ჩემპიონები იგივენი - ნორვეგიის ქალთა და საფრანგეთის კაცთა ნაკრებები არიან

AutoSharing Option
ხელბურთში პეკინის შემდეგ არაფერი შეცვლილა. ყოველ შემთხვევაში, ჩემპიონები იგივენი - ნორვეგიის ქალთა და საფრანგეთის კაცთა ნაკრებები არიან.

ნორვეგიელთა მეტოქე ოლიმპიური თამაშების დებიუტანტი ჩერნოგორიის ნაკრები იყო, რომლისთვისაც ფინალში გასვლა უკვე დიდი წარმატებაა.

ჩერნოგორიელები, უწინარესად, დაცვაში უშეცდომო, თუმცა უხეში თამაშით გამოირჩეოდნენ. სწორედ ამიტომ იყო, რომ ფინალურ მატჩში ერთი ხანობა ნორვეგიელებს მოედანზე ორი ხელბურთელით მეტი ჰყავდათ.

პირველი ტაიმი ნორვეგიელებმა საუკეთესო მეგოლის, ლინ სალანდის შორეული, უძლიერესი დარტყმების წყალობით 13:10 მოიგეს.

საბოლოოდ კი მის ანგარიშზე ათი გოლია. ჩერნოგორიელებმა იმდენი მოახერხეს, რომ შესვენების შემდეგ სალანდი დაამტვრიეს,
რის გამოც გარკვეული დრო ის თამაშს გამოეთიშა. სამაგიეროდ, მძლავრად ამოქმედდა მათი მეგოლე კატარინა ბულატოვიჩი, რომელმაც ასევე ათჯერ დალაშქრა მეტოქის კარი.

სალანდი მოგვიანებით მოედანს დაუბრუნდა და მასთან ერთად ნორვეგიელებმა ლამაზი გამარჯვება მოიპოვეს - 26:23.

"ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. ჩემმა გუნდმა აჩვენა, რომ მსოფლიოში საუკეთესოა. ვიცოდით, რომ ოლიმპიური ოქროს ზედიზედ მეორედ მოგება ძალიან გაგვიჭირდებოდა. ჯგუფურ ტურნირზე პატარა ჩავარდნაც გვქონდა, თუმცა გულის სიღრმეში გვჯეროდა, რომ ფინალში მაინც გავაღწევდით.

ჩერნოგორია ღირსეული გუნდია, მან დაიმსახურა ფინალში თამაში და ნამდვილი ბრძოლა გაგვიმართა." - თქვა ნამატჩევს ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტორირ ჰერგეირსონმა.

ბრინჯაოს მედალი კი ესპანეთის ქალთა გუნდს ხვდა წილად, რომელმაც პეკინის ოლიმპიადაზე ამავე სინჯის მედლის მფლობელი სამხრეთ კორეის ნაკრები დაამარცხა - 31:29.

* * *
კაცთა შორის ფინალში საფრანგეთის ნაკრებს მეტოქე გაცილებით სერიოზული ჰყავდა. შვედეთის ნაკრები მსოფლიოს ხელბურთის ერთ-ერთი მოწინავე გუნდია. მისთვის ეს მატჩი ისტორიაში მეოთხე ოლიმპიური ფინალი იყო. საკვირველია, მაგრამ შვედებმა ოთხივეში მარცხი განიცადეს.

საფრანგეთის ნაკრებმა ფინალში ზედმიწევნით ყურადღებით ითამაშა. შვედებმა ოლიმპიურ ჩემპიონებს მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა პირველი ტაიმის საწყის 15 წუთში გაუწიეს. ამ დრომდე თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა. მერე ფრანგებმა "აიშვეს" და სამი ბურთით დაწინაურდნენ, თუმცა ტაიმი "ლე ბლომ" მხოლოდ ორი ბურთით მოიგო - 10:8.

შესვენების შემდეგ მოედანზე არაფერი შეცვლილა. ფრანგები მეტოქეს თავიანთ თამაშს კარნახობდნენ და შვედებმა მაქსიმუმი რაც მოახერხეს. ანგარიშში სხვაობის მინიმუმამდე შემცირება იყო - 21:22.

ყველაზე შედეგიანი მატჩში შვედეთის ნაკრების 23 წლის ლიდერი ნილკას ეკბერგი იყო - მან მეტოქის კარი ექვსჯერ დალაშქრა. ფრანგთა მეგოლე მიშელ გიგუ მას ერთი ბურთით ჩამორჩა.

მესამე ადგილისთვის მატჩში ესპანეთის ნაკრებმა იოლად სძლია უნგრეთის ეროვნულ გუნდს 33:26 და ოთხი წლის წინათ, პეკინში ნაჩვენები შედეგი გაიმეორა.

კაცები
მე-3 ადგილისთვის
ხორვატია-უნგრეთი 33:26 (19:14)
ხ: კუპიჩი (8), ლაკოვიჩი (7), დუვნიაკი (6), შტრლეკი (5).
უ: ჰარსანი (7), ნადი (6), პუტიჩი (5).

ფინალი
საფრანგეთი-შვედეთი 22:12 (10:8)
ს: გიგუ (5), ბარაშე (4), ნარცისი (4), აბალო (4).
შ: ეკბერგი (6), ლარჰოლმი (5).

ქალები
მე-3 ადგილისთვის
ესპანეთი-ს. კორეა 31:29 (2ო) (13:13)
ე: ფერნანდეს მოლინო (5), ალბერტო ფრანსისკანი (5), ფერნანდეს იბანიესი (4), კუდრადო დეესა (4), მანგე გონსალესი (4), აგილარ დიასი (4).
კ: გვონი (7), იო (5), ვუ (4), რიუ (4), ჩოი (4).

ფინალი
ნორვეგია-ჩერნოგორია 26:23 (13:10)
ნ: სულანდი (10), ალსტადი (5).
ჩ: ბულატოვიჩი (10), პოპოვიჩი (5).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული