სსაუ-თბილისს ჰაპოელი გამოცდის

AutoSharing Option
გუშინ სტარტი აიღო ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასის გათამაშებამ, რომელშიც ძალებს `საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი-თბილისის~ გაერთიანებული გუნდიც მოსინჯავს. დედაქალაქელები ისრაელს გაემგზავრნენ და 5-6 სექტემბერს რიშონ ლე ციონის `ჰაპოელს~ დაუპირისპირდებიან. პირველი რაუნდის ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე გავა. სამწუხარო ტრადიციისამებრ, ჩვენი გუნდი ორივე პაექრობას სტუმრად გამართავს, რაც მასპინძლებს საბოლოო წარმატების დიდ შანსს აძლევს.
ევროტურნირებში ქართულ გუნდებს სხვა დროსაც უთამაშიათ, მაგრამ პირველი რაუნდის გადალახვა მხოლოდ ერთადერთხელ მოახერხეს: შარშან ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასის გათამაშებაზე `თბილისმა~ კვიპროსის `პაფოსს~ სტუმრად სძლია 33:30, 32:25; სამაგიეროდ, პორტუგალიის
`ბენფიკასთან~ ორჯერ დამარცხდა _ 21:34, 25:29 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

საგულისხმოა, რომ თბილისელები რიშონ დე ციონში `მაქაბისთან~ საპაექროდ 2008-2009 წლების სეზონშიც უნდა ჩასულიყვნენ, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ მოახერხეს და ორივე მატჩში წაგება ჩაეთვალათ.

ისრაელში გამგზავრების წინ გუნდის მთავარ მწვრთნელ მამუკა მჟავანაძეს ვესაუბრეთ, რომელმაც გვითხრა, რომ `სსაუ-თბილისს~ საწვრთნელი შეკრება არ გაუვლია. უბრალოდ, ამ მატჩისთვის ერთი თვის განმავლობაში აგრარული უნივერსიტეტის დარბაზში ვარჯიშობდა. მზადების პერიოდში გუნდს დაემატნენ პერსპექტიული ახალგაზრდა მოთამაშეები _ ფოთიდან ჯუმბერ ხუნჯუა და სამტრედიიდან გიგა კიკნაძე, `სსაუ-თბილისს~, ასევე, შემოუერთდნენ აკაკი ტალახაძე ირანიდან და ირაკლი ღაღანიძე _ საბერძნეთიდან. სამწუხაროდ, არის დანაკლისიც: ალექსანდრე ლობჟანიძემ, რომელიც ესპანეთის მე-2 დივიზიონის გუნდიდან ერთი წლით იყო შინ დაბრუნებული, ისევ პირენეის მიაშურა; ვანო ქარდავა თურქეთის `ტრაბზონსპორში~ იმყოფება გასინჯვაზე; რაც შეეხება გამოცდილ მოთამაშეს _ ლევან გელაშვილს, ფილტვების ანთების შემდეგ მან ფიზიკური კონდიციების აღდგენა ვერ მოასწრო. სავალალოა ისიც, რომ უფულობის გამო ისრაელში 14-ის ნაცვლად 12 ხელბურთელი გაემგზავრა. საეჭვო იყო გუნდის ექიმის წაყვანაც (!), მაგრამ კეთილი ადამიანების თანადგომით ეს პრობლემა დროულად მოგვარდა. ამდენად, 5 და 6 სექტემბერს `ჰაპოელს~ `სსაუ-თბილისი~ ასეთ შემადგენლობით დაუპირისპირდება: ოთარ ამირანაშვილი, კორნელი ანდრიაძე, ირაკლი ღაღანიძე, ალექსანდრე გონჩაროვი, გიორგი იობაშვილი, აკაკი ყაველაშვილი, გიგა კიკნაძე, უჩა მაისურაძე, ირაკლი თევზაძე, ლექსო წითელაშვილი, გიორგი წივწივაძე, ჯუმბერ ხუნჯუა, აკაკი ტალახაძე, მთავარი მწვრთნელი მამუკა მჟავანაძე, მწვრთნელი ტიტე კალანდაძე.

`ჰაპოელის~ შემადგენლობაში ხუთი ლეგიონერია. მათ შორის გამორჩეულია ორმეტრიანი რუსი დენის ზახაროვი, რომელსაც ოთხი წელიწადი გერმანიის ბუნდესლიგაში `გუმერსბახის~ შემადგენლობაში აქვს ნათამაშები, შარშან ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასიც მოიპოვა. გუნდში საიმედო ძაოლას წარმოადგენენ უკრაინელი დმიტრო დოროშჩუკი და ლიტველი გედვილდას ალგერიდასი.
_ მეტოქის თამაშები არ გვინახავს, მაგრამ `ჰაპოელის~ ძალაზე ლეგიონერებითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ყოველივეს მიუხედავად, ისრაელში ოპტიმისტური განწყობით მივემგზავრებით. შარშან მსგავს შეჯიბრებაში პირველი რაუნდი გადავლახეთ. ბიჭები ახლაც ისე არიან მონდომებულნი, წარმატებისთვის არაფერს დაიშურებენ, _ გვითხრა მამუკა მჟავანაძემ.

პირველი მატჩი ხვალ ისრაელის დროით 19 საათზე დაიწყება. შეხვედრას კვიპროსელი გეორგიოს პანაიდისი და მარიოს ანდრეუ იმსაჯებენ. დელეგატია სომეხი არსენ მხითარიანი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული