ევროპელ ახალგაზრდებს თბილისი შეკრებს

AutoSharing Option
განვლილი წელიწადი ქართული წყალბურთისთვის ფრიად მნიშვნელოვანი იყო, თუნდაც მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე: 1993 წელს დაბადებულ წყალბურთელთა ნაკრებმა (მთავარი მწვრთნელი რევაზ ჩომახიძე) წარმატებით დაძლია შესარჩევი ტურნირი და ფინალურ ეტაპზე მოხვდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ლიგამუსმა" თბილისის საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" გამართული ევროლიგის პირველი ეტაპი გადალახა და მეორე რაუნდში მონაწილეობის უფლება მიიღო; ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 18 საუკეთესო გუნდში მოხვდა, მაგრამ დასკვნითი ეტაპისკენ მიმავალი გზა ორრაუნდიან მატჩში უფრო გამოცდილმა და ევროელიტაში შემავალმა რუმინელებმა გადაუკეტეს.

რაც შეეხება ჭაბუკ წყალბურთელებს, სერბეთის ღია პირველობაზე თანატოლებთან პაექრობაში ნახევარფინალამდე მიაღწიეს.

სწორედ, ამ წარმატებებზე ითქვა გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, სადაც წყალბურთელებმა განვლილი სეზონი შეაჯამეს. მასმედიის წარმომადგენელთა წინაშე წარსდგნე საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ბითაძე, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ნიკოლაიშვილი, ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რევაზ ჩომახიძე და სპორტის მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური.

ალექსანდრე ბითაძე: "წარმატებული სეზონი გვქონდა და ეს შესაძლებელი გახდა სახელმწიფოს, თბილისის მერიის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის სამინისტროს თანადგომითა და დახმარებით. თუნდაც ის რად ღირს, რომ სამი წლის წინათ წყალბურთში თუ სამასამდე მოზარდი ვარჯიშობდა, დღეს მათი რიცხვი 1200-მდე აღწევს. საკმაოდ ამაღლდა ქართული წყალბურთის საერთაშორისო პრესტიჟიც. დასტურად ისიც გამოდგება, რომ ევროპის საწყლოსნო სახეობათა ფედერაციამ 9 ქვეყანას შორის გამოგვარჩია და ახალგაზრდა წყალბურთელთა კონტინენტის 2014 წლის პირველობის ფინალური ეტაპის მასპინძლობა გვანდო, სადაც 16 გუნდი იასპარეზებს.

მომავალი სეზონიც საინტერესო და დაძაბული იქნება, განსაკუთრებით მოზარდებისთვის. 1995-1996 წლებში დაბადებულთათვის სახელოვანი წყალბურთელის ნოდარ გვახარიას თასის მე-2 გათამაშებას ვუმასპინძლებთ. ამ საერთაშორისო ტურნირზე 4 ან 6 გუნდი იასპარეზებს. ყაზახებმა და თურქებმა უკვე გამოთქვეს სურვილი, სხვებისგანაც ველით პასუხს.

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, აქ აუცილებლად მოხდება გადახალისება. ამ პროცესის დაჩქარება ახალგაზრდული გუნდის ევროპის პირველობაზე გამოსვლის შედეგზეა დამოკიდებული. იანვარში ჰოლანდია ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს, რომელშიც 12 გუნდი იასპარეზებს, იქიდან საუკეთესოები კანადაში ლონდონის ოლიმპიური თამაშების საგზურებისთვის იბრძოლებენ, ამიტომ 2012 წლის 3-4 თვის განმავლობაში საერთაშორისო ტურნირები შეზღუდული იქნება. აქედან გამომდინარე ჯერჯერობით ის ვიცით მხოლოდ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ივნისში თბილისის თასზე გამოვა, სადაც 3 ან 5 უცხოური გუნდის მონაწილეობაც იგეგმება".

რევაზ ჩომახიძე: "ჩვენთვის სასიამოვნო ის არის, რომ საქართველოში წყალბურთის გეოგრაფია იზრდება: გაისად 1996-1997 და 1998-1999 წლებში დაბადებულთა საქართველოს პირველობებზე თბილისელებთან ერთად ქუთაისელი, ბათუმელი და საჩხერელი მოზარდებიც გამოვლენ. 1993-1995 წლებში დაბადებულ წყალბურთელთა ნაკრები მარტში ევროპის პირველობის შესარჩევ ეტაპზე მოსინჯავს ძალებს. სად და ვისთან პაექრობაში, ეს იანვარ-თებერვალში გაირკვევა. თუ ამ ეტაპს გადავლახავთ, სექტემბერში დასკვნით სტადიაზე საფრანგეთში გავემგზავრებით.

ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები ჩვენი სახეობისადმი სერიოზულ ინტერესს იჩენენ. შეიძლება ითქვას, რომ მოდის თაობა, რომელსაც ქართული წყალბურთის უწინდელი ტრადიციების აღდგენა შეუძლია. ეს კი გარკვეულწილად სამომავლო წარმატებების წინაპირობაა".

დავით ნამგალაური: "სწორი ნაბიჯი გადავდგით, როცა წყალბურთის განვითარებაზე ზრუნვა სერიოზულად დავიწყეთ და ამ საქმეში ჩავრთეთ გამოცდილი ვეტერანი წყალბურთელები, რომლებიც სპორტის ამ სახეობის გასავითარებლად სერიოზულად ზრუნავენ. ახალგაზრდების ევროპის 2014 წლის პირველობის მასპინძლობის უფლების მოპოვებაც გარკვეულწილად ამის შედეგია. ამიტომაც სახელმწიფოს მხრიდან ქართული წყალბურთის თანადგომა და დახმარება აუცილებლად გაგრძელდება".

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული