"ოლიმპიკში" 30 მარტს საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ჩემპიონატი დაიწყება

AutoSharing Option
საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" 30 მარტს დაიწყება საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ჩემპიონატი, რომელშიც ექვსი გუნდი იასპარეზებს.

შარშანდელ პირველობაში ოთხი მონაწილეობდა. ოქროს მედალი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საწყლოსნო კლუბმა "ლიგამუსმა" მოიპოვა; მეორე ადგილზე "თბილისი" გავიდა; ბრინჯაოს მედალი ერგო "ივერიას", რომელიც 1993-94 წლებში დაბადებულთა საქართველოს ნაკრების წევრებით (მწვრთნელი რევაზ ჩომახიძე) იყო დაკომპლექტებული; მეოთხე ადგილი "ზვიგენებს" ერგო.

წელს ამ კვარტეტს ორი გუნდი დაემატება - "ბათუმი" და საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები (1995 წელს და უფრო გვიან დაბადებულნი), რომელსაც სერბი სპეციალისტი იოვან პოპოვიჩი ავარჯიშებს.

ამას წინათ ჩვენი ბიჭები ნოვი
სადსა და ბელგრადში იყვნენ საწვრთნელ შეკრებაზე და თანატოლებთან ოთხი შეხვედრაც გამართეს: ორი მატჩი მოიგეს, ერთი ორთაბრძოლა ფრედ დაამთავრეს, ერთი წააგეს და მასპინძელთა შექებაც დაიმსახურეს.

პოპოვიჩის შეგირდები 6-8 აპრილს "ოლიმპიკის" საცურაო აუზში სახელოვანი წყალბურთელის, ოლიმპიური თამაშების პრიზიორის - ნოდარ გვახარიას თასზე იასპარეზებენ. ეს საერთაშორისო ტურნირი თბილისში მეორედ ჩატარდება. ქართველები თურქებს, ყაზახებსა და ბელარუსებს დაუპირისპირდებიან.

30 მარტს კი ეროვნული ჩემპიონატის პირველ ტურში ითამაშებენ: "ივერია"-"თბილისი", ჭაბუკთა ნაკრები-"ბათუმი", "ზვიგენები"-"ლიგამუსი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული