ქართველმა ჭაბუკებმა აზიის ჩემპიონების ოცნებას ცივი შხაპი გადაასხეს

AutoSharing Option
საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" სტარტი აიღო ჭაბუკ წყალბურთელთა საერთაშორისო ტურნირმა სახელოვანი ქართველი სპორტსმენის, მელბურნის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსან და საბჭოთა კავშირის ჩემპიონ ნოდარ გვახარიას თასზე.

შეჯიბრებას შარშან ჩაეყარა საფუძველი. მაშინ მთავარი პრიზი საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა. ტურნირში წლეულსაც ოთხი გუნდი ჩაება - საქართველო, თურქეთი, ბელარუსი და ყაზახეთი. 6 აპრილს ორი მატჩი გაიმართა.

ბელარუსი-თურქეთი 9:16 (1:5, 3:2, 2:4, 3:5)
ბელარუსი: კისიალაუ, დანილკევიჩი, შაპურაო (2), პანინი, იერემჩუკი, შალამიტსკი (3), ტუმასი (1), სავჩუკი, კანივსკა, მარტსულევიჩი, ხრუპაშოვი, მელნიკი (1), შაკურა (2). მთავარი მწვრნთელი ფროლოვი
თურქეთი: ორდემისი, ქამალი,
იკრიზი (1), აზერი (2), ეიმსეკი (2), იამანი, ოგუზი, ბილენი, გონოლი (1), ალბაირაკი (5), ორბაკისი (4), გოლაკი (1), გუნუე, მთავარი მწვრთნელი ორპურაკი.

ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად თურქეთის ჭაბუკთა ნაკრებსაც მიიჩნევენ. ჩვენმა სამხრეთელმა მეზობლებმა ეს 6 აპრილს გამართულ მატჩშიც დაამტკიცეს.

პაექრობა მათი იერიშებით დაიწყო და მე-2 წუთზე ორბაკისმა ანგარიში გახსნა. მალევე ალბაირაკმა და გონოლმა კიდევ ორი ბურთი გაიტანეს.

პირველი პერიოდის დამთავრებამდე წუთ-ნახევრით ადრე ბელარუსებმა ერთი გოლი გაქვითეს, მაგრამ თურქებმა პირველ შესვენებამდე ოთხბურთიანი სხვაობის აღდგენა შეძლეს - 5:1.

სლავებმა მეორე რვაწუთიანი მონაკვეთი 3:2 მოიგეს, თუმცა მატჩის თავიანთ სასარგებლოდ შემობრუნება მაინც ვერ მოახერხეს და დამარცხებულებმა დატოვეს სარბიელი - 9:16.

საქართველო-ყაზახეთი 15:6 (5:1, 4:1, 4:2, 2:2)
საქართველო: იწკირველი, ჩიკვაიძე (1), რევია, იმნაიშვილი (1), გაბადაძე (3), ბითაძე (4), ჯახაია (3), თუხარელი, კახეთელიძე, ყაზახიშვილი (2), ჩომახაშვილი, კაკულია (1), ციხელაშვილი, მთავარი მწვრთნელი პოპოვიჩი.
ყაზახეთი: სუხოპაროვი, საფიულინი, იეშპაიევი, გოდოვანჩუკი (1), აუბაკიროვი, ბაბენკო, მუდრიკი (1), ბერბელიუკი (2), კარმანოვი, ჩერსანოვი, ალტაიევი (1), ცოი (1), კლიმანი, მთავარი მწვრთნელი კნეზევიჩი.

ყაზახეთში წყალბურთი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მიიჩნეოდა წამყვან სპორტის სახეობად. ახლაც ასეა. დასტურად ისიც გამოდგება, რომ მათი ეროვნული ნაკრები აზიის ორგზის ჩემპიონია.

უფროსებს არც ჭაბუკები ჩამორჩებიან, რომლებსაც ჩერნოგორიელი სპეციალისტი წვრთნის. შარშან მათაც კონტინენტის პირველობა მოიპოვეს და თბილისის ტურნირზეც დიდი ამბიციებით ჩამოვიდნენ, მაგრამ ასპარეზობის სტარტზევე შუააზიელთა ოცნებას ცივი შხაპი გადაესხა.

შეხვედრა მასპინძლების იერიშით დაიწყო და პირველსავე წუთზე ამ მატჩში შესანიშნავად მოთამაშე ანდრო ბითაძემ ანგარიში გახსნა. ყაზახები მაშინვე მოეგნენ გონს და სამი წუთის განმავლობაში რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს ინწკირველის კარს, ბერბელიუკმა წონასწორობაც კი აღადგინა.

თითქოს ამას ელოდნენო, ქართველმა წყალბურთელებმა აქედან დაიწყეს სტუმართა რბევა - პირველი პერიოდის დარჩენილ 4 წუთსა და მეორე რაუნდის 6 წუთში რვა უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს. შესვენებამდე წუთით ადრე მუდრიკმა მეორე ბურთი მოათავსა ჩვენს კარში - 9:2.

მატჩის მესამე-მეოთხე პერიოდები მეტი სიმწვავითა და დაძაბულობით გამოირჩეოდა, მეტოქეები ცდილობდნენ, უფრო რაციონალურად გამოეყენებინათ საგოლე მომენტები. ბოლო რვაწუთიან მონაკვეთში ქართველი წყალბურთელები მეტ ყურადღებას მეტოქეთა იერიშების გაუვნებელყოფას აქცევდნენ, ამიტომაც მე-4 პერიოდი ფრედ - 2:2 დამთავრდა. საბოლოოდ მასპინძლებმა დიდი ანგარიშით დაამარცხეს შუააზიელები - 15:6.

პირველი დღის ორთაბრძოლებმა დაგვარწმუნა, რომ მთავარი პრიზის მფლობელის ვინაობა 9 აპრილს, საქართველო-თურქეთის მატჩში (12.00 სთ) გადაწყდება.

7 აპრილს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: თურქეთი-ყაზახეთი (13.00), საქართველო-ბელარუსი (14.30).

ალექსანდრე კოტორაშვილის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან გთხოვთ, გაგვარკვიოთ ბოლოს და ბოლოს, ტურნირში ბელორუსი მონაწილეობს თუ ყაზახეთი.
zuxusha
08:28 08-04-2012
0

სიახლეები პოპულარული