ეროვნული ჩემპიონატი: "ლიგამუსი" იგებს და ლიდერობს

AutoSharing Option
საქართველოს წყალბურთელთა წლევანდელ ეროვნულ ჩემპიონატში ექვსი გუნდი ჩაება, მაგრამ პირველი ტურის შემდეგ შეჯიბრებას ჯერჯერობით ხუთი გუნდი შემორჩა, რადგან ბათუმელები უსახსრობის გამო თბილისში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ.

მეორე ტურის ორი შეხვედრის შესახებ უკვე ვწერდით. მესამე პაექრობაში ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონები - ლიგამუსელები და ბრინჯაოს პრიზიორი თბილისელები დაუპირისპირდნენ.

"თბილისი" - "ლიგამუსი" 8:9 (2:2, 2:1, 3:3, 1:3)
"თბილისი" - ნამორაძე, ქენქაძე (2), კოტარია, ბაბუნაშვილი, ლაითაძე (4), ყავლაშვილი (1), ქავთარაძე (1), ტუკვაძე, რაფავა, ჩერქეზიშვილი, ჩომახაშვილი, ალიბეგაშვილი, ლომიძე, მანძულაშვილი. მწვრთნელები - ი. ბაქრაძე, ნ. კინწურაშვილი.
"ლიგამუსი": ჭუმბურიძე,
თუხარელი, მანძულაშვილი, იმნაიშვილი, ბაქრაძე (1), ჩიკვაიძე (1), რუსიშვილი (1), გიორგაძე, გეგელაშვილი (1), ნიკოლეიშვილი (4), გაბადაძე, შენგელია, ბაღათურია. მწვრთნელი ვ. ისელიძე.

ორივე გუნდში საქართველოს ნაკრების წევრები თამაშობენ. თუმცა მათი უმრავლესობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის "ლიგამუსშია" თავმოყრილი. ამიტომაც ილიაუნელებს წლეულსაც ფავორიტებად მიიჩნევენ.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ისელიძემ გვითხრა: "პრინციპულ პაექრობაში "თბილისის" წინააღმდეგობის დაძლევა გაგვიჭირდება, რადგან ორი წამყვანი მოთამაშე გვაკლია - კაპიტანი რურუა ტრავმირებულია, ხოლო გეგელაშვილი წინა მატჩში აუზიდან გააძევეს შეცვლის უფლების გარეშე, რაც წითელ ბარათს ნიშნავს და ერთ მატჩს გამოტოვებს.

ყოველივეს მიუხედავად, ვეცდებით, წინა ტურებში მონაგარი ორი ქულით გავიმდიდროთ და ერთპიროვნული ლიდერობა შევინარჩუნოთ".

შეხვედრა მართლაც დაძაბული და დრამატული გამოდგა. მესამე წუთზე ანგარიში ყავლაშვილმა გახსნა. ორიოდე წუთში ლიგამუსელმა ნიკოლეიშვილმა წონასწორობა აღადგინა. პირველი პერიოდი ფრედ (2:2) დამთავრდა, ისევე, როგორც მესამე რვაწუთიანი მონაკვეთი (3:3). თბილისელებმა მე-2 პერიოდში იყოჩაღეს (2:1), ლიგამუსელებმა - მეოთხეში (3:1) და სწორედ მატჩის ბოლო წუთზე ზედიზედ გატანილი ორი გოლის წყალობით გათამაშების ცხრილში მორიგი გამარჯვება ჩაიწერეს.

ამავე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ "ივერია" და საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები. მე-4 პერიოდში, როცა შეხვედრას "ივერია" 8:5-ს იგებდა, მსაჯობით უკმაყოფილო ივერიელთა მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ჩომახიძემ გუნდი თამაშიდან მოხსნა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, გთავაზობთ საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ბითაძის კომენტარს:

- მეტად არასასიამოვნო ინციდენტის მოწმენი გავხდით. "ივერიის" მთავარ მწვრთნელს აშკარად ნერვებმა უმტყუნა.

ნორმალური და გასაგებია, როცა გუნდის მესვეურს მსაჯობის მიმართ პრეტენზიები აქვს, მაგრამ უკმაყოფილების გამოსახატავად ცივილიზებული წესი არსებობს - მატჩის შემდეგ წერილობით მიმართო სადისციპლინო კომისიას.

არა მგონია, ისეთი სახელოვანი წყალბურთელისთვის, როგორიც რევაზ ჩომახიძეა, ეს წესი უცნობი ყოფილიყო. გუნდის თამაშიდან მოხსნა, რბილად რომ ვთქვათ, ყოვლად მიუტევებელი შეცდომაა, რის გამოც "ივერიას" ჭაბუკთა ნაკრებთან ტექნიკური წაგება ჩაეთვალა 0:10, ისევე, როგორც ბათუმის გუნდს "თბილისთან" და "ზვიგენებთან", რადგან უსახსრობის გამო თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხა.

ტურის დამთავრების შემდეგ შეიკრიბა ფედერაციის სადისციპლინო კომისია, რომლის გადაწყვეტილებითაც, ჩომახიძე სამი მატჩითაა დისკვალიფიცირებული და ამ შეხვედრებს გუნდი უმისოდ გამართავს.

შეიძლებოდა სანქციები უფრო მკაცრიც ყოფილიყო, ანუ "ივერია" საერთოდ მოგვეხსნა ჩემპიონატიდან, მაგრამ გავითვალისწინეთ ის, რომ გუნდი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრებითაა დაკომპლექტებული. ამ ნაკრებს კი 24-27 მაისს თურქეთში ევროპის პირველობის შესარჩევი ტურნირი აქვს. ჩემპიონატიდან მოკვეთა კი ბიჭებს დააზარალებდა - მათ ხომ სათამაშო პრაქტიკა ჰაერივით სჭირდებათ...

წყალბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩები 11-12 მაისს, მე-4 ტურისა კი 18-19 მაისს გაიმართება. სატურნირო მდგომარეობა კი ასეთია: "ლიგამუსი" - 8, ჭაბუკთა ნაკრები - 6, "თბილისი", "ივერია" - 4-4, "ზვიგენები" - 2, ბათუმი - 0 ქულა.

Sportall.Geრედაქციისაგან: ვაჰ დრონი, დრონი...
85 წლის წინათ საქართველოს პირველი ჩემპიონატი წყალბურთში ბათუმში ჩატარდა. ეს შავიზღვისპირა კურორტი დიდხანს ითვლებოდა საქართველოში წყალბურთის ერთ-ერთ მძლავრ ცენტრად.

დღეს კი მსოფლიოს წინაშე ამ თავმომწონე ქალაქს ქვეყნის ეროვნულ ჩემპიონატში გუნდის თბილისში მოსავლინებლად თანხა ვერ გამოუძებნია. პარადოქსიც ამას ჰქვია!





ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული