სადებიუტო ბრინჯაო მომავლის გუნდით

AutoSharing Option
ჭაბუკ წყალბურთელთა (1998 წელს დაბადებულთა და უმცროსი ასაკის) შორის ახლახან დასრულებულ საქართველოს ჩემპიონატში ქუთაისის გუნდმა, რომელსაც დამსახურებული მწვრთნელი გიორგი ქუთათელაძე წვრთნის, მესამე ადგილი დაიკავა.

ბრინჯაოს მედალოსნებს ქუთაისის მერი გია თევდორაძე შეხვდა და მათ წარმატება მიულოცა. ერთი შეხედვით, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და ქუთაისელ წყალბურთელთა მიერ ჭაბუკთა შორის მოპოვებული მესამე ადგილი ჩვეულებრივ მოვლენაა, მაგრამ, თუ გავითვალიწინებთ, რომ ქუთაისში წყალბურთის გუნდი 18 წელიწადი არ არსებობდა და 1998 წლიანებისთვის წლევანდელი პირველობა სადებიუტო იყო, მათი წარმატება მართლაც დასაფასებელია.

გვესაუბრება ქუთაისის მთავარი მწვრთნელი გიორგი ქუთათელაძე.

-
საქართველოს 2012 წლის ჩემპიონატი თებერვალში დაიწყო, სადაც ორ ასაკობრივ ჯგუფში 19981999 და 19961997 წლიანებში გამოვდივართ.

დიდებში ტურნირი ჯერ ისევ მიმდინარეობს. პატარებში კი ბრინჯაოს მედალოსნები გავხდით. ქვეჯგუფში მეორე ადგილზე გავედით და პლეი ოფში თამაშის უფლება მოვიპოვეთ. ნახევარფინალში "ლიგამუსი 1" დავუპირისპირდით. მსაჯების არაობიექტურობის გამო, რომლებმაც ჩვენს კარში ორი პენალტი დანიშნეს, მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა და დამატებითში დავმარცხდით.

მსაჯების მიმართ უკმაყოფილებას არ მალავთ, თუმცა ნებისმიერმა წაგებულმა გუნდმა შესაძლოა წაგება მსაჯობას გადააბრალოს...
ეს ჩემი ახირება არ არის და უსამართლობას ვერ შევეგუები. ეს აღნიშნა ფედერაციის ხელმძღვანელობამაც, მსაჯთა კოლეგიამაც და ყველამ, ვისაც წყალბურთის ელემენტარული წესები მაინც გაეგება. სამწუხაროა, რომ მსაჯების არაობიექტურობის გამო დავმარცხდით, თუმცა რაც მოხდა, მოხდა. შემდეგ მესამე ადგილისთვის "ივერია" 2 დავამარცხეთ 2:1. მე3 ადგილი არ თუ ისე ცუდი შედეგია ახალი ჩამოყალიბებული გუნდისთვის.

- ეს პირველი ტურნირი იყო ამ გუნდსთვის?
- დიახ, ამ ასაკითვის პირველი ჩემპიონატი იყო. მანამდე რამდენიმე ბავშვი თამაშობდა უფროს ასაკში, თუმცა ამ შემადგენლობისთვის პირველი შეჯიბრება იყო. საერთოდაც, ქუთაისში მხოლოდ წელიწადნახევრის წინ დაიწყო წყალბურთის აღორძინება. ამ ასაკში ჩვენი მეკარე გიორგი კუჭუხიძე საუკეთესო გოლკიკიპერად აღიარეს. ნამდვილად ბრწყინვალედ ითამაშა, რაც სპეციალისტებმაც აღნიშნეს. ალბათ, მას ჭაბუკთა ნაკრებშიც გამოიძახებენ, რომელიც ამ ზაფხულში ჩამოყალიბდება. ძალიან კარგი წყალბურთელია ცენტრალური თავდამსხმელი მიხეილ გვენცაძე, ასევე დათო ცხაკაია. სხვებიც პერსპექტიული ბავშვები არიან, რომლებსაც იმედის თვალით ვუყურებთ.

- 19961997 წლიანებში რა მიზნებს ისახავთ?
-დიდებში ჩემპიონატი ისევ მიმდინარეობს. 20 აპრილს დედაქალაქის "თბილისს" შევხვდებით და პირველ წრეს ამით დაამთავრებთ. ამჟამად მე-5 ადგილზე ვართ, მაგრამ შევეცდებით, რომ მეორე წრეში უფრო წარმატებით ვითამაშოთ და საპრიზო ადგილზე გავიდეთ.

- სავარჯიშო პირობებზე რას გვეტყვით. გადაიჭრა ქუთაისში საცურაო აუზის პრობლემა?
დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე, მაქსიმუმს ვაკეთებთ. აუზი არის, მაგრამ იქ ისეთი დრო გამოგვიყვეს (2 დან 4 საათამდე), როცა ბავშვები სკოლაში არიან. ძალიან დიდ პრობლემებს ვაწყდებით სასწავლო დაწესებულებეთან და მშობლებთან. აუზი "ვისოლის" საკუთრებაა. მისი ხელმძღვანელობის მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, ბავშვებს ვარჯიშის საშუალება მაინც აქვთ, თუმცა კერძო ბიზნესია და ალბათ, არ სიამოვნებთ, ჩვენი იქ ყოფნა. საწყლოსნო სპორტის განვითარებისთვის გაცილებით მეტია საჭირო.

- როგორც ვიცით, ქუთაისში ახალი აუზის აგებაზეცაა ლაპარაკი...
- ქალაქის ხელმძღვანელობა შეგვპირდა და ბიუჯეტშიც ჩადებულია თანხა. ქალაქის მერმა ჩვენთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ სულ მალე ქუთაისს ოლიმპიური სტანდარტების ახალი საცურაო აუზი ექნება. ეს პროექტი რომ განხორციელდება, შემიძლია თამამად დავპირდე ჩემს თანაქალაქელებს რომ, კარგ გუნდებსაც ჩამოვაყალიბებთ და სერიოზულ შედეგებსაც მივაღწევთ. საქართველოს ნაკრებსაც მაღალი რანგის წყალბურთელებს მივაწვდით.

- თქვენთან ერთად გუნდის სამწვრთნელო შტაბში ვინ მუშაობს?
- ვეტერანი წყალბურთელები მიხეილ ლომთაძე და გიორგი მამისეიშვილი, რომლებსაც ძალიან კარგი კარიერა ჰქონდათ. ენერგიული მწვრთნელები არიან და თავდაუზოგავად შრომობენ. მეკარეების მომზადებაში გვეხმარება ლეგენდარული მიხეილ გიორგაძე, რომელიც ენთუზიაზმზე მუშაობს და მისი დამსახურებაა, რომ ჩვენს ორივე გუნდში ძლიერი მეკარეები არიან.

მადლობა მინდა მოვუხადო ასევე ჩვენს წყალბურთელებს, რომლებმაც გმირულად იბრძოლეს და პირველივე სეზონში პატარა წარმატებას მიაღწიეს. ფედერაციის გენერალურმა მდივანმა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების უფროსმა მწვრთნელმა რეზო ჩომახიძემ, რომელიც ბავშვობაში ქუთაისში თამაშობდა, აღნიშნა, რომ ამ გუნდში მომავალ ჩემპიონს ხედავს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული