მტკვარზე კანოეთი და ბაიდარათი

AutoSharing Option
ნავებით სახურავდახუნძლული და მოზარდებით პირამდე სავსე მიკროვატობუსი მძიმედ დაიძრა ადგილიდან. მასპინძლებმა სტუმრები ტაშით გააცილეს. მანქანამ თუხთუხით აირა პატარა აღმართი, მარჯვნივ გაუხვია და გეზი დუშეთისკენ აიღო.

- მიხარია, რომ დუშელი ახალგაზრდები მასობრივად ჩაებნენ ნიჩბოსნობაში. განსაკუთრებით ბაიდარა და კანოე იზიდავთ. ამ შეჯიბრებაზე მათ 13 საპრიზო ადგილი დაიკავეს. მჯერა, რომ ხვალ და ზეგ ამ გოგო-ბიჭების მონახვეჭი შალვა მუსოევის ხელმძღვანელობით უფრო ხვავრიელი იქნება, - მითხრა ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ვიტალი გრძელიშვილმა საქართველოს საშემოდგომო ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ.

შეჯიბრება გასულ უქმეებზე მცხეთის შესასვლელთან მტკვარზე გაიმართა
ორ ასაკობრივ ჯგუფში თბილისის, მცხეთის, დუშეთის, რუსთავის, ქუთაისის, ფოთისა და სომხეთის 100-მდე წარმომადგენლის მონაწილეობით. განსაკუთრებით თბილისელმა ბადრი ყაველაშვილმა იყოჩაღა, რომელმაც სამი ოქროს მედალი მოიპოვა. ორ-ორი ოქროთი დაბრუნდნენ შინ დუშელი ეკა შაბურიშვილი და მცხეთელი ზაზა ნადირაძე.

- საშემოდგომო ჩემპიონატი წლევანდელი სეზონის შემაჯამებელი შეჯიბრება იყო, - მითხრა ვიტალი გრძელიშვილმა. - ორმაგად სასიამოვნოა, რომ საგრძნობლად გაიზარდა მოასპარეზე გოგონების რიცხვი. საბოლოო შედეგებით მინდა გამოვყო ზაზა ნადირაძე, რომელმაც ბაიდარაში პირველი ადგილები უკონკურენციოდ დაიკავა. იგი წლეულს ორ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირშიც მონაწილეობდა.

ბრანდებურგში (გერმანია) ოცწლამდელთა მსოფლიოს პირველობაზე მე-13 ადგილი დაიკავა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ასეთ მნიშვნელოვან შეჯიბრებაზე ჩვენებურთაგან ასე წარმატებით არავის უასპარეზია.

ზაზა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატზე სეგედში (უნგრეთი) მე-15 იყო, არადა, A ფინალში მოსახვედრად წამის მეასედები არ ეყო, 9 საუკეთესოში გასვლით კი ლონდონის ოლიმპიადის საგზურს დაიბევებდა. თუმცა, ნადირაძეს ბრიტანეთის დედაქალაქში გამგზავრების შანსი არ დაუკარგავს: მაისში ორი სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირი გაიმართება პოლონეთსა და რუსეთში. ამ შეჯიბრებებზე ჩვენს ნიჩბოსანს რეალური შანსი აქვს, რომ დიდი ხნის ოცნება აგვისრულოს - 2012 წლის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვოს. ზემდგომი ორგანოებიდან სათანადო ხელშეწყობა თუ იქნება, ზაზა ამ შეჯიბრებებისთვის 6 თვის განმავლობაში უკრაინელებთან მოემზადება.

წლეულს ეკა შაბურიშვილიც მონაწილეობდა 20-წლამდელთა მსოფლიოს პირველობაში და 21-ე ადგილით დაკმაყოფილდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი 34-ე იყო. სამომავლოდ ბადრი ყაველაშვილის იმედიც გვაქვს. იგი ჯერ მხოლოდ 15 წლისაა, მაგრამ ბრანდებურგში მსოფლიოს პირველობაზე ჰქონდა დებიუტი. 4-5 წლით უფროსებთან პაექრობაში მე-20 ადგილზე მაინც გავიდა. შესაბამისი დახმარების შემთხვევაში სამივე ნიჩბოსანს შეუძლია საერთაშორისო სარბიელზე თავი გამოიჩინოს.

- საქართველოს საშემოდგომო ჩემპიონატზე აზერბაიჯანელებსაც უნდა ეასპარეზათ.
- ობიექტური მიზეზებით მათ ჩამოსვლა ვერ მოახერხეს, სამაგიეროდ, თავად მიგვიწვიეს მინგეჩაურში სეზონის დახურვისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. შეჯიბრებაზე 4 ნოემბერს 14-კაციანი დელეგაციით  გავემგზავრებით.

არიჯან გასპარიანი, სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: - მეოთხე წელიწადია, აქ ჩამოვდივართ. ამჯერად 18 სპორტსმენი ჩამოვიყვანეთ. ნაკრები გუნდებისთვის ახალ წევრებს ვარჩევთ. ძლიერი ახალგაზრდა ნიჩბოსნები გყავთ და მათთან პაექრობაში ოსტატობას იმაღლებენ.თქვენი ფედერაციის მადლობელი ვართ, რადგან კარგ პირობებს გვიქმნიან. ქართველებიც ხშირად გვსტუმრობენ. ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ წინსვლაში.

კვარცხლბეკი
1998-2000 წლებში დაბადებულნი:
200 მ. ერთადგილიანი ბაიდარა. გოგონები. 1. ნინო ჯიქურაული (დუშეთი), 2. ელიზა სირბილაძე (ქუთაისი), 3. ნინო ჩხუტიაშვილი (დუშეთი). ბიჭები. 1. თემურ შუკაკიძე (რუსთავი), 2. გიორგი გრძელიშვილი (ქუთაისი), 3. ნიკა ლაზვიაშვილი (დუშეთი). ერთადგილიანი კანოე. 1. მირზა უშიკიშვილი, 2. ბორის უშიკიშვილი, გელა გულიაშვილი (სამივე-დუშეთი).

1997 წელს და უფრო ადრე დაბადებულნი: 200 მ. ერთადგილიანი ბაიდარა. გოგონები. 1. ეკა შაბურიშვილი, 2. თეონა შაბურიშვილი (ორივე-დუშეთი), 3. ანა გვილავა (მცხეთა). ვაჟები. 1. ბადრი ყაველაშვილი (თბილისი), 2. გიორგი მარტოლეკი (მცხეთა), 3. არცერუნ მისაკიანი (სომხეთი). კანოე. 1. ზაზა ნადირაძე (მცხეთა), 2. გიორგი ჭინჭარაშვილი (დუშეთი), 3. იშხან ნადარიანი (სევანი). ორადგილიანი ბაიდარა. 1. ვლადიმირ ალავერდიანი, აიკ ვოსკანიანი (სომხეთი), 2. ემზარ კიკალიშვილი, გიორგი გოგელაშვილი (ქუთაისი), 3. რატი ტუღუში, ლაშა კვაჭაძე (ფოთი). ორადგილიან კანოე. 1. ვარლამ ნადირაძე, ვასილ პესტოვი (მცხეთა), 2. ნიკა კუცია, რევაზ რიჟამაძე (რუსთავი), 3. ედგარ ბაბაიანი, დავით გრიგორიანი (სომხეთი).

500 მ. ერთადგილიანი ბაიდარა. გოგონები. 1. ეკა შაბურიშვილი, 2. თეონა შაბურიშვილი (ორივე-დუშეთი), 3. ანა გვილავა (მცხეთა). ვაჟები. 1. ბადრი ყაველაშვილი (თბილისი), 2. გიორგი მაროლეკი (მცხეთა), 3. ვლადიმირ ალავერდიანი (სომხეთი). ერთადგილიანი კანოე. 1. ზაზა ნადირაძე (მცხეთა), 2. აიკ არაქელიანი (სევანი), 3. გიორგი ჭინჭარაშვილი (დუშეთი). ორადგილიანი ბაიდარა. 1. ბადრი ყაველაშვილი, გიორგი ტაბატაძე (თბილისი-ფოთი), 2. არცერუნ მისაკიანი, ვლადიმირ ალავერდიანი (სომხეთი), 3. ემზარ კიკალიშვილი, გიორგი გოგელაშვილი (ქუთაისი), ორადგილინი კანოე. 1. გიორგი შაბურიშვილი, გიორგი ჭინჭარაშვილი (დუშეთი), 2. ვარლამ ნადირაძე, ვასილ პესტოვი (მცხეთა), 3. აიკ არაქელიანი, იშხან ნადარიანი (სევანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული