სასიხარულო ცნობა მოვიდა ლოზანიდან, სადაც ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციაა განლაგებული. საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ახვლედიანი პლაჟის ფრენბურთში ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის ტექნიკურ სუპერვაიზერად დაინიშნა.

"არ შეიძლება არ გაგიხარდეს ასეთ დიდ ნდობას რომ გიცხადებს ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაცია და საკუთარ წარმომადგენლად რომ გნიშნავს ამ მეტად მნიშვნელოვან ტურნირზე. 2002 წლიდან ვარ ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციაში, მსოფლიოში ფრენბურთის განვითარების კომისიის წევრი და ბუნებრივია კარგი კონტაქტებიც მაქვს. წინა წელს კლაგენფურტის ტურნირზე ასისტენტად მომიწია მუშაობა.

ჩვენი ფედერაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს ფრენბურთის მმართველ ორგანოებთან, რაც წარმატების მიღწევის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. პრაღის ტურნირზე, რომელიც 17-22 მაისს გაიმართება, პლანეტის საუკეთესო გუნდები ითამაშებენ. მათ შორის საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრები. სავარაუდოდ, ამ ტურნირს, ისევე როგორც წინა წლებში, ჩეხეთის პრეზიდენტი ეწვევა", - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.






.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბავშვის მიყვანა მინდა ფრენბურთზე და ვერ მივაგენი სად ვატარო იქნებ დამეხმაროთ
ეკა
18:38 11-11-2014
0
სდა
lasha
23:50 31-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული